კომპანია "Danish Renewables"-ის ქართული შვილობილი გორის მუნიციპალიტეტში 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანია "ჯიდიეი დანრემ" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქარის ელექტროსადგურის გზშ ანგარიში უკვე წარედგინა და მისი განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვის მოპოვება ესაჭიროება.
კომპანია შპს ჯიდიეი დანრე 2022 წელს დაფუძნდა, მასში 50%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია "Danish Renewables-ს, ხოლო 50%-იანი წილი კი კომპანია "ჯიდიეი გრინ ენერჯის", რომლის პარტნიორებიც არიან გიორგი შაგიძე; დიმიტრი ბოჭორიძე; დიმიტრი ბროდსკი და ოკსანა ბროდსკაია.
კომპანია "ჯიდიეი დანრე" საქართველოში ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე რამდენიმე წელია მუშაობს, 2024 წლის თებერვალში კი კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსთან გორში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმიც გააფორმა.
"საპროექტო ელექტროსადგური ითვალისწინებს 80.0 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს, 324 მილიონი კილოვატ საათის წლიური გამომუშავებით. 20 ერთეული ტურბინის შეძენას და მონტაჟს, თითოეული 4.2 მგვტ. დადგმული სიმძლავრით.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში სოფელ გორიჯვარის, ღვლევის, ტყემელასა და ხიდისთავს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრის სიმაღლეზე, ქ. გორიდან 8 კმ-ის დაშორებით.
ქარის სიხშირიდან და გამომუშავებიდან გამომდინარე, ყველა ტურბინის მიერ გამომუშავებული ენერგია დაბალანსებული იქნება ისე, რომ ჯამური გამომუშავება არ გადააჭარბებს მემორანდუმით დადგენილ ლიმიტებს (80 მგვტ),"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტის თანახმად, ქარის ელექტროსადგური აღიჭურვება დანიური კომპანია Vestas-ის წარმოების ქარის ტურბინებით. ტურბინის კოშკის სიმაძლე 91.5 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი კი 117 მეტრი იქნება. თითოეული ტურბინის დადგმული სიმძლავრე 4.2 მეგავატ საათი იქნება.