ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი.
„ჩვენ 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით.ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა
2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.