BBC-ის ინფორმაციით, ილონ მასკის მფლობელობაში არსებულმა პლატფორმა X-მა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ხელოვნურ ინტელექტ Grok-ის მუშაობის პრინციპში. მას შემდეგ, რაც პლატფორმა მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სექსუალური ხასიათის „დიპფეიკების“ გავრცელების ხელშეწყობის გამო, გამოსახულების რედაქტირების ფუნქცია მხოლოდ ფასიანი მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ Chatbot-ი შეუზღუდავად ასრულებდა მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებიც სხვა ადამიანების ფოტოების ციფრულად შეცვლასა და მათი თანხმობის გარეშე „გაშიშვლებას“ უკავშირდებოდა. ამიერიდან, მსგავსი მასალის შექმნის მცდელობისას, Grok-ი მომხმარებელს ატყობინებს, რომ ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ პრემიუმ გამომწერებს შეუძლიათ. ეს ნაბიჯი გულისხმობს, რომ პლატფორმას ბაზაში ექნება მომხმარებლის ვინაობა და გადახდის ინფორმაცია, რაც, სავარაუდოდ, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმად მოიაზრება.
აღნიშნულმა საკითხმა პოლიტიკურ წრეებშიც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მოუწოდა, გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული უფლებამოსილება - პლატფორმის შესაძლო აკრძალვის ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას X-ზე უკანონო ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებების შექმნა. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა Grok-ის მიერ ზრდასრულების და არასრულწლოვნების სექსუალური ხასიათის ფოტოების გენერირებას „სამარცხვინო“ და „ამაზრზენი“ უწოდა.
მისი განცხადებით, ეს არის უკანონო ქმედება, რომლის მიმართაც მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობა ექნება. სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Ofcom-ს აქვს სრული მხარდაჭერა, რათა განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
სამთავრობო წყაროების ცნობით, მოლოდინია, რომ Ofcom-ი მკაცრ ზომებს გაატარებს Grok-ისა და X-ის წინააღმდეგ. „ონლაინ უსაფრთხოების აქტის“ ფარგლებში, მარეგულირებელს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ისეთი ორდერების გაცემა, რომლებიც მესამე მხარეებს აუკრძალავს ილონ მასკის პლატფორმისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვაში დახმარებას ან გაერთიანებულ სამეფოში მასზე წვდომის უზრუნველყოფას.
BBC-მ ოფიციალური კომენტარისთვის უკვე მიმართა როგორც X-ის წარმომადგენლებს, ისე მარეგულირებელ ორგანოს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
წყარო: bm.ge