ზამთრის ტურისტული სეზონის ჯავშნები პრაქტიკულად დასრულებულია. ამის შესახებ BM.GE-სთან PEGAS Touristik Georgia და PEGAS Touristik Azerbaijan–ის დირექტორმა, სალომე ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდის ჯავშნები უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის თითქმის ამოწურული იყო, და ამჟამად კომპანია ზაფხულის სეზონის გაყიდვებზეა ორიენტირებული.
"როგორც ყველასთვის ცნობილია, ახალი წლის პერიოდში ფასები განსაკუთრებით მაღალია – ავიაბილეთები, სასტუმროები და ექსკურსიები ხშირად მინიმუმ ორჯერ ძვირია. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ადრეული ჯავშნის პრივილეგიით სარგებლობის საშუალება მივცეთ. ამჯერად, საახალწლო ჯავშნები ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უკვე თითქმის ამოწურული იყო", – დასძინა მან.
ბერაიას ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება წელს კვლავ თბილი ქვეყნები, განსაკუთრებით ეგვიპტე, იყო. მისი შეფასებით, ახალ წელს თბილ კლიმატში ყოფნა მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტული და საინტერესო აღმოჩნდა.
"საახალწლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება იყო ეგვიპტე – თბილი კლიმატი, სპეციალური გალა ვახშამი, შოუები და სასტუმროების უნიკალური პროგრამები მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნიდა. წელს, განსაკუთრებით მოიმატა ტაილანდის მიმართულების მოთხოვნამ, ხოლო სტამბოლი კვლავ პოპულარული იყო, რადგან სასტუმროები ტურისტების მოთხოვნაზე მორგებულ საახალწლო პროგრამებს სთავაზობენ. ევროპაც აქტუალური იყო შობის სეზონზე, თუმცა ცივი კლიმატის გამო თბილ ქვეყნებს ჩამორჩება. ევროპის მიმართულებებიდან განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ხელმისაწვდომი ფრენები ქუთაისიდან, თუმცა წელს მათი რაოდენობაც შეზღუდული იყო", - ამბობს სალომე ბერაია.
ფასების თვალსაზრისით, ბერაია აღნიშნავს, რომ საახალწლოდ ვინც სექტემბრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე ტური დაჯავშნა, მნიშვნელოვნად იაფად ისარგებლა მომსახურებით : “ადრეული ჯავშნის შემთხვევაში, ფასები მინიმუმ 35%-ით იაფია, ვიდრე ბოლო წუთის ჯავშნების შემთხვევაში. ბოლო წუთის ჯავშნები ზოგჯერ 120%-ით ძვირი ხდება”, – განმარტავს PEGAS Touristik Georgia-ის და PEGAS Touristik Azerbaijan–ის დირექტორი.
სალომე ბერაიას რჩევით, მომხმარებლებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჯავშნები წინასწარ უნდა დაიწყონ, რადგან ბოლო წუთზე დაგვიანება არ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ადგილებს და ფასდაკლებებს. “ევროპაში ეს პრაქტიკა უკვე მრავალი წელია არსებობს – ადგილობრივები წინასწარ გეგმავენ მომდევნო წლის ჯავშნებს. საქართველოში ნდობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მომხმარებლებს მაინც ვურჩევთ, რომ არ დაელოდონ ბოლო წუთს”, – აცხადებს ბერაია.
წყარო: bm.ge