"ჯეოქეისის" მრჩეველი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე აცხადებს, რომ EU-სთან დაშორებით, ეკონომიკური დოვლათის დაგროვება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც სოციალურ ქსელში ალავიძე წერს, ქვეყანა უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პარტნიორს დაკარგავს, რაც გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და ა.შ.

 

"რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ჰორიზონტ ევროპა, ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების, საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების, ენერგეტიკული, სოციალური და უამრავი სხვა მსგავსი პროექტის მხარდაჭერა?

ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს წვდომას თითქმის იგივე სიკეთეებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ევროპელი გადასახადის გადამხდელები იღებენ.

ევროკავშირი პირდაპირ და ირიბად აფინანსებს(და) უამრავ მნიშვნელოვან, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. უწევდა პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას, აღდგენდა ისტორიულ ძეგლებს და ეკლესიებს, და ა.შ.

ესაა პირდაპირი წვდომა 450-მილიონიან ბაზართან, როგორც ქვეყანაში შექმნილი დოვლათის ექსპორტისთვის, ასევე რეექსპორტის (ჰაბი რომ ვართ ყველაფრის, ხომ გახსოვთ) და უვიზო მიმოსვლის წყალობით ორმხრივი ტურიზმის სარგებელს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მაღალმხარჯველი ტურისტი.

EU-სთან დაშორებით, ეკონომიკური დოვლათის დაგროვება მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ქვეყანა უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პარტნიორს დაკარგავს. ავტომატურად, რადიკალურად შეიზღუდება წვდომა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან, როდესაც ურთულეს და კრიტიკულ შემთხვევებში, ისევ ევროპული დახმარებით უამრავი ქართველის სიცოცხლე გადარჩა.

ოდნავ რომ გავართულო - მნიშვნელოვნად ან სრულად შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და შესაბამისად, ცივილური სამყაროდან.

გადაიხედება (უარესისკენ) ქვეყნის სუვერენული რეიტინგები, რაც ბიუჯეტზე წნეხს გაზრდის, გაძვირებული სესხების გამო;

ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება შემცირდება ან თითქმის განულდება;

გაქრება კრიტიკულად საჭირო ინსტიტუციური რეფორმების და სამართლის აღსრულების მხარდაჭერა და თეორიული შესაძლებლობები (აქაც კომპეტენტური მხარდაჭერა და ფინანსებია საჭირო, ასევე).

გაუქმდება უამრავი სოციალური პროგრამა, რისი მოსარგებლე უკიდურესად მოწყვლადი მოსახლეობაა.

და რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, სრულიად მარტო ვრჩებით აგრესიულ მტერთან, პირისპირ.

გთხოვთ, გაიაზროთ ეს და კარგად გაიგოთ, რომ არანაირი "დიფსტეიტი" და გლობალური ომის პარტია არ არსებობს. არც კაცების გათხოვებას და დიდ გაუკუღმართებულ სეფაქორწილების გამართვას გთხოვენ არც კასპში და არც არცერთ რეგიონში.

თქვენი უმოქმედობით, დუმილით და ხელშეწყობით, ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილ რეჟიმს კვებავთ. ფართოდ დახუჭული თვალებით, წვრილი თუ მსხვილი ჰალეები და გრანდჰალეები ფიქრობთ, რომ “ეს თქვენ არ შეგეხებათ და არ გეხებათ”, მაგრამ ამ ქვეყნის ბიუჯეტი არაა იმხელა, რომ ასე "წარმატებულად" გაგრძელდეს მისი ჯიჯგნა და თქვენი კმაყოფილება ძალიან მალე დასრულდება.

იმედია, არ დაიზარებთ და ამ ტექსტს გაიაზრებთ, ძალიან მარტივი შეფასებადია ეს ზიანი, რაც შთამომავლობებს გადასწვდება", - წერს ნიკოლოზ ალავიძე.