ადრე ასე იყო - როცა სკოლას ამთავრებდი, ან იმ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩაგებარებინა, ორმელსაც სამხედრო კათედრა ჰქონდა, ან - ჯარში წასულიყავი. სამხედრო სავალდებული სამსახური, მართლაც ყველასთვის სავალდებულო იყო და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ჯარში მიდიოდა ყველა. ცალკე თემაა, ჯარში თავს გადახდენილი ისტორიები. რა თქმა უნდა, ბევრი სინამდვილე და უფრო ბევრი გაბუქებული ამბები იმის შესახებ, როგორ გადაირია გენერლის (პოლკოვნიკის მაინც) ცოლი სწორედ ამ ქართველ ჯარისკაცზე და როგორ ხვდებოდა მას მთელი ორი წლის განმავლობაში. ისიც ბევრჯერ გექნებათ გაგებული, რომელიმე შენაერთის სარდალი როგორ სთავაზობდა საქართველოს რომელიღაც სოფლიდან ჩასულ ახალგაზრდას ერთადერთი ქალიშვილის ხელს, გულს და კიდევ რაღაცეებს იქ დარჩენის სანაცვლოდ, მაგრამ ამათ საკუთარი სოფელი ეძახდა და... ისე, სახლიდან რამდენიმე ასეული თუ ათასი კილომეტრით დაშორებული ახალგაზრდები, დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობდნენ, თავი გაჰქონდათ, ეჩვეოდნენ დისციპლინას და არ იყო ეს ცუდი.
მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა გოგონამ დარეკა და განაცხადა, რომ მისი ძმა მოკლეს. გოგონამ მკვლელის ვინაობაც დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მისი ყოფილი საქმრო გახლდათ. რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი, ექსპერტები და სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი იყო და მართალია, მას თავზე ჭრილობა ეტყობოდა, ექიმმა განაცხადა, კისერი აქვს გადამტვრეული და გარდაცვალების მიზეზიც, უდიდესი ალბათობით, ეს არის, თუმცა საბოლოო დასკვნას, გაკვეთის მერე დავდებო.
„ჩემი ძმა... ერთადერთი ძმა... იმ ცხოველმა მომიკლა... ზუსტად ვიცი, იმან მოკლა...“,-გაურკვევლად ყვიროდა გოგონა და ექიმი იძულებული გახდა, მისთვის დამაამშვილდებელი გაეკეთებინა. ის შეძლებისდაგვარად დაწყნარდა და გამომძიებლების კითხვებსაც ამომწურავად უპასუხა.
„მე მყავდა შეყვარებული, უფრო სწორედ, საქმრო, რომელსაც ჰყავს გავლენიანი მამა, ამიტომ, ის ჯარში არ წაიყვანეს. ჩემს მოყვანას აპირებდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. სახლთან შემხვდა მეგობარი, რომელიც დიდი ხანი არ მენახა, გადავეხვიე, ჩავეხუტე და ამ დროს, საიდანღაც ჩემი საქმრო გამოჩნდა, ამ ბიჭს ისეთი მოსცხო, ყბა ორ ადგილზე გაუტყდა. საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო და მამამ შვილს მაშინვე ჯარში უკრა თავი, ასე ვთქვათ, აქაურობას გაარიდა. მერე იყო მიმოწერა, პირობა, რომ დაველოდებოდი, მაგრამ დაახლოებით რვა თვის წინ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უზომოდ შემიყვარდა. საქმროს ვერანაირად ვერ ვეტყოდი, რომ გათხოვებას ვაპირებდი, მითუმეტეს, წერილებში ხშირად მწერდა, რომ თუ არ დაველოდებოდი, მეც და ჩემს რჩეულსაც უბრალოდ მომკლავდა. ამიტომ, გადავწყვიტე, სანამ ის ჩამოვიდოდა, ორი თვით ადრე გავთხოვილიყავი და ქალაქსაც გავცლოდი, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, ის მოულოდნელად გამოჩნდა და საერთო მეგობრებისგან გაიგო, რომ გათხოვებას ვაპირებდი. მე დავიმალე, საქმროს ვუთხარი, რომ ქალაქიდან გავედი და ჩემი საცხოვრებელი მხოლოდ ძმამ იცოდა. ჰოდა, დღეს დილით, ძმამ მითხრა, ბოლოს და ბოლოს, ასე როდემდე უნდა დავიმალოთ, წავალ, ვნახავ და დაველაპაარაკები, ავუხსნი რაც ხდებაო. შეხვდა, დაელაპარაკა, ბედნიერი მოვიდა, ყველაფერი გაიგოო. მეც გამიხარდა, ცოტა ხანში მაღაზიაში გავედი და რომ დავბრუნდი, ასეთ მდგომარეობაში დამხვდა“,-განაცხადა გოგონამ.
