თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, 13 აპრილს, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით სპეციალურად დანიშნული ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. დროებითი მარშრუტები სადღესასწაულო დღეებში მგზავრთნაკადის მართვის მიზნით დაწესდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსები მუშაობას დილის 08:00 საათიდან დაიწყებენ და 20:00 საათამდე იმოძრავებენ.

უფასო ავტობუსები მგზავრებს შემდეგი სასაფლაოებისკენ გადაიყვანენ:

  • მუხათგვერდი და ვაშლიჯვარი;
  • კუკია და ახალი კუკია;
  • მახათა და საბურთალო;
  • ღრმაღელე, ველი და ვარკეთილი.

 

სად გაჩერდებიან ავტობუსები? სპეციალური რეისები შესრულდება შემდეგი წერტილებიდან:

  • მეტროსადგურები: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“ და „ვარკეთილი“;
  • დიდუბე: მეტროს ზედა გასასვლელი;
  • სადგურის მოედანი: ე.წ. „თბილისი ცენტრალის“ მოპირდაპირე მხარე;
  • ვარკეთილი: III მასივი, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთა;
  • აფრიკის დასახლება: ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა (N25 კორპუსის მიმდებარედ).