ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, ეკონომიკის მინისტრმა პირველად მოინახულა.
"მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყების ინფორმაციით, ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.
ანაკლიაში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.