საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ახალი - C5 კატეგორიის ვიზის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ახალი კანონპროექტით, C5 კატეგორიის ვიზა იქნება მრავალჯერადი, 5 წლის მოქმედების ვადით, რაც მფლობელს უფლებას მისცემს საქართველოში ჯამურად 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდეს. აღნიშნული ვიზა ასევე გავრცელდება პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ვიზის მფლობელებს შეეძლებათ დისტანციური საქმიანობის განხორციელება არარეზიდენტი პირების სასარგებლოდ.
ფინანსური თვალსაზრისით, C5 ვიზის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) გაცემისთვის დაწესებული მოსაკრებელი და ბაჟი 20-დან 500 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.
ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, ტურიზმის სექტორისა და მომსახურების სფეროს განვითარებას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება.
"C5 კატეგორიის გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის “უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელი ვიზიტორების მოზიდვისკენ. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მსყიდველუნარიანობით და ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზიტები ზრდის ტურიზმის სექტორში შემოსავლებს აძლიერებს მომსახურების სფეროს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას. C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად ინტერესდებიან ბიზნესის დაწყებით, რაც ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეიშლება იქცეს ინვესტიციების სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები არიან - ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიმე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიმე, გიორგი ჩაკვეტაძე.