მაღალჩინოსნებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება

მაღალჩინოსნებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2025 წლის 1 იანვრიდან, ხელფასი გაეზრდებათ. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს, 77 ხმით მიიღო.„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გია ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი.

კანონით, რომელიც ოფიციალურად, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.
მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება; მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურება - 11 305 ლარი.
სახელასო ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
2025 წლიდან,საქართველოს პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მილიონი ლარით- 43.9 მილიონიდან 53.9 მილიონამდე იზრდება.

__________________________________
__________________________________
უფრო კონკრეტულად: პარლამენტის წევრს, რომელსაც საპარლამენტო თანამდებობა არ უჭირავს, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარით;
პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და 2025 წლის 1 იანვრიდან იქნება 10 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მილიონიდან 4.3 მილიონ ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციაში - 10.6 მილიონიდან 13.3 მილიონამდე
_____________________________________
_____________________________________

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ზრდა მოიცავს საჯარო მოხელეებისთვის ინდექსაციით - 10%-ით გაზრდილ შრომის ანაზღაურებასაც.
გარდა ამისა, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასის ზრდაც. ბოლო სამ წელიწადში, პოლიციელებისა და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეების - 30%-ით გაიზარდა. 
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით), დაფინანსება გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და ამ სფეროს დაფინანსება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 65%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის ზრდა - 300 ლარით.

__________________________________
__________________________________
ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტით,
2025 წელს, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მილიარდი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ჯარისკაცების ხელფასი 10%-ით გაიზრდება;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მილიარდი ლარი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასის 10%-იანი ზრდა.
__________________________________
__________________________________

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საბაზო თანამდებობრივი სარგო, 2024 წელთან შედარებით, იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ითზრდასაც.
საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, სახელმწიფო ბიუჯეტით, ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და სწორედ ამის შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.

ავტორი: მაკა რუხაძე