სახალხო დამცველის ანაზღაურება აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს, – თანხა წარმოდგენილია გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობით.
ხელზე ასაღები ოდენობა კი შეადგენდა 5 488 ლარს, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკა“ ავრცელებს.
რაც შეეხება დანამატსა და ფულად ჯილდოს, როგორც გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან დღემდე საქართველოს სახალხო დამცველს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიუღია.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი სწორედ 2023 წლის მარტიდანაა. ხელფასი მას ამ თანამდებობაზე ყოფნიდან ერთ წელში გაეზარდა.
როგორ გაიზარდა ომბუდსმენის ხელფასი?
საქართველოს პარლამენტმა მარტში კანონპროექტი მიიღო და ომბუდსმენის ანაზღაურების ზრდა სწორედ ამ ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი.
ცვლილებამდე სახალხო დამცველის ანაზღაურება [თანამდებობრივი სარგო] გათანაბრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოსთან, რაც 7 000 ლარია.
ცვლილებების შემდეგ კი ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივ სარგოს გაუთანაბრდა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი – 9.00.