Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ფაქტები

 რუმინეთის ნაკრებთან პირველი შეხვედრა შორეულ 1980 წელს გაიმართა: მაშინ თბილისის „დინამომ“ საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუმინეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა (გოლები: ვიტალი დარასელია, ვაჟა ჟვანია);
 დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ეგიდით რუმინეთის ნაკრებთან პირველი მატჩი 1996 წელს შედგა (0:5) – ის იყო „ჯვაროსნების“ 25-ე თამაში ისტორიაში;
ბოლოს საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2021 წლის 2 ივნისს შეხვდა და 2:1 მოიგო. იმ თამაშში გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა, გუნდის კაპიტანი კი თორნიკე ოქრიაშვილი იყო;
დღეს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მეცხრე დაპირისპირებაა – წინა რვიდან ერთი საქართველომ მოიგო, ორი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ გამარჯვება რუმინელებმა იზეიმეს (მათ შორის ერთხელ კვიპროსის საერთშორისო ტურნირზე პენალტების სერიაში).
საქართველოს ნაკრები

მატჩამდე ერთი დღით ადრე „ჯვაროსნებმა“ შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. ცნობილია, რომ რუმინეთსა და ბაჰრეინთან (5 ივნისს) მატჩებს ტრავმების გამო გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გამოტოვებენ, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდება და ბაჰრეინთან ითამაშებს.

რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი გურამ კაშია დაემშვიდობება, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ბოლო, 129-ე თამაშს გამართავს.

რუმინეთის ნაკრები

გეორგე ჰაჯი რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩისთვის 23 მოთამაშით ემზადება. ტრავმების გამო რუმინელებს მეკარე იონუტ რადუ („სელტა“), მცველები ანდრეი რაციუ („რაიო ვალეკანო“), ნიკორ ბანკუ („უნივერსიტატეა“), ნახევარმცველები დენის მანი („ეინდჰოვენი“), ნიკოლაე სტანჩუ („ჯენოა“) და თავდამსხმელი დენის დრაგუში („გაზიანთეფი“) დააკლდებიან.
„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ კაშია მედიას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად შეხვდა.

„შესაძლებელია თუ არა „დინამოს“ შეთავაზების შემთხვევაში კარიერა თბილისში განვაგრძო? „სლოვანთან“ კონტრაქტი ივლისის ბოლომდე მაქვს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები, კარიერის დასრულება კი ძალიან რთულია.

ნაკრებში ჩემი პირველი თამაშიდან დღემდე ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა, ბევრი კარგი ახალგაზრდა დაგვემატა. მოხარული ვარ, რომ წლების განმავლობაში ამ გუნდის წევრი ვიყავი“, – ამბობს გურამ კაშია.

„ჯვაროსნები“ ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე ორ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს – რუმინეთი, ხოლო 5 ივნისს ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.