რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით, იაფიანი ლიმონათების წარმოებით დაკავებულმა კომპანია PKV-მ მაღაზიათა ქსელებისთვის “კოკა-კოლის” ბრენდის სასმელების შეთავაზება დაიწყო, რომლებიც, როგორც ჩანს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სამაჩაბლოში, ანუ სამხრეთ ოსეთში იწარმოება. როგორც რიტეილერებისთვის გაგზავნილი პრეზენტაციიდან ვიგებთ, ბოთლებზე დატანილი ეტიკეტი ფაქტობრივად იდენტურია იმ “კოკა-კოლისა”, რომელიც ქვეყანაში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყიდებოდა.
როგორც ჩანს, სამაჩაბლოში დარეგისტრირდა კომპანია, სახელწოდებით “კოკა-კოლა კომპანი”, რომელმაც ადგილობრივი უწყებისგან საერთაშორისო ბრენდის გამოყენების უფლება მიიღო. ის, თუ რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე თავად ამერიკული The Coca-Cola Company უცნობია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დროებით ოკუპირებულ სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, რომელთა შორის ნამდვილად არ არის შეერთებული შტატები, რუსულმა მაღაზიათა ქსელებმა, შესაძლოა, კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაზე უარი თქვან.
Coca-Cola-ის ბრენდი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ “კოკა-კოლა ოსტს” ეკუთვნის, რომელსაც ის 2034 წლამდე ფლობს, მაგრამ დადგენა იმისა, თუ რა კავშირი არსებობს სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ “კოკა-კოლა კომპანის” და “კოკა-კოლა ოსტს” შორის შეუძლებელია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე იურიდიული პირების ელექტრონული რეესტრი არ არსებობს.
როგორც ოკუპირებული ოსეთის ე.წ. საპატენტო უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიასთან შარშან განაცხადა, ტერიტორიაზე უკვე დარეგისტრირდა The Coca Cola Company-ის სხვა ბრენდები, მათ შორის Fanta და Sprite-ი.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი, რომელიც რუსეთისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ პოზიციონირებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე პარიზის ხელშეკრულების წევრი არ არის და საერთაშორისო ბრენდების “რეგისტრაცია”, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება. ამასთან, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას ფაქტობრივად არ აქვს დიპლომატიური კავშირები, რაც მას ფარული კომერციული მოქმედებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
რუსეთის ფედერაციაში “კოკა-კოლის” ბრენდების მფლობელი თავად ამერიკული The Coca-Cola Company-ია, რომელმაც სავაჭრო ნიშნები როსპატენტში დაარეგისტრირა. ბრენდების გამოყენების უფლების ვადა 2022 წელს ამოიწურა, მაგრამ მოგვიანებით, ის 2032 წლამდე გახანგრძლივდა. რუსეთის ბაზარი “კოკა-კოლამ” უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ბრენდების გამოყენების უფლება მხოლოდ ამერიკულ ჰოლდინგს და მის შვილობილ კომპანიებს აქვს, ანუ ამერიკულ The Coca-Cola Company-ის შეუძლია, დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული კომპანიის და მისი რუსული დედაკომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ The Coca-Cola Company რუსეთის ფედერაციიდან ოფიციალურად გავიდა, რუსულ მაღაზიებში “კოკა-კოლის” ბრენდის სასმელები დღესაც იყიდება, რაც პარალელური იმპორტის დამსახურებაა, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანიდან, აზერბაიჯანიდან და ავღანეთიდან ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, The Coca-Cola Company-ში შემავალი სხვადასხვა ბრენდის, მათ შორის Coca-Cola-ის, Fanta-ს, Sprite-ის სასმელების წარმოება რუსეთშიც ფუნქციონირებდა. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კომპანიის მფლობელმა ამერიკულმა ჰოლდინგმა ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, ხოლო ადგილობრივი კომპანია Coca-Cola HBC Eurasia ადგილობრივ ბიზნესმენებს მიჰყიდა, რომელთაც ცნობილი გაზიანი სასმლის რუსული ანალოგის, Добрый Cola-ს ჩამოსხმა დაიწყეს. ამ სასმლის რეცეპტი და გემოვნური თვისებები ამერიკულისგან მკვეთრად განსხვავდება.
წყარო: bm.ge