ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ფაქტობრივად, დაადანაშაულა შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში.

3 სექტემბერს, პეკინში სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა და დაინტერესდა, ახსენებდა თუ არა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა გაიღო ჩინეთის თავისუფლების დასაცავად. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელები ახსოვთ და პატივს მიაგებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს შესანიშნავი დღესასწაული უსურვა და სი ძინპინს მიმართა, გულთბილი სურვილები გადასცეს ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ.

დღეს, 3 სექტემბერს პეკინში გაიმართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

აღლუმს 25-მდე ქვეყნის მეთაურები დაესწრნენ. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

ჩინეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ პეკინში გამართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

აღლუმს 25-მდე ქვეყნის მეთაურები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური, მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი სი ძინპინი აღლუმზე დამსწრეთა ცენტრალურ ტრიბუნამდე პუტინის და კიმ ჩენ ინის თანხლებით მივიდა.

ტრიბუნაზე სი ძინპინის მარჯვნივ პუტინი იჯდა, მარცხნივ - კიმი.

პეკინში დღეს, 3 სექტემბერს გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა 10 ათასამდე ადამიანი და ასეულობით ერთეული თვითმფრინავი და სახმელეთო ტექნიკა.

ჩინეთის და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ჩინეთის არმიამ საჯაროდ პირველად წარმოადგინა ზოგიერთი სახეობის იარაღიც, მათ შორის ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ტრიადის შემადგენელი რაკეტები.

აღლუმზე გამოსვლისას ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ დღეს კაცობრიობა ისევ არჩევანის წინაშეა - მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ კონფრონტაცია, ურთიერთმომგებიანი შედეგები თუ ნულოვანი თანხით თამაში, ჩინელი ხალხი კი მყარად დგას კაცობრიობის ცივილიზაციის პროგრესისა და მშვიდობიანი განვითარების გზაზე და ჩინელი ერის აღორძინებას ვერაფერი შეაჩერებს.

ჩინეთის მეთაურის განცხადებითვე, მსოფლიოს ქვეყნებმა ომის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრან და არ დაუშვან ისტორიული ტრაგედიების გამეორება, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მსოფლიოს სახელმწიფოებს ერთმანეთთან თანასწორი ურთიერთობები ექნებათ, ჰარმონიულად იცხოვრებენ და ერთმანეთს ხელს შეუწყობენ.

პეკინში დღეს გამართულ სამხედრო აღლუმს ევროკავშირის სახელმწიფოებიდან დაესწრო ერთადერთი ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.