შტატების პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების 60 დღით შეწყვეტას დათანხმდა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ჰამასმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მიესალმოს ინიციატივას ან მოემზადოს კიდევ უფრო მტკივნეული ხვედრისთვის.

როგორც გაირკვა, შეთანხმებას ისრაელის მხარემ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და დოკუმენტი კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების გავლით ჰამასის ხელმძღვანელობას ჩაბარდა. ტრამპის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის თანხმობა უკვე უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია და მოწინააღმდეგე მხარემ უარი არ უნდა თქვას იმ შეთავაზებაზე, რომელიც ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ჰამასის ამჟამინდელ წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუჟღერებიათ საბოლოო პოზიცია, თუმცა ცნობილია, რომ ინისი ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ბრძოლები საბოლოოდ დასრულდება, ისრაელი კი ღაზას სექტორს სრულად დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორმა მხარემ აქამდეც გააფორმა, თუმცა ის ორმხრივი უნდობლობის ფონზე მალევე დაირღვა.

არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, ღაზაში მცხოვრები პალესტინელები დადებითად შეხვდნენ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა წარსულში მიღებული უარყოფითი გამოცდილებების გათვალისწინებით, მაცხოვრებლებს ნაკლებად აქვთ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლისა და ისრაელის მიერ აღებული პასუხისმგებლობის პატივისცემის იმედი. მათ აშინებთ შეთანხმების ის კომპონენტი, რომელიც არა გრძელვადიან მშვიდობაზე, არამედ ბრძოლების ხანმოკლედ შეჩერებაზეა მომართული. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ცეცხლი შეწყდა, გაჩნდება შესაძლებლობაც, რომ ტყვეები დამატებითი რაოდენობის გაშვების სანაცვლოდ 60-დღიანი შეთანხმება გახანგრძლივდეს.

ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება ბოლო დღეებში გაჟღერებული მეორე სამშვიდობო ინიციატივაა. როგორც ცნობილია, სწორედ შტატების პრეზიდენტის შუამავლობით მოახერხეს ისრაელმა და ირანმა 12-დღიანი ომის დასრულება. 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზება თანხვედრაშია შტატების გაცხადებულ სურვილთან, დასტაბილურდეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ქვეყნებმა ომის ნაცვლად განვითარებასა და თანამშრომლობაზე გადაიტანონ ყურადღება.