დიდი ბრიტანეთის მონარქმა ჩარლზ III-მ უმცროს ძმას, პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოართვა და სამეფო რეზიდენციიდანაც გააძევა. ამის შესახებ დადგენილება პრინცმა უინძორში მდებარე სასახლე როიალ ლოჯში, ანუ იმ შენობაში მიიღო, რომლიდანაც მონარქმა მისი გამოძევების განკარგულება გასცა.

როგორც სამეფო ოჯახში განმარტეს, ენდრიუს პრინცის რეგალია სამუდამოდ ჩამოშორდება და ცხოვრებას ენდრიუ მაუნთბატენ უინძორის სახელითა და გვარით განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მეფის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მონარქისა და მისი უმცროსი ძმის დახურული შეხვედრა, სადაც განხილვის საგანი პრინცისა და სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით გასამართლებულ ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს შორის არსებული კავშირები იყო.

სამეფო ოჯახს სერიოზული რეპუტაციული ზიანი სწორედ მას შემდეგ მიადგა, რაც დადგინდა, რომ ენდრიუ და ჯეფრი ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ე.წ. ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების საკითხმა აქტუალობა კვლავ შეიძინა, მონარქმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და უმცროსი ძმა სამეფო ოჯახიდან გაკვეთა.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის ელჩი პიტერ მენდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტრამერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ელჩ მენდელსონის გამოწვევა დაავალა და მიზეზად ახლად გავრცელებული მიმოწერა დაასახელა, რომლებიც სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ ფინანსისტს, ჯეფრი ეპშტეინსა და პიტერ მენდელსონს შორის ახლო ურთიერთობას ადასტურებს, რაც ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა.