Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ბრალდების მხარის განცხადებით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძესა და მის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ ესროლა. პროკურორმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა - „უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა" - აღნიშნა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა. 

მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 14 მარტს გვიან ღამით თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც. 

პოლიციამ ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. 

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  წარედგინა, რაც 16 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ბრალდებულ გელა უძილაურის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები დღეის მდგომარეობით არ დევს. 

„კადრები დღეის მდგომარეობით მე არ მაქვს საქმეში, როგორც მტკიცებულება. დღეის მდგომარეობით, რაც სასამართლოში შემოვიდა, აღნიშნული კადრები არ არის. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები (საუბარია მედიაში გავრცელებულ კადრებზე) არ მინახავს საქმის მასალებში. არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა", - ამბობს ადვოკატი. 

ყოფილ სპეცრაზმელს საკუთრ სასამართლო სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ მსჯელობას სასამართლო 13 მაისს გააგრძელებს. 

ჰყავდა თუ არა თანამზრახველი გელა უძილაურს? - ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ "რა ვითარებაში, ვისთან ერთად, არსებობდა თუ არა დამხმარე ან თანამზრახველი, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

"პირველების" კითხვაზე, ეკეთა თუ არა უძილაურს სილიკონის ნიღაბი, ბრალდების მხარე ამბობს, რომ ნიღაბთან მიმართებაში არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

რაც შეეხება ამოღებული აქვს თუ არა პროკურატურას სატელეფონო ანძის ჩანაწერები და დადგენილი აქვს თუ არა, ვის ესაუბრებოდა უძილაური ტელეფონზე სისხლიან ანგარიშსწორებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პროკურორი აცხადებს, როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია ექნებათ, სასამართლოს აუცილებლად მიაწვდიან.

უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა მოკვლის განზრახვით გასროლები. ვმუშაობთ ყველა შესაძლო საკითხზე.  ბრალდებულის მხილება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში მოხდა საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ეს არის დათვალიერების ოქმები, ეს არის ნიმუშები, ეს არის უშალოდ ამოცნობის ოქმები და აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. 

ნიღაბთან მიმართებაში ბრალდების მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება ტელეფონს, აღნიშნული არის საგამოძიოებო მოქმედებების განხორციელების მიმართულება, აღნიშნულზე ინფორმაცია როდესაც გვეცოდინება და გვექნება, წარმოვადგენთ სასამამართლოზე. 

რა ვითარებაში, ვისთან ერთად, არსებობდა თუ არა დამხმარე ან თანამზრახველი, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს საქმის პროკურორი. 

ამავე თემაზე:

„კანონიერი ქურდის“ ძმა და კრიმინალურ წრეებში დაახლოებული პირი - რა არის ცნობილი ჭავჭავაძეზე მოკლულ ბიზნესმენზე