საქართველოში დენგეს ცხელების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, პაციენტი ინფიცირებული იყო დენგეს გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს.
ფხაკაძის განმარტებით, დენგე პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და ინფექციას Aedes-ის ტიპის კოღო ავრცელებს. დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, თუმცა ბოლო წლებში შემთხვევები ევროპაშიც ფიქსირდება.
ჯანდაცვის ექსპერტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დენგეს ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე, გამონაყარი, ხოლო მძიმე შემთხვევებში — სისხლდენა.
„თუ ბოლო პერიოდში იმყოფებოდით დენგეს გავრცელების მაღალი რისკის ქვეყანაში ან რეგიონში და გაქვთ სიცხე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მოგზაურობის ისტორია,“ — წერს ფხაკაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, ეპიდზედამხედველობა და ადრეული დიაგნოსტიკა.