თბილისის მერიის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პროგრამით აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით 2022 წლიდან დღემდე 60 წელს გადაცილებული დაახლოებით 2 500 მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს. ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს და დასძინეს, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც უწყვეტად გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა 2022 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება და მისი მიზანი უფროსი თაობის ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს უფასოდ აქვთ ხელმისაწვდომი როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ პროგრამის მაღალი აქტუალობიდან და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე, პერიოდულად მიმდინარეობს მისი გაფართოება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე სპორტული ორგანიზაციების ჩართვა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრაციის დღისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად არიან რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არიან 60 წლის ან 60 წელს გადაცილებული.
ამ ეტაპზე პროგრამა ხორციელდება გლდანი-ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრებში (გლდანის აუზი და ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი), მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრებში (დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, ასათიანის ფილიალი და ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი), ასევე „არენა 2“-ში, შპს „პრემიუმ ფიტნესის“ (ასპრია ჯგუფი) ობიექტებში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და აკაკი წერეთლის გამზირზე, ასევე შპს „გიომირი+სპორტ ტაიმში“.
თბილისის მერიის შეფასებით, პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უფროსი თაობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ისინი მზად არიან ყველა სპორტდარბაზთან თანამშრომლობისთვის, ვინც პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს.