უმაღლესი განათლების სისტემაში, ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ინიციატივა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეხებოდა, საბოლოოდ შეჩერდა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გადაწყვეტილებამდე მისვლას წინ უძღოდა პროტესტი, მწვავე კრიტიკა აკადემიური წრეებიდან და კითხვები, რომლებზეც ხელისუფლებას მკაფიო პასუხები არ ჰქონდა.

 როგორ დაიწყო პროცესი

 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყვნენ. ინფორმაცია აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ბრიფინგიდან შეიტყვეს.

გეგმის მიხედვით, ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმეოდა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებდა. უკვე პირველივე დღეებში პროფესორმასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები დაიწყო.

სამინისტროს არგუმენტები

განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას ხსნიდა შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებლობით. 1 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოგანმარტებაში გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გაერთიანების შემდეგ დეტალურად შეფასდებოდა სასწავლო პროგრამები და ადამიანური რესურსები ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი სისტემის მიღმა არ დარჩენილიყო.

მინისტრის თქმით, რეფორმა ითვალისწინებდა პრინციპს — „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, ასევე ორი საგანმანათლებლო ჰაბის ჩამოყალიბებას თბილისში და ქუთაისში.

თუმცა განათლების ექსპერტების ნაწილმა აღნიშნა, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც სამინისტრო ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებას იღებდა.

აკადემიური საბჭოების წინააღმდეგობა

4 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა გაერთიანების ინიციატივა დაუსაბუთებლად მიიჩნია და პროცესის შეჩერება მოითხოვა. სენატის განცხადებით, გადაწყვეტილება არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპს და ეფუძნება არასაკმარის დასაბუთებას.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომაც. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ უნივერსიტეტის ნების გარეშე შერწყმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ავტონომიას.

პროცესს კრიტიკულად გამოეხმაურნენ სხვა უნივერსიტეტებიც — მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანოები.

შეხვედრები და პროტესტი

6 თებერვალს გაიმართა შეხვედრა თსუსა და სტუს წარმომადგენლებსა და განათლების მინისტრს შორის. შეხვედრის შემდეგ რექტორებმა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, თუმცა პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე არაერთმა პროფესორმა ღიად ისაუბრა.

ამავე პერიოდში პროტესტი გაგრძელდა სტუდენტურ სივრცეში. სტუდენტები შიშობდნენ, რომ გაერთიანება ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობის დაკარგვასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევდა.

პრემიერის განცხადება — გადაწყვეტილების შეცვლა

პროტესტისა და კრიტიკის ფონზე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. მთავრობის მეთაურის თქმით, სტუ დარჩება დამოუკიდებელ, ტექნიკურ პროფილის მქონე უმაღლეს სასწავლებლად.

ამ განცხადებით ფაქტობრივად დასრულდა გაერთიანების საკითხის აქტიური ფაზა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში განათლების სისტემის მთავარ თემად იქცა.

 

თსუსა და სტუს გაერთიანების გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ აჩვენა, რამდენად მყიფეა გადაწყვეტილებები, რომლებიც აკადემიური საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის აუცილებლობა ფართოდ აღიარებულია, ამ შემთხვევამ ცხადყო — პროცესის ფორმა და კომუნიკაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რეფორმის შინაარსი.

პრემიერის გადაწყვეტილებამ შესაძლოა დროებით მოხსნას დაძაბულობა, თუმცა განათლების სისტემაში დაგროვილი კითხვები კვლავ ღიად რჩება: როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმა ისე, რომ მან ხარისხის გაუმჯობესება უზრუნველყოს და არა ნდობის კრიზისი გააღრმავოს.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი