საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური კავშირები არც ისე დიდია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ქვეყანა გასულ წლებში საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი იყო, თუმცა წელს ეს სურათი შეცვლილია და პირველ კვარტალში FDI-ის უარყოფითი მაჩვენებელი გვაქვს. განსხვავებული სურათია სავაჭრო ბრუნვაში, რაც ბრიტანეთიდან ნახატების შემოტანამ განაპირობა. BM.GE გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით დაინტერესდა და ინფორმაციას ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით გთავაზობთ.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლამდე არც ისეთი მოცულობითი იყო, თუმცა წელს დიდი ბრიტანეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ათეულში მოხვდა, რადგან წელს ამ ქვეყნიდან საქართველოში ნახატების იმპორტი გაიზარდა.

წლების განმავლობაში თუ შევხედავთ, გასული 5 წლის ჭრილში ქვეყნებს შორის ვაჭრობა სტაბილურად, მცირედით იზრდებოდა და 2024 წელს 170 მილიონ დოლარს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით დინამიკა კი ასეთი იყო:

2024 წელი - $170 მლნ;

2023 წელი - $159.6 მლნ;

2022 წელი - $123 მლნ;

2021 წელი - $105 მლნ;

2020 წელი - $96.1 მლნ;

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით კი საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა 436.5%-ით გაიზარდა და 354 მილიონ 551 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა. წელს ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით ქვეყანამ 5 მილიონ 945 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

ფეროშენადნობები - $2.8 მლნ;
რეზინის პნევმატური სალტეები - $743 ათასი;
ტრიკოტაჟის ნაწარმი - $709 ათასი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები - $596 ათასი;
მინერალური და მტკნარი წყლები - $229 ათასი;
რაც შეეხება იმპორტს, როგორც აღვნიშნეთ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი 481.2%-ით 348.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებულმა სამეფომ 4.8%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. იმპორტის ამგვარი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სურათებისა და ნახატების გაზრდილი შემოტანებია, რომლის იმპორტი წლის დასაწყისში მოხდა. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

სურათები და ნახატები - $252.7 მლნ;
საფრენი აპარატები - $23.8 მლნ;
მსუბუქი ავტომობილები - $20.8 მლნ;
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - $10.4 მლნ;
სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $4.2 მლნ;
FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო 2024 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო, რასაც საფინანსო და სადაზღვევო სექტორში შემოსული FDI განაპირობებდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში სამეფოდან ქვეყნის ეკონომიკაში 448 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ჯამური FDI-ის 33%-ია.

2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფო არ გვხდება. უფრო მეტით, წელს პირველ მეოთხედში ამ ქვეყნიდან FDI-ის გადინება დაფიქსირდა, რაც -56 მილიონ 947 ათას დოლარს შეადგენდა. ეს შესაძლოა, ქვეყნიდან ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას უკავშირდებოდეს.

ფულადი გზავნილები

გაერთიანებული სამეფოდან ფულადი გზავნილები სტატისტიკა არც ისე დიდია, თუმცა დინამიკა მზარდია. გასულ წელს ამ გზით ქვეყანაში 48 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის 5 თვეში კი გაერთიანებული სამეფოდან გადმორიცხული თანხის მოცულობამ 20 მილიონ 131 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ტურიზმი

გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში მოგზაურობით წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, რაც სტატისტიკაზეც აისახება. თუმცა დასავლეთ ევროპის კუნძულოვანი სახელმწიფოდან ვიზიტების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია. ამ მიმართულებიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა რეკორდული 2019 წელს [37 478 ვიზიტი] ანუ პანდემიამდე იყო, პანდემიური 2020 წლის შემდეგ კი რიცხვები მზარდია. 2024 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან 32 372 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის რიცხვებს 5.3%-ით აღემატება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს პანდემიამდელი რეკორდული მონაცემები აღდგენილი არ არის.

2025 წლის პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან სულ 6 506 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მხოლოდ 22 ვიზიტით ანუ 0.3%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. თბილისი-ლონდონის მიმართულებით ავიარეისების შესრულება British Airways-მა და EasyJet-მა დაიწყეს. პირდაპირი ხეზების აღდგენის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მიმართულებიდან ტურიზმის მაჩვენებლების ზრდას ელიან.

წყარო: bm.ge