მთავრობა სურსათის ფასების შესწავლას იწყებს და ამ პროცესში არა მხოლოდ პარლამენტს და მის საგამოძიებო კომისიას, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც (სუს) რთავს.
ყველაფერი "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში სურსათის სიძვირის მიზეზი მაღალი ფასნამატი და მოგების ასევე მაღალი მარჟაა. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ დისტრიბუტორებსა და ქსელურ მარკეტებს შორის კარტელური გარიგებაც იყოს. კობახიძის მოწოდებას, რომ სურსათის ფასი საგამოძიებო უწყებებს შეესწავლათ, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მალევე გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოც და სუსიც.
კომისია პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზევე შეიქმნება. მანამდე კი სუს-ი "მკაცრი სამართლებრივი რეაგირებით“ იმუქრება. კობახიძეს იმედი აქვს, რომ ამ ფორმით სურსათზე ფასი შემცირდება.
"ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86% საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას.
ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცავ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა",- აცხადებს კობახიძე.
სუს-ის მხრიდან სამომხმარებლო კალათის შესწავლა თუ ახალია, სურსათის ფასების რეგულირების საკითხი სიახლე სულაც არ არის. 2023 წლის თებერვალში, მაშინდელმა პრემიერმა და ახლა უკვე დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა. დავალების მიუხედავად, ამ საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.
“ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ვიტყვი ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი თუ სხვა მათ შორის, შაქარი, მარილი, ზეთი საბითუმო ფასებზე დამატებულია 70-60-50-80% არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასები და ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ მოსახლეობას, ჩვენს ხალხს თითქმის 100%-იანი ფასნამატით პროდუქციის შეძენა. რაც კატეგორულად მიუღებელია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კობახიძის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურნენ ეკონომიკის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, თუმცა ჩნდება კითხვა: თუ ამხელა ფასნამატის შესახებ ჰქონდა სამინისტროს ინფორმაცია, აქამდე რატომ არ დაინტერესდნენ საკითხით.
“საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი, დამატებული ღირებულების გადასახადის გამორიცხვით, ორჯერ და უფრო მეტადაც იზრდება. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია ფასთა შორისი სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებს შორის. კერძოდ, შესადარის პროდუქტებზე საქართველოში ფასი 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია. აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველ მწარმოებლებს ქსელურ მარკეტებში შესვლა უჭირთ, რასაც განაპირობებს იმ სახელშეკრულებო პირობები, რასაც მსხვილი სავაჭრო ქსელები მიმწოდებლებს უწესებენ", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ბიზნესი პარლამენტის კომისიასთან თუ სხვა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
“დავიწყოთ იმით, რომ ვერცერთი სამუშაო ჯგუფი, საგამოძიებო კომისია თუ სამართალდამცავი ორგანო ფასის რეგულირებას ვერ გააკეთებს. ამის შესაძლებლობას არც ჩვენი საკანონმდებლო ნორმები იძლევა და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. სამუშაო ჯგუფს რაც შეეხება, მათ შეუძლიათ შეისწავლონ ის გარემოებები თუ საბოლოოდ რა ახდენს ნეგატიურ გავლენას და სიამოვნებით ჩაერთვება ასოციაცია ამაში, რადგან წლებია ვითხოვდით რომ ეს რეგულაცია უნდა მიღებულიყო. თუ სადმე კონკურენციის მიმართულებით დაირღვა არსებობს კონკურენციის სააგენტო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მათი სანქცირება და დაჯარიმება", - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეარჩია რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შეადარა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები, გააანალიზა ფასნამატის სტრუქტურა და ნახა, რომ საქართველოში პროდუქტი უფრო ძვირია.
ევროკავშირში პროდუქციაზე დაბალ ფასის მიზეზი საკუთარი წარმოების გარდა, შედარებით დაბალი გადასახადიც არის. ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში სურსათის რეალიზაციაზე მოქმედებს დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათი. ეს შეღავათი ეხება როგორც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, ასევე იმპორტირებულ საქონელს, მაშინ როდესაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია 18%-იანი დღგ-ით იბეგრება. მაგალითად, საქართველოში დაფასოებულ რძეზე დღგ საბოლოო ფასის 18%-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ის 4%-ს შეადგენს, პურზე დღგ 18%-ია, საფრანგეთში კი 5.5%-ია. არსებული საგადასახადო პოლიტიკა კი ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სუპერმარკეტების დახლებზე კარაქი, ყველი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, თუ სხვა დასახელების საქონელი მთელ რიგ შემთხვევებში იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე EU-ში. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია, რადგან შიდა წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ პროდუქტს იმპორტის გადასახადიც ემატება.
საქართველოში დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ პირველადი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მაგალითად მზესუმზირის გაყიდვა თავისუფალია დღგ-სგან, თუმცა მისგან წარმოებული ზეთი - არა.
