სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესია რეგისტრირებული. მათგან 88% - ადგილობრივი კერძო საკუთრებაა. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რეალურად, საქართველო აზარტული თამაშების ერთგვარი ჰაბია. მიზეზი მარტივია - ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი მზარდია და სულ უფრო მატულობს სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, რომელთაგან მხოლოდ 12%-ია უცხოური კაპიტალით დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები დაწესდა და გადასახადებმაც მოიმატა, სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესი მაინც არ ნელდება. ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც აზარტული ბიზნესი შეზღუდული ან აკრძალულია, მეწარმე სუბიექტები მუშაობას საქართველოში აგრძელებენ და სულ უფრო მეტად ითრევენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც აზარტულ ბიზნესშია დასაქმებული, ან უბრალოდ, ლუდომანია ანუ თამაშებზეა დამოკიდებული.
ფაქტია, რომ სათამაზო ბიზნესის მიმართ დაწესებულმა რეგულაციებმა დიდად ვერ ან არ გაამართლა. საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კი არ შემცირდა, უფრო მეტად გაიზარდა. პრობლემა ნამდვილად საშიში და მასშტაბურია, რადგან სათამაშო ბიზნესისკენ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან დიდძალი ფული მიიმართება, რაც სექტორის მოგებას ზრდის, ხოლო პარალელურად, სხვა დარგებს ანადგურებს. თამაშზე დამოკიდებულების გამო, ადამიანები მძიმე ყოფაში ვარდებიან, ქვეყანაში მარტო ფულის გამთეთრებელი ბიზნესი ვითარდება, რომლის ბრუნვა, რეგულაციების ფონზეც კი, უდიდეს მასშტაბს აღწევს.
მართალია, სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაში აეკრძალათ, მაგრამ სპეციალისტების მოსაზრებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია წაგების ზღვარის დაწესება. ეს ნიშნავს, რომ თუ პირი, რამდენიმე ხნის განმავლობაში, სისტემურად აგებს, ის ავტომატურად უნდა გამოეთიშოს თამაშის პროცესს. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა წაგების ზღვარის დაწესება საკანონმდებლო დონეზე, თუ ნამდვილად გვინდა იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ თამაშებში.
***
სტატია „საქსტატის“ შემაშფოთებელი სტატისტიკით დავიწყეთ. თუმცა, უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 - ადგილობრივი საკუთრებაა, 92 - კერძო უცხოური საკუთრება, 1 - სახელმწიფოს საკუთრება, 1 - შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 - შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 - შერეული უცხოეთის უპირატესობით.
რაც შეეხება ქვეყნების ხუთეულს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთია:
· თურქეთი - 26 ბიზნეს-სუბიექტი;
· რუსეთი - 23 ბიზნეს-სუბიექტი;
· ისრაელი - 8 ბიზნეს-სუბიექტი;
· კვიპროსი - 6 ბიზნეს-სუბიექტი;
· სომხეთი - 6 ბიზნეს-სუბიექტი.
„საქსტატის“ მონაცემების დეტალური გაანალიზების მიხედვით, აზარტული საქმიანობით დაკავებული 100 ბიზნეს-სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2023 წელს, საქართველოში 1 043 აზარტული ბიზნესი, ხოლო 2022 წელს - 1 037 იყო რეგისტრირებული.
მაკა რუხაძე