სამართალდამცავები ეჭვმიტანილის დასაკავებლად გავიდნენ, მაგრამ... ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, მამამისი კი, ფოიეში ნერვიულად სცემდა ბოლთას.
„ორი საათის წინ მოიყვანეს, მე შინ ვიყავი, რომ დამირეკეს. გზაში გამხდარა ცუდად. ჯარიდან ჩამოიტანა ფილტვების დაავადება, ეკეტება ხოლმე, სუნთქვა უჭირს. არადა, მგელივით ბიჭი იყო, მაგრამ იქ გაცივდა და ყურადღება არ მიაქცია. ეს შემრჩა მარტო, მეუღლე მომიკვდა, ამას რომ რამე დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ“,-ამბობდა კაცი და ცრემლი სდიოდა.
ექიმებმა დაადასტურეს, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, მართლაც მოქალაქეებმა მიიყვანეს და ეს იმ დროს მოხდა, როცა ის ბიჭი, რომლის მკვლელობის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ, ცოცხალი იყო. გამოდიოდა, რომ ჯარიდან ჩამოსული ახალგაზრდა მკვლელობას ვერანაირად ვერ ჩაიდენდა, მაგრამ... საქმე თავდაყირა დგებოდა, რადგან სხვა ეჭვმიტანილი გამოძიებას კი არა, დაზარალებულებსაც არ ჰყავდათ. როცა გოგონას უთხრეს, რა მოხდა, ის ჯერ ჩაფიქრდა, მერე კი თქვა, შეიძლება მამამისმა ჩააწყო ეს ყველაფერი, გავლენა და ფული ისევ აქვსო, თუმცა, ექიმებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც ფაქტს შეესწრნეენ, ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ეჭვმიტანილი კლინიკაში სამართალდამცავთა მოსვლამდე ორი საათით ადრე შეიყვანეს. გამორიცხული იყო, მამას, რა გავლენა და ფული არ უნდა ჰქონოდა, ასე მცირე დროში, ათამდე ადამიანის „შეკერვა“ მოესწრო და პარალელურად, ექიმისთვის, ორი მედ-დასთვის, ჟურნალის მწარმოებელი რგისტრატორისთვის თანხა გადაეხადა.
სამართალდამცავებმა გარდაცვლილის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს, დაადგინეს ახალი საქმროს ვინაობაც, ისიც კი იფიქრეს, იქნებ სამქროს ჰქონდა რაიმე ინტერესი, მომავალი ცოლის ძმა მოეკლაო, მაგრამ ორივე შემთხვევაში კოვზი ნააცარში ჩაუვარდათ. როგორც გარდაცვლილს, ისე საქმროს, ყველა დადებითად ახასიათებდა, ყველა ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რომ გამორიცხულია, რომელიმეს გულში ცუდი ჰქონოდა და რეალურად, მიახლოებითაც კი ვერავინ თქვა, რის გამო შეიძლებოდა მოეკლათ ბიჭი. ვერსია ერთადერთი იყო - ის შეიძლებოდა მოეკლა ყოფილ საქმროს, რომელიც ფილტვების უკმარისობით იწვა საავადმყოფოში და პრაქტიკულად სიკვდილს ებრძოდა. თანაც, ექიმები ამტკიცებდნენ, ადრე ვინ და რა იყო ეს ბიჭი, არ ვიცით, მაგრამ, ფილტვების დაავადების გამო, ძალა საერთოდ აღარ აქვს და კისრის გადამტვრევას კი არა, ფანქრის გატეხვას ვერ შეძლებსო. ეს მოსაზრებაც ეჭვმიტანილის სასარგებლოდ მეტყველებდა და გამოდიოდა, რომ სამართალდამცავებს აუცილებლად სხვა უნდა ეძებნათ, ის, ვინც არსებული სიტუაციით ისარგებლა და ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა.
ორი დღის შემდეგ, საავადმყოფოში მიყვანილი ბიჭი აზრზე მოვიდა და როცა უთხრეს, რომ მისი ყოფილი შეყვარებულის ძმა მოკლეს, გაოცდა. ძალოვნები დარწმუნდნენ, რომ ამას ვერ ითამაშებდა, რადგან გაოცება იმდენად აშკარა და ბუნებრივი იყო, რომ...
