ჰონკონგის უზენაესმა სასამართლომ 78-წლის მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რითაც დამთავრდა ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე.

საქმე, რომელიც ოფიციალური პეკინის შეფასებით ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა. მედიამაგნატი იყო დამფუძნებელი ჰონკონგური კრიტიკული გამოცემა Apple Daily-ს, რომელიც მხარს უჭერდა ჰონკონგში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ასევე “ერთი სახელმწიფო - ორი სისტემის” პრინციპს, რაც ქალაქს ცენტრალური ხელისუფლებისაგან მეტ ავტონომიას მისცემდა.

Apple Daily გამორჩეულად აქტიურად აშუქებდა 2019 წლის პრო-დემოკრატიულ პროტესტს, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაახშო.

სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ის 3 მუხლი, რომლებითაც გაასამართლეს ჯიმი ლაი. მოსამართლეების განჩინებით, მედიამაგნატი მისი გამოცემის მეშვეობით უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებდა და ავრცელებდა ისეთ მასალებს, რაც მოსახლეობას აჯანყებისა და მთავრობისადმი დაუმორჩილებლობისაკენ უბიძგებდა. “ჯიმი ლაი იყო იმ ანტისამთავრობო პროტესტების მთავარი ორგანიზატორი, რომელიც ჰონკონგში მიმდინარეობდა და ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის იყენებდა საკუთარ მედიაპლატფორმას, რათა აეჯანყებინა მოსახლეობა და მსოფლიოს ჩინეთისთვის სანქციები დაეწესებინა” - წერია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ჯიმი ლაისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და 20 წლით ციხეში ჩასმას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საერთაშორისო დონეზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან დაამწუხრა ამ ინფორმაციის გაგებამ. ტრამპმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ის არაერთხელ ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტს ლაის გამოშვებასთან დაკავშირებით და რომ ამ თემის წამოწევას სისთან შეხვედრისას ისევ აპირებს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჩინეთის ხელისუფლებას მედიამაგნატის გამოშვებისაკენ ასევე მოუწოდა.