დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ოფიციალურად დაინიშნა. კარაკასში, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, მისი ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს ვენესუელასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ იცავს „მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის“ საკუთარ უფლებას.

„ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა დელსი როდრიგესმა.

ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე, როდრიგესის ძმა, ხორხე როდრიგესი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. სწორედ მის წინაშე დადო ფიცი 56 წლის დელსი როდრიგესმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის მმართველობაში ვენესუელაში მიმდინარე შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე ყალიბდება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და საერთაშორისო ურთიერთობებში დიალოგის გაძლიერება იქნება.

ვენესუელის ყოფილ ლიდერ ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს, ორშაბათს ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ბრალდებებს შორის იყო ნარკოტერორისტული შეთქმულება, ავტომატური იარაღისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა.

სააგენტოების ცნობით, მადურომ სასამართლოს წინაშე თავი ვენესუელის პრეზიდენტად წარადგინა და განაცხადა, რომ კარაკასში, საკუთარი სახლიდან „მოიტაცეს“. „მე ომის ტყვე ვარ“, - თქვა მადურომ ესპანურად, იუწყება NBC. სილია ფლორესმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის ვენესუელის პირველი ლედია.