ირანისთვის სავარაუდო 300-მილიარდიანი აღდგენითი ფონდი, უკრაინისთვის შექმნილი ანალოგიური მექანიზმები და დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა — ეკონომისტი და ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი შეფასებით, როგორც ირანის, ისე უკრაინის შემთხვევაში ნახსენები 300 მილიარდი დოლარი რეალურ ეკონომიკურ გათვლებს არ ეფუძნება, ხოლო ამ თანხების გარშემო მიმდინარე დისკუსიები უფრო პოლიტიკური შეთანხმებების ნაწილს წარმოადგენს.

 

“ირანი ამერიკისგან ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამერიკა დათანხმდა, თუმცა ამას რეპარაციად არ მოიხსენიებს. საუბარია სპეციალური ფონდის მეშვეობით ირანის აღდგენაზე.

 

საიდან გაჩნდა ეს რიცხვი? არსაიდან-იგი არავის დაუთვლია. პირველად 2026 წლის 14 აპრილს ირანის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით მიყენებული ზარალი დაახლოებით 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით ეს მაჩვენებელი დამრგვალდა და იმის გამო, რომ საზავო შეთანხმება არ ჩაშლილიყო, იგი უკრიტიკოდ მიიღო ამერიკულმა მხარემ.

 

რამდენად რეალისტურია ამ ფონდის შექმნა? ზოგადად-არარეალისტური, თუმცა ოდნავ უფრო რეალისტური, ვიდრე უკრაინაში 300 მილიარდიანი ფონდის შექმნა. ეს უკანასკნელი ირანული ფონდის ანტიპოდია: უკრაინას უნდა გადაეხადა ამერიკისთვის 300 მილიარდი დოლარი ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიღებული შემოსავლებიდან. ამით უკრაინას ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული დახმარება უკან უნდა დაებრუნებინა. ეს რიცხვიც ჰაერიდანაა მოტანილი, იგი თითქმის სამჯერ აღემატება უკრაინისადმი იმ პერიოდში ამერიკის მიერ რეალურად გაწეულ დახმარებას. საბოლოო ჯამში, ამ ფულის უკრაინაში ინვესტირებაა დაგეგმილი, ხოლო ინვესტირება გულისხმობს მიღებული მოგების თანაბრად განაწილებას უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შირის, ოღონ ამ ფონდში ამერიკა დებს ნულ დოლარს, ხოლო წილად იღებს 50 პროცენტს.

 

უკრაინულ-ამერიკული ფონდი მკვდრადშობილი სტრუქტურაა, მაშინ როცა ჯერ კიდევ არარსებული ირანული ფონდი ოდნავ უფრო რეალისტურად განიხილება-საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებს ამ ფონდში ფულის ჩადებას სთხოვს. თუმცა ჩნდება კითხვა: ირანმა ამ ქვეყნებს დარტყმები მიაყენა და ახლა იქით უნდა გადაუხადონ კომპენსაცია? ეს სცენარი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.

 

ირანში ბევრი რამ გაურკვეველია და არც არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ტრამპი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ კრიზისიდან მიღებული საშინაო პოლიტიკური ზიანის მასშტაბი გამოჩნდება დაახლოებით ოთხ თვეში, კონგრესის არჩევნების შემდეგ. საგარეო პოლიტიკური ზიანი მისი მმართველობის ორ წელზე ნაკლებ პერიოდში უკვე საკმაოდ მნიშვნელვნად ფასდება, რასაც არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.”