ვალისა და მშპ-ის თანაფარდობა ეკონომიკის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. იგი აფასებს, რა მოცულობის ვალია აღებული ქვეყნის მიერ თავისი წლიური ეკონომიკური გამომუშავების მიმართ. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია სახელმწიფოების ფისკალური რისკი, იმპორტირებული შოკებისადმი მოწყვლადობა და ვალის მომსახურების პერსპექტიული ხარჯი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი კვლევის თანახმად, გლობალური ეკონომიკა წელს, კვლავ მძიმე ვალის ტვირთის ქვეშ იმყოფება. მსოფლიო სახელმწიფო ვალი 94.7%-ს უტოლდება მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით. ასეთ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე ქვეყანა და იურისდიქცია, რომლებიც ამ ტენდენციის სრულიად საპირისპიროს აჩვენებენ. ეს სახელმწიფოები, დაბალი, ვალით, მყარი საბიუჯეტო დისციპლინით და კონკრეტული ეკონომიკური თავისებურებებით გამოირჩევა, რაც მათი ფინანსური მდგრადობის საფუძველია.
ამ მხრივ აბსოლუტური ლიდერი მაკაოა, რომელსაც 2025 წელს სახელმწიფო ვალის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. როგორც აზარტული თამაშების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, მაკაოს ბიუჯეტი ამ ინდუსტრიიდან შესული მილიარდობით დოლარის შემოსავლებით არის გაჯერებული. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ამავე დროს მდგრადი ფინანსური რეზერვებით გამოირჩევა, რაც ქვეყანას სრულად ათავისუფლებს ვალის საჭიროებისგან.
მეორე ადგილზე მდებარე ლიხტენშტაინი კი ევროპის განსაკუთრებული შემთხვევაა: მისი ვალი მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს მშპ-სთან მიმართებით. როგორც რეგიონის ფინანსური ჰაბი, ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ეკონომიკური სტრუქტურით - სამუშაო ადგილების რაოდენობა აღემატება მოსახლეობის რიცხვს, ხოლო კორპორაციული ერთეულები ბევრად მეტია, ვიდრე მისი 41-ათასიანი მოსახლეობა.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველაზე დაბალი ვალით გამორჩეულ ქვეყნებს შორის თვალსაჩინო ადგილი უკავიათ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს. ქუვეითი, რომელიც 7.3%-იანი ვალის მაჩვენებლით მეექვსე ადგილზეა, 2024 წელს დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის ნავთობის შემოსავალს იღებდა, რაც მისი სახელმწიფო შემოსავლების 80%-ს შეადგენდა. იგივე ლოგიკით მოქმედებს რუსეთიც: დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფისკალური მდგომარეობა გამყარებულია ნავთობის ექსპორტით, მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკით და მნიშვნელოვან სავალუტო რეზერვებით, რის გამოც 2025 წელს მისი ვალი მხოლოდ 23.1%-ს აღწევს მშპ-ის მიმართებით.
აზიის სხვა მცირე ეკონომიკები, როგორიცაა ბრუნეი, ტუვალუ, თურქმენეთი, კირიბატი და ჰონგ-კონგი ვალის დაბალ დონეს ინარჩუნებენ მათი ეკონომიკურ-სოციალური სტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების, მცირე მოსახლეობისა და სპეციფიკური შემოსავლების წყაროების წყალობით.
რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სასურველია დაბალი სახელმწიფო ვალი, აუცილებელია მისი კონტექსტუალიზაცია. ყველა ქვეყანას არ შეუძლია იმავე ფინანსური მოდელის გამეორება - არც ბაზრის სიმცირის, არც ნავთის მარაგებითა და არც წინასწარ დაგროვებული სიმდიდრის უნივერსალური მექანიზმით. თუმცა მსოფლიოს ყველაზე ნაკლებვალიანი ქვეყნების მაგალითი გვაჩვენებს, რომ ფისკალური დისციპლინა, სტრატეგიული რეზერვების დაგროვება, შემოსავლის მდგრადი წყაროები და ეფექტიანი საჯარო სექტორი შესაძლებელია იყოს წარმატებული ეკონომიკური მართვის გასაღები.
წყარო: bm.ge