„იმ დღეს ვნახე, ვისაუბრეთ, მითხრა კიდეც, ამ სახლში ვართო და ასვლა არც მიფიქრია. მეგობარი მახლდა, მას ჩავუჯექი მანქანაში და სახლთან არც თუ შორს ჩამომსვა. მერე ხველება დამაწყებინა, მივხვდი, გავითიშებოდი და გამვლელს ვთხოვე, სასწრაფოდ საავადმყოფოში წავეყვანე. მერე აღარაფერი მახსოვს“,-განაცხადა მან და მისი ყველა სიტყვა, გადამოწმების შემდეგ, დადასტურდა. გამოდიოდა, რომ ის მკვლელი არ იყო, მაგრამ... სხვას არც მოტივი ჰქონდა და არც არავინ დაუნახავთ ისეთი საეჭვო...
სამართალდამცავები იქამდე მივიდნენ, რომ ბიჭი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა. მას ვიღაცამ დაუკაკუნა, მერე მოხდა გაუთვალისწინებელი შელაპარაკება და ბიჭი მოკლეს, მაგრამ... ცოტა არ იყოს, ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა... ყოველი შემთხვევისთვის, მეგობარი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა ყოფილი საქმრო, უმკაცრესად დაჰკითხეს, ციხით დაემუქრნენ, ურჩიეს, გონებას წიხლი დააჭირე, ეგებ ყველაფერი სხვანაირად იყო, ეგებ შენი ძმაკაცი ჯერ ბინაში აჰყვა, ან ჯერ დაელოდეთ, სანამ ავიდოდა, სანამ და...
„ერთადერთი, რაც ახლა უცნაურად მეჩვენება, ის არის, რომ მომეჩვენა, იქვე, ახლოს ვიღაც გვითვალთვალებდა. სახე არ უჩანდა, მაგრამ... მგონია, რომ ჩემი ძმაკაცის მამა იყო. ეს კი, იმიტომ მგონია, რომ მას ძალიან მაგარი სალამანდრები აცვია, ასეთი ქალაქში მგონი არავის აქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სახე არ დამინახავს“,-განაცხადა მან.
ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ მამას შესაძლოა მოტივი ჰქონდა. პირველი ის, რომ სწორედ ამ გოგოს გამო გაუშვა ბიჭი ჯარში, სადაც ის დაავადდა, მეორე ის, რომ გოგო არ დაელოდა და ხომ შეიძლებოდა, შური სწორედ ამას ეძია? მით უმეტეს, რომ ისეთ ჯანზე იყო, კისერს კი არა, წვივის ძვალს გადაუმტვრევდა ნებისმიერს. მაგრამ, ხელჩასაჭიდი რომ არაფერი ჰქონდათ? ამიტომ, ისევ ყოფილი საქმროს ძმაკაცის დახმარება დასჭირდათ. ის კაცთან მივიდა და პირდაპირ უთხრა, ან ახალ მანქანას მიყიდი და ზედ იმ მანქანის ღირებულების ფულს ქეშად მომცემ, ან არა და, სამართალდამცავებს ვეტყვი, რომ მკვლელობის დროს, კორპუსის უკან იმალებოდი და დაგინახეო. კაცმა თავი დაუქნია, უთხრა, ორი დღე მაცადე, ფულს მოგცემ და გინდა მანქანა იყიდე, გინდა თვითმფრინავიო და შეხვედრა სამსახურში დაუთქვა, რომ არ იფიქრო, რამეს გავნებ, ჩემს კაბინეტში მოდიო.
შემდეგ, ყველაფერი მარტივად განვითარდა. კაბინეტში შესულ ბიჭს, იატაკზე დაფენილი ცელოფანი დახვდა, ყოფილის საქმროს მამას კი, ხელში იარაღი ეჭირა, მაგრამ არ გაუსროლია, რადგან ბიჭი ფანჯარასთან მივიდა და თმაზე ხელი გადაისვა. ძალოვნები კაბინეტში შეცვივდნენ...
„ის გოგო უნდა მომეკლა, ძმასაც მივაყოლებდი, თუ რამე, მაგრამ შემეშალა. როცა ბიჭი მიდიოდა, ცოტა მოვიცადე და ვერ დავინახე, ის ქალი სახლიდან როგორ გავიდა. ამიტომ, ავედი, კარი ბიჭმა გააღო, იქვე დავაგდე და ოთახებში სირბილი დავიწყე, თუმცა გოგო ვერ ვიპოვე. ჩემი შვილი სასიკვდილოდ არის განწირული და იმასაც არუნდა ეცოცხლა“,-განაცხადა კაცმა.
პატიმარი #0578