აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს ამბიციური გეგმა ქობულეთს აღუდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედის კვირაში“ ისაუბრა.

"ქობულეთს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მე ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“, - განაცხადა მან.

მან EMAAR ჯგუფის დაგეგმილ ინვესტიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ახალი პროექტები მოიტანს დამატებით, გაზრდილ შემოსავალს აჭარის ბიუჯეტში და საშუალებას მისცემს მთავრობას კიდევ უფრო მეტი სასარგებლო პროექტი დააფინანსოს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა.

"ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით აჭარაში ბიზნეს სექტორის მაჩვენებელმა 2,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21 პროცენტით აღემატება.