საქართველოს მთავრობამ ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში დასაქმებული უცხოელების რეგულირებას ეხება.

ცვლილებების მიხედვით, IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად კონკრეტული, უფრო დეტალურად გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ახალი წესით, უცხოელმა IT სპეციალისტმა უნდა დაადასტუროს, რომ მას აქვს მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ამასთან, სავალდებულოა შემოსავლის კრიტერიუმის დაკმაყოფილებაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება არ უნდა იყოს 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები.

დადგენილება ასევე ავალდებულებს განმცხადებელს, წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ აღნიშნული შემოსავალი მიღებულია მინიმუმ ორჯერ, სულ მცირე 30-დღიანი ინტერვალით, რაც შემოსავლის სტაბილურობის დამატებითი დადასტურების მექანიზმად განიხილება.

რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ დაქირავებულ IT სპეციალისტებზე, არამედ იმ უცხოელებზეც, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობენ. ასეთ შემთხვევაში მათ დამატებით მოუწევთ მცირე ბიზნესის სტატუსისა და შესაბამისი ეკონომიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

ცალკე წესები განისაზღვრა იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლები ან ხელმძღვანელი პირები არიან. მათთვის სავალდებულოა ორგანიზაციაში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში შრომითი საქმიანობის უფლების დამადასტურებელი გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო აღარ იქნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის საშუალებით.

წყარო: bm.ge