რიგით 69-ე ევროვიზია შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარდება. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა. ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.
ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music - „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც ევროვიზიის ბრენდსტრატეგიის ნაწილია. ამჟამად ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობა 24 ქვეყანას აქვს დადასტურებული. კონკურსს 2025 წელს მონტენეგრო უბრუნდება.
საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით „Visionary Dream“. ბოლო, 2024 წლის ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყანა ნუცა ბუზალაძემ წარადგინა. საქართველო "ევროვიზია 2024"-ის კონკურსზე 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა.
2025 წლის ევროვიზიამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ წარადგენს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე.
ვინ წარადგენს საქართველოს წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?
საზოგადოება აქტიურად გულშემატკივრობს ქართველ მომღერალ ბარბარა სამხარაძეს, რომელმაც კონკურსის შესახებ ისაუბრა და ვიდეოც ჩაწერა.
"ბევრი შეტყობინება მომდის, რასაც ძალიან ვაფასებ და მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ – ეს ჩემთვის დიდი პატივია.თუმცა, ამ ეტაპზე რესურსი არ მაქვს და არც მზადყოფნა, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდე.პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის რომ საქართველო წარვადგინო და ვიმედოვნებ, რომ შანსი მომეცემა და შევძლებ, ვიყო თქვენი ხმა.ამჯერად კი, მთელი გულით მინდა, რომ საქართველო ნინი აირისმა წარადგინოს – მჯერა, რომ მას შეუძლია ღირსეული და გამორჩეული გამოსვლა", - დაწერა ბარბარა სამხარაძემ სოციალურ ქსელში.
"ევროვიზიაზე“ საქართველოს წარდგენისთვის იბრძოდა ასევე შტატებში მცხოვრები ქართველი შემსრულებელი ნინი ბრეგვაძე. მისი სასცენო სახელი ნინი აირისია. იგი, ასევე ქართველი მსმენელის ფავორიტი მომღერალია, რომელმაც ამერიკულ "ვოისში" უდიდეს წარმატებას მიაღწია.
"ჩემო უძვირფასესო ქართველებო, ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე და, ასევე, ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს! ველოდები პასუხს! მიყვარხართ", - დაწერა ნინი ბრეგვაძემ.
საკონკურსო სიმღერა ჰქონდა გაგზავნილი თათია კობალაძეს, რომელიც ბოლო თვეებია სიმსივნეს ებრძვის და კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად მისთვის და ამ კონკურისთვის დაწერა სიმღერა.
"ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის, ან ნაკლებად, არა, დღეს ყველა კარგად მღერის! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი. სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ, სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!
სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ რომც არ იყოს, მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს, რომ კიბო განაჩენი არ არის. სიმღერაც ამაზე გვაქვს და, ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შემთხვევა და იმედია იმ ადამიანებისთვის, ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია! თქვენ რას იტყვით, მეგობრებო? თათიას აქვს ის ენერგია, რომ წარმატება მოგვიტანოს!" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
თათია კობალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კონკურენციასა და კონკურსის გამარჯვებულ სიმღერაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს, "ევროვიზიაზე" საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს.ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ გავრცელებულა, თუმცა როგორც შემსრულებელი ამბობს, ყველაფერი გადაწყვეტილია.
"ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, რომ წელს, "ევროვიზიას" საქართველოდან წარადგენს მარიამ შენგელია, ქეთი გაბისიანის სიმღერით „ანი ბანი“. მარიამს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ როგორც ქართველს და ასე იქნებოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო.
ჩემი სიმღერის ავტორი იყო უნიჭიერესი გოგო, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც მშვიდად ელოდება პასუხს კითხვაზე, ვინ შეაფასა სიმღერა და ვინ გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა არ უნდა გასულიყო "ევროვიზიაზე". ამ კონკურსში იმარჯვებს სიმღერა და არა შემსრულებელი.
მაიკო ელოდება პასუხს, ვინ იჯდა კომისიაში ვინ გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა არ უნდა გასულიყო. დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობდი, რომ ეს სიმღერა იყო მარიამის სიმღერა, რომელიც უნდა გაეტანათ. ასევე დადიოდა ჭორები, რომ მარიამი არის გადაწყვეტილი და აზრი არ აქვს. რამდენად მომგებიანია სიმღერა „ანი ბანი“ „ევროვიზიისთვის“ ეს არ ვიცით და ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გავასაჯაროო სიმღერა, რომელიც გავგზავნე, რადგან შემდეგ წელს, მზად იყოს ეს სიმღერა. მუსიკის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი, ტექსტის ავტორი ბიბი კვაჭაძე.
სუბიექტური ვარ თუ ობიექტური, მესიჯი რომელიც ჩემს სიმღერაში იდო, ეს იყო მოგების გარანტი. თუ კი ვინმეს უნდოდა, რომ შანსი ჰქონოდა საქართველოს გამარჯვების უნდა წასულიყო ეს სიმღერა. რა თქმა უნდა გული დამწყდა, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის პირველი შემთხვევა. ამის გამო, დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ, ჩემთვის მისაღებია ყველანაირი გადაწყვეტილება, თუმცა აქვე ვამბობ, რომ ის მესიჯი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო გამარჯვების გარანტია.
ახლა ის დროა, დაველოდოთ ევროვიზიას, წარმატებები ვუსურვოთ მარიამს და დაველოდოთ პოპკორნით ნახევარფინალს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა გაქვს მესიჯი, რომლის გატანაც მინდოდა, რატომაც არა, თუ ვინმეს მივცემდი სტიმულს, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი და ჩემს ქვეყანას წარმატებას მოვუტანდი, რატომა არა. ბოლო წამამდე ვიბრძოდი, რომ ყოფილიყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ...
ის ხალხი ვინც მწერდა, ლოგინში უნდა იწვე და ჯანმრთელობას მიხედეო, კარგით ხალხნო, ლოგინში ვიწვები და მომავალ წელს აუცილებლად წავალ „ევროვიზიაზე“. - განაცხადა მომღერალმა თათია კობალაძემ.