ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ხელოვნური შანტაჟით ამყოფეს პოლარიზაციის პირობებში და ამას სჭირდება რეაგირება.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი ფორმით შეკრების უფლება და ეს უფლება თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არ აქვს საფუძველი ერთი მარტივი მიზეზის გამო - რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. ჩვენ წელიწადნახევარი ვეხვეწებოდით მათ, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით უარს კანდიდატის სტატუსზე? ვინმემ განმარტა, ოდესმე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არავინ განმარტა. როცა ამ ყველაფერს მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებიან. ეს ხომ არის განსამარტი, საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ევროპარლამენტმა მიიღო 5 რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, ომის დაწყებიდან დღემდე, გააქტიურდნენ ომის დაწყების შემდეგ და ხუთივე რეზოლუციის შინაარსი მოგეხსენებათ, რომ ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას ციხეებიდან, საუბარი იყო კრიმინალების მფარველობაზე, ითხოვდნენ მმართველი გუნდის ლიდერების დასჯას, გაუგონარი ჩანაწერებია თითოეულ ამ რეზოლუციაში, უსამართლობის მწვერვალია თითოეული ეს რეზოლუცია. ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა იყოს კითხვები დასმული. საქართველოს რომ არ აქვს გახსნილი დღეს მოლაპარაკებები და რომ აქვს გახსნილი მოლდოვას, ამასთან დაკავშირებით რატომ არ ისმის კითხვები საჯაროდ, ამ ადამიანებს რატომ არ აქვთ ეს კითხვები. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ცოტა ხნის წინ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განაახლონ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გახსოვთ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება დსთ-ს წევრად. ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური და სწორედ ამ უსამართლობას, ამ შანტაჟს სჭირდება რეაგირება. ჩვენ რომ ჩაგვტოვეს 3 წელი, ხელოვნური შანტაჟით, პოლარიზაციის პირობებში ამას სჭირდება, სწორედ, რეაგირება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროტესტს არ აქვს არავითარი საფუძველი, ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს ის, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სამი წლის განმავლობაში. ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი, რაში სჭირდებათ ხელოვნურად ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი. ეს უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ.
იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნას. 12 წლის წინ, 2012 წელს გაუხსნეს მონტენეგროს მოლაპარაკებები და დღემდე არავითარი დაჩქარებაც კი არ ყოფილა გაწევრიანების. მკაფიოდ ჩანს, რომ როგორც კანდიდატის სტატუსი, ისე მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური მხარე. პრაქტიკული მხარე არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მეორე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას - გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება. ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან, მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და ა.შ. ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას. ზუსტად ეს ნიშნავს, რომ არ შეჩერებულა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას.
„ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ - არა. აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხომ იცით, მოლდოვაში რა ხდება, როგორ შეიძლება, მოლდოვას ჰქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ არა. აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის სრულიად უხეშად უსამართლო დამოკიდებულება. ხომ უნდა გქონდეთ ახსნა, რატომ ხდება ეს, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უსამართლობას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა. ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, 1949 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მემგონი ეს კითხვები ძლიან ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება.
„ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას და გვაქვს იმედი, რომ ამის შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, ჩვენ ვაგრძელებთ შეუფერხებლად სვლას ევროკავშირისკენ და, სწორედ, ამიტომ ვამბობთ იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი - ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი. თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითქვა გუშინ და რა ითქვა დღეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.