ირანში საპროტესტო ტალღა, რომელიც 2025 წლის მიწურულს ეკონომიკური მიზეზებით დაიწყო, იანვარში ქვეყნის მასშტაბით მზარდ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს იმ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გაგრძელებას, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მათ შორის 2009 წლის, 2019 წლისა და განსაკუთრებით 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ მოძრაობის დროს.
გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
28 დეკემბერი: საპროტესტო აქციებმა იფეთქა თეირანის ცენტრში მდებარე ორ უმსხვილეს ბაზარში. ამის მიზეზი ირანული რიალის კურსის მორიგი ვარდნა გახდა — 1.42 მილიონი რიალი 1 აშშ დოლართან, რაც ახალი ანტირეკორდია. ამან გააძლიერა ინფლაციური წნეხი და გამოიწვია საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების მკვეთრი ზრდა. უკმაყოფილებას ისიც ამწვავებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში მთავრობამ ფასები გაზარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფ ბენზინზე.
29 დეკემბერი: ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, მოჰამედ რეზა ფარზინი, თანამდებობიდან გადადგა. პროტესტი თეირანიდან სხვა ქალაქებშიც ვრცელდება. პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს.
30 დეკემბერი: აქციები მოიცავს უნივერსიტეტების კამპუსებს. პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი ბიზნეს-ლიდერებს ხვდება და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პირობას დებს, თუმცა ხალხისთვის ეს დაგვიანებული ნაბიჯია.
31 დეკემბერი: ირანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად აბდოლნასერ ჰემათი დანიშნა. ქვეყნის სამხრეთში მყოფი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ფასაში გამართული აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ხალხის მასამ გუბერნატორის ოფისში შეაღწია და პოლიციელები დაჭრა.
1 იანვარი: ოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია საპროტესტო აქციების დროს პირველი მსხვერპლის შესახებ; ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე შვიდი ადამიანია მოკლული. ყველაზე ინტენსიური ძალადობა ქალაქ აზნაში, ირანის ლორესტანის პროვინციაში დაფიქსირდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ქუჩებში ცეცხლწაკიდებული ნივთები და ისმის სროლის ხმა, რის ფონზეც ხალხი სკანდირებს: „უნამუსოებო! უნამუსოებო!“. ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars-ი იტყობინება სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. მომიტინგეების მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ბახტიარისა და ისპაჰანის პროვინციებიდანაც, ხოლო ლორესტანში მოკლულია გასამხედროებული „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (Basij) 21 წლის მოხალისე.
2 იანვარი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ პლატფორმაზე (Truth Social) წერს, რომ თუ ირანი „მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად დახოცავს“, ამერიკის შეერთებული შტატები „მათ გადასარჩენად მოვა“. ეს გაფრთხილება გაჟღერდა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს. ტრამპის განცხადება დამატებითი განმარტებების გარეშე მოიცავდა მტკიცებას: „ჩვენი იარაღი დატენილია და მზადყოფნაში ვართ“ (We are locked and loaded and ready to go). ამავდროულად, აშშ-ში ბაზირებული „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციიდან 22-ში, 100-ზე მეტ ლოკაციას მიაღწია.
3 იანვარი: ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ „მეამბოხეები თავის ადგილზე უნდა მოისვან“, რაც უსაფრთხოების ძალებისთვის რეპრესიების დაწყების „მწვანე შუქი“ ხდება. დაღუპულთა რიცხვი 15-მდე იზრდება, დაკავებულია 580 ადამიანი.
6 იანვარი: თეირანის დიდ ბაზარში მჯდომარე აქცია იმართება. სამართალდამცავები მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით შლიან. დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე იზრდება, აქციებმა კი ქვეყნის 27 პროვინციას მიაღწია.
8 იანვარი: მთელი ირანის მასშტაბით ხალხი ფანჯრებიდან საპროტესტო შეძახილებს სკანდირებს და ღამის აქციებზე გამოდის. მთავრობა პასუხობს ინტერნეტისა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის სრული ბლოკირებით, რათა 85-მილიონიანი ქვეყანა გარე სამყაროს მოწყვიტოს.
9 იანვარი: ირანის ხელისუფლება მასშტაბური „წმენდის“ დაწყებას აანონსებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, ხოლო დაკავებულია 2,300-ზე მეტი ადამიანი.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა 9 იანვრის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმი დათმობაზე არ წავა. მან მომხდარს „უცხოური აგენტურის მიერ დაგეგმილი შეთქმულება“ უწოდა:
„ჩვენი მტრები იმედოვნებენ, რომ ირანელი ხალხი რევოლუციურ გზას გადაუხვევს, მაგრამ ისინი ცდებიან. უსაფრთხოების ძალებს აქვთ სრული უფლებამოსილება, დაიცვან წესრიგი. ვინც ქუჩებში ქაოსს თესავს და ისლამურ ღირებულებებს შეურაცხყოფს, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ჩვენ ამ ამბოხს ბოლომდე ჩავახშობთ.“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კი თავის ბოლო მიმართვაში რეჟიმის ქმედებები პოლიტიკურ განაჩენად შეაფასა:,
„ის, რასაც ჩვენ ირანში ვხედავთ, რეჟიმის აგონიაა. აიათოლას მუქარა მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს. 9 იანვარი დარჩება ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც ირანელმა ხალხმა საბოლოოდ გაიმარჯვა შიშზე. ჩვენი პოზიცია უცვლელია — ნებისმიერი მასშტაბური ძალადობა მომიტინგეებზე ამერიკისგან უმკაცრეს პასუხს გამოიწვევს. ირანი თავისუფალი იქნება.“
დღეს მსოფლიო ელოდება — გაბედავს თუ არა რეჟიმი იმ მასშტაბურ „წმენდას“, რომელიც დააანონსა, თუ ხალხის რევოლუციური ტალღა ისლამური რესპუბლიკის მმართველობას საბოლოოდ ჩააბარებს ისტორიას.