რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს დამტკიცებულ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რაც რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი M3 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილების სქემის განახლებას გულისხმობს. შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2025 წლის 25 ივნისს მიიღო.
დადგენილების თანახმად, განახლდა ავტობუსების მოძრაობის სქემა და ჩამოყალიბდა ახალი მარშრუტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და უკან გადაადგილდებიან. ცვლილება შეეხო მარშრუტების დისლოკაციის ადგილებს და მოძრაობის სქემებსაც.
საკრებულოს განმარტებით, მიზანი გადაადგილების სერვისის გაუმჯობესება და მგზავრთა საჭიროებებზე უკეთ მორგებული მარშრუტების ჩამოყალიბებაა.
მთავარი ცვლილებები შვიდ ძირითად მარშრუტს მოიცავს. ავტობუსები შემდეგი ადგილებიდან და მარშრუტებით იმოძრავებენ:
ნავთლუღის ქუჩა №6/2-ის მოპირდაპირე მხრიდან – რუსთავის რკინიგზის სადგური, შარტავას გამზირი, რუსთავის გზატკეცილი და სხვა ძირითადი არტერიები;
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია – ქვემო ფონიჭალის დასახლების მიმართულებით და უკუმიმართულებით;
ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია – რუსთავის გასასვლელიდან შემოსასვლელამდე;
სპორტის სასახლე და დიდუბე – წრიული მარშრუტით;
თსუ-ის მაღლივი კორპუსი – გაგარინის ქუჩიდან რუსთავის მიმართულებით და უკან;
რკინიგზის სადგური – რჩეულიშვილის, ლეონიძის, ტაშკენტის, აღმაშენებლის და სხვა ქუჩების გავლით.