"ზოგადად, საქართველოში სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტებიდან მიღებული გადამუშავებული პროდუქცია მაგალითად, პური და ზეთი დღგ-თი იბეგრება. მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ სახელმწიფოებსა და ევროპის ქვეყნებში, მოქმედებს სხვადასხვა სახის შეღავათები როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე. მთელ რიგ ქვეყნებში დღგ შესაძლოა ნულოვანი არ იყოს, თუმცა მერყეობდეს, მაგალითად, 4%-დან 7%-მდე ისეთ პროდუქტებზეც კი, როგორიც არის პური, კარაქი ან სხვადასხვა გადამუშავებული რძის პროდუქტი. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ საქართველოში გადამუშავებულ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზი ეს ფაქტორია, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ის ნამდვილად შეიძლება განიხილებოდეს", - აცხადებს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
მთავრობა დღგ-ის შემცირებას არ აპირებს, მეტიც კობახიძე ამბობს, რომ დღგ 18%-ია ფასნამატი კი 86%, ამიტომ ამ ორის შედარება არ შეიძლება.
“აგროქიზიყის” დამფუძნებელი ბექა გონაშვილი გვეუბნება, რომ ქვეყანაში სურსათი რომ გაიაფდეს ამისთვის ადგილობრივი წარმოებაა საჭირო.
“სურსათი უნდა გააიაფოს ადგილობრივმა წარმოებამ. როცა ქვეყანაში რაღაცას იაფად აწარმოებ და გაქვს შესაძლებლობა იაფად გაყიდო, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოდის. დღეს რაზეც ვლაპარაკობთ წლების განმავლობაში ამის შემოქმედი იყო ის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ტექნოლოგიები. არ ვიცით წარმოება არ ვაფინანსებთ სწორად. თუნდაც იაფი აგროკრედიტია თუ რაღაც გამოიყოს ის მიმართულება, რომელიც ეკონომიკურად უკეთეს შედეგს მოგცემს", - ამბობს გონაშვილი.
მას ასევე ვკითხეთ რომელია ის პროდუქტები, რისი წარმოების შესაძლებლობაც გვაქვს, თუმცა მაინც იმპორტდამოკიდებულები ვართ.
“პირველ რიგში სახელმწიფომ ცოდნაში უნდა ჩადოს ფული. ასევე ინფრასტრუქტურის გამართულობაში. მაგალითად სიმინდი შეგვიძლია გაცილებით მეტი ვაწარმოოთ, ვიდრე ახლა ვაწარმოებთ. მაგრამ აქაც იგივე ცოდნისა და გამოცდილების პრობლემაა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში ეს არ იყო ჩვენი ძირითადი კულტურა, ახლა ლაგოდეხში გაცილებით მეტი მოჰყავთ და 12-13 ტონას იღებენ ჰექტარზე, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოში 2.5 ტონას იღებენ. ამიტომ ეს არის გამოსასწორებელი", - ამბობს ბექა გონაშვილი.
საქართველო პროდუქტების დიდ ნაწილზე საკუთარ მოთხოვნას რომ ვერ აკმაყოფილებს ამას საქსტატის მონაცემებიც მოწმობს. ძირითად პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი უკვე წლებია დაბალია. სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა განსაკუთრებით გარე შოკების დროს ხდება ხოლმე აქტუალური. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შოკი პანდემია აღმოჩნდა, როცა მეზობელმა ქვეყნებმა სურსათზე ან კვოტები დააწესეს ან საექსპორტო გადასახადი გაზარდეს, რის გამოც პროდუქტი გაძვირდა. კრიზისების გარდა, ინფლაციაში სურსათს ყველაზე დიდი წილი აქვს, შესაბამისად, მისი გაძვირება ყველაზე მეტად აისახება სამომხმარებლო კალათაზე.
სუს-ში ან საგამოძიებო კომისიაზე სუპერმარკეტის მფლობელების, დისტრიბუტორების თუ იმპორტიორების დაბარებით რომ სურსათზე ფასი არ შემცირდება, ეს მთავრობაშიც კარგად იციან. ფასების კონტროლიც და ზედა ზღვრის დაწესებაც კონტრპროდუქტიულია, რადგან საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს იწვევს, ასევე მცირდება პროდუქციის ხარისხი და სხვა ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს. როცა საქმე ფასებზე მიდგება მთავრობას სხვადასხვა ბერკეტი აქვს, პირველი ინფლაციის კონტროლია, ასევე ქვეყანაში გადასახადის შემცირებაც სრულად მთავრობის გადასაწყვეტია და რაც მთავარია, გრძელვადიანი, თუმცა ყველაზე მდგრადი გამოსავალი ადგილობრივი წარმოებაა, რომელსაც ბიზნესის თქმით, ასევე მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება.
წყარო: Bm.ge