თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.
ორივე ბრალდებული ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ვლადისლავ მაკარჩუკმა და ალექსეი კოროლევმა მოსამართლის არცერთ კითხვას არ უპასუხეს.
ამის მიუხედავად, საქმის პროკურორი ამბობს, რომ უმძიმესი ბრალდება ორივე დაკავებულმა აღიარა. ახლა ორივე მათგანს უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, რომელიც პროფესიით აიტი ტექნოლოგია, დედაქალაქის ცენტრში, მაჭავარიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი იქირავა და სწორედ აქ მოაწყო ნარკოტიკების ლაბორატორია.
გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. საგამოძიები მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის, გახლავთ კოკაინის თხევადი ნივთიერება 7 ლიტრამდე, ასევე ამოღებული იქნა 2 კგ-ზე მეტი მცენარე კანაფი, რომელიც დათესეს და მოიყვანეს საცხოვრებელ სახლში, ნაქირავებ ბინაში. აღნიშნული ბრალდებული, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს, - ამბობს პროკურორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ ლაბორატორიაში, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. გამოძიება ახლა ადგენს, ახდენდნენ თუ არა ამ კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციას ბრალდებულები და რამდენი ხანი გრძელდებოდა მომაკვდინელებელი ნივთიერებით ვაჭრობა.
ამის შესახებ ბრიფინგზე დეტალურად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.
როგორც დარახველიძემ თქვა, დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.
ასევე სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.
„როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.
საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე, დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის - 2370 ფაქტი. ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 1712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 157 პირი.
პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“; 72 კგ „მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ,”- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.