Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

რამდენიმე დღის წინ, ვაკეში, ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. ის საქართველოს დედაქალაქში, ახლობლის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული და ქილერის ტყვია ვაკეში დაეწია. მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა ყოფილი სპეც-რაზმელი, გელა უძილაური დააკავეს და მართალია, იგი დუმილის უფლებას იყენებს, ეჭვი არავის ეპარება, რომ მკვლელი სწორედ ის გახლავთ. სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც განსაკუთრებით ვაკეში მრავლად არის, ნათლად ჩანს, როგორ ელოდება ქილერი ჯანგველაძეს და შემდეგ, როგორ ესვრის მას. სწორედ, ეს აჩენს ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს.
„გელა ერთი ჩუმი, თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ძალოვანი უწყებიდან არც თუ დიდი ხნის წინ წავიდა, ვიღაცის კერძო დაცვაში დაიწყო მუშაობა და დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ რომ შევხვდი, თავად თქვა, არ უნდა წავსულიყავი, სხვა მოლოდინები მქონდაო. რომ არა კამერების ჩანაწერი, ვერ დავიჯერებდი, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო. იცით, რა მაინტერესებს? გელა გამოცდილი, ძალიან გამოცდილი პროფესიონალია და რატომ მოძრაობდა ასე ღიად, რატომ არ მალავდა სახეს, ელემენტარულად, ხომ შეიძლებოდა, პირბადე ჰქონოდა? მან ზუსტად იცოდა, რომ გაშიფრავდნენ და თანაც ძალიან მალე, მაგრამ... ვერ ვხვდები, ეს რატომ გააკეთა. ახლა, რაზეც ვფიქრობ, მისი ოჯახის უსაფრთხოებაა, არავინ იცის, როგორი იქნება შურისძიება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოკლა, მთავარია, მოკლა ადამიანი, რომელთა ახლობლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ შურისძიების წყურვილი და ეს ლოგიკურიცაა“,-გვითხრა დაკავებულის ყოფილმა თანამშრომელმა.
„ბევრი ამბობს,რომ ეს შეკვეთილი მკველობა იყო და ეგებ, მეც ვეთანხმებოდე ამ ამბავს, მაგრამ პატარაა საქართველო, ძალიან პატარა. დაკავებული, სამსახურიდან წასვლის შემდეგ, კერძო დაცვებში მუშაობდა, ე.წ. „ლიჩნიკი“ იყო და ყველა შემთხვევაში, კრიმინალთან დაკავშრებულ ადამიანებს იცავდა. ანუ, რეალურად, ის კარგად იცნობდა და იცოდა ამ სფეროს ამბები, თუმცა, რა მოხდა რეალურად, ამას გამოძება კი არა, დაზარალებული მხარე დაადგენს. დამიჯერეთ, მერაბ ჯანგველაძე სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს, სიმართლის და არა მოარული ხმების და სწორედ ამის შემდეგ იქნება შურისძიება“,-ეს კი, ევროპაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა გვითხრა, რომელიც ე.წ. „შავ სამყაროს“ ძალიან კარგად იცნობს.