არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას - კოორდინირებული მოქმედებაა რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა, იგივეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

„არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას. აქ კოორდინირებული მოქმედება არის, რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის. ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა. იგივეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე. ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები. „ედისონის“ და „ჰარისის“ ეგზიტპოლები. მანამდე გააყალბეს პივიტი, ოთხი წლის წინ, ახლა პივიტი ვეღარ გააყალბეს, მაგრამ გააყალბეს ორი ეგზიტპოლი. ეს არის რეალურად გაყალბებული 2024 წლის საარჩევნო პერიოდში. ოპოზიცია თვითონ აღიარებს მაღალ აქტივობას, რომ მოვიდა ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. პირდაპირ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი წარმომადგენლების ციტატები. მაგალითად, გახარიას პარტია - ჩვენი 161 600 ამომრჩეველი - ამას ამბობს პარტიის წარმომადგენელი. პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი არც ერთი ხმა არ გაყალბებულა. ასევე, ლელო ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აიღეს დაახლოებით 200 000 ხმა. არის დარჩენილი გაყალბებული ეგზიტპოლები, რომელიც ამბობს იმას, რომ არ გაგვიყალბებია „ლელოს“ და გახარიას ხმები, მაგრამ მარტო მიზანმიმართულად გავაყალბეთ „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ ხმები, რაც ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. ერთმანეთთანაც კი წინააღმდეგობა არსებობს ორ გაყალბებულ ეგზიტპოლს შორის. გაყალბებაშიც კი არ ჰქონდათ კოორდინაცია, რაც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს“ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში.

„არცერთ დასკვნაში არავითარი მტკიცებულებები არ დევს. თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა. მათ აქვთ აღიარებული, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ანუ 2 075 000 ამომრჩეველი რომ მივიდა საარჩევნო უბნებზე, ამას აღიარებს ყველა. ეს ერთი და მეორე, მაგალითად, გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს“ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში. ისინი საკუთარ შედეგებს სათითაოდ აღიარებენ. დანარჩენი ყველაფერი არის უშუალოდ სიყალბე. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, ჩახედეთ ISFED-ის დასკვნას, 25 ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული, როცა აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, სად არის რაიმე ფაქტი. არავითარი მტკიცებულება არ დევს. ISFED-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მისია. ISFED-ის დასკვნას ჩახედეთ, რომელსაც უწერია, რომ დააკვირდა დაახლოებით 700 000 ამომრჩეველს და დაადგინა ხმის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ხმის ფარულობის დარღვევის კუთხით არავითარ სისტემურ პრობლემას არ ჰქონია ადგილი. ხომ არის ეს მტკიცებულება, დანარჩენი ყველაფერი არის სიყალბე“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი ხედავს, რომ გარედან ვიღაცას სურს, ხელოვნურად გახლიჩოს  საზოგადოება.

 

“გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, რასაც ვხედავთ, გუშინდელი და გუშინწინდელი აქციები არის ამის გაგრძელება. ვიღაცებს არ სურთ, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას, საუბარია აქ მეხუთე კოლონაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე, გარეთ მათ პატრონებზე და ამის გამო ძალადობენ და აკეთებენ იმას, რაც ქართული კულტურისთვის სრულიად შეუფერებელია. ეს ძალადობა, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ, არ მოხდებოდა, რომ არა გარე ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. რაც ხდება, ეს არ არის ქარული კულტურისთვის შესაფერისი. ის დაპირისპირება, რაც არსებობს, რაც ხელოვნურად ღვივდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში, არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული, უცხოეთიდან დაფინანსებული. სწორედ ამიტომ გააპროტესტეს მათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმიტომ, რომ რევოლუციური პროცესები უნდოდათ, ბუნდოვნად დაფინანსებულიყო ჩვენს ქვეყანაში და გამჭვირვალობის კანონი გამოაცხადეს რუსულ კანონად. იმიტომ, რომ რაც ხდება, ეს ექსტრემიზმი, სისტემური ძალადობა, უნდა ყოფილიყო გაუმჭვირვალედ დაფინანსებული ჩვენს ქვეყანაში და მესამე რევოლუციის მცდელობა უნდა ჰქონოდათ სწორედ ამ შავი ფულით. ამიტომ აპროტესტებდნენ ამ კანონს ჯერ შარშან, მარტში და წელს ასევე მარტში, აპრილში და მაისში. საზოგადოების უმრავლესობა ამ ყველაფერს აფასებს სათანადოდ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ საზოგადოებამ მყარი ნდობა გამოგვიცხადა 26 ოქტომბრის არჩევნებში. საზოგადოება ხედავს, რომ გარედან ვიღაცას სურს, ხელოვნურად გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება. სამი წელია ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, ამიტომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, ამიტომ მოაწყეს რევოლუციის ორი მცდელობა, დაუპირისპირდნენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, უპირისპირდებიან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს და ა.შ. იმიტომ, რომ ვიღაცებს უნდათ, ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.