დღეს, 13 ივნისს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“. ნეთანიაჰუს თანახმად, სამიზნე იყო ურანის გამდიდრების მთავარი ობიექტი ქალაქ ნათანზში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამიზნეებს შორის იყვნენ ირანელი ფიზიკოსებიც, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. მისივე ცნობით, დაარტყეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრსაც.
ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება გასანეიტრალებლად ირანისგან მომდნარე საფრთხის, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები იყო ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.
ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს არა მხოლოდ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობაზეც.
დასავლეთის და ირანის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ, ლიკვიდირებული არიან ირანის გენერალური შტაბის უფროსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანზე ისრაელის შეტევას ისრაელის „ცალმხრივი მოქმედება“ უწოდა. რუბიოს განცხადებით, აშშ ირანზე დარტყმებში არ მონაწილეობს და მისი მთავარი პრიორიტეტია რეგიონში მყოფი ამერიკული ძალების დაცვა.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ისრაელმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ ირანზე შეტევა თავდაცვისთვის საჭირო ზომა იყო.
მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებისა, რომ ირანზე ისრაელის დარტყმაში არ მონაწილეობდა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა ვაშინგტონსაც დააკისრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ „სიონისტური რეჟიმის აგრესიის მსგავსი აქტები“ ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების ნებართვისა და მასთან კოორდინაციის გარეშე, ამიტომ ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის მთავრობასაც, როგორც „რეჟიმის მთავარ მფარველს“.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის არმიის შეტევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. ტრამპის თანახმად, აშშ ისრაელისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე დარტყმის გეგმის შესახებ, მაგრამ მასში არ მონაწილეობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლებმა ირანის ტერიტორიაზე 330-ზე მეტი საბრძოლო მასალით დაარტყეს 100-ზე მეტ სამიზნეს - სამხედრო და ბირთვული პროგრამის ობიექტებს.
დეფრინის თანახმად, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამად ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩონოსანი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი. ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტევა განხორციელდა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებზეც.
ირანის ხელისუფლებასთან კავშირის მქონე სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ჩართული 6 მეცნიერი.