მამუკა არეშიძე: „ვინ ჩემი ფეხებია, პოზნერი?!“

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ოპოზიციამ ხელისუფლებას კომპრომისის შანსი არ დაუტოვა!“

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში პუტინის პოლიტიკის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამალასთან ერთად, საკუთარი იუბილეს აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა თბილისის დატოვება დაგეგმილზე ადრე, უმწვავესი პროტესტის ფონზე მოუწია. ეს ის პოზნერია, მკაფიოდ რომ თქვა, აფხაზეთი საქართველო ვერასდროს გახდებაო, მაგრამ ახლა, ალბათ, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველო მხოლოდ ელარჯი და ხინკალი კი არა, პირველ რიგში, სახელმწიფოა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ისე, პოზნერის ვიზიტის სკანდალმა სულ ცოტა ხნით გადაფარა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და გაურკვევლობა, რომელიც ხალხს აბნევს და ნიჰილისტურს ხდის. ამასობაში კი, ჩვენს რეგიონში მოვლენები საინტერესოდ და სახიფათოდ ვითარდება, რაზეც დასავლეთიდან უკვე არაერთხელ მიგვანიშნეს. ყველა ამ აქტუალურ თემაზე, „ვერსია“ კონფლიქტოლოგსა და ანალიტიკოსს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო მამუკა, პოზნერმა პროტესტის ფონზე დატოვა საქართველო და ვფიქრობ, სამართლიანადაც. საინტერესოა, როგორი განწყობა მოჰყვა ყველაფერს რუსეთში?

- სხვადასხვაგვარი. ერთი ნაწილისთვის აღმაშფოთებელი იყო - ეს, ძირითადად, ნომენკლატურა და მასთან დაკავშირებული ჟურნალისტები, ხელოვნების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი აქტივისტები არიან. მცირე ნაწილის ანუ ე.წ. ლიბერალების აღშფოთება კი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლამ გამოიწვია. არის მესამე, ინდიფერენტული საზოგადოება, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს, რაც ხდება. პოლიტიკური ლიდერების განცხადება ცნობილია, რაც მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება პოზნერის წასვლას, იმ 32 კაცში, ნაწილი მოსკოველი ქართველი იყო და ნამდვილად არ გახარებია. საერთოდ, ყველაფერი ეს, სამარცხვინო მგონია - პოზნერის ჩამოსვლაც და აქციაც, რომელიც გაიმართა. დარწმუნებული ვარ, აქციის მონაწილეების გადამწყვეტმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, ვინაა პოზნერი და რა თქვა, ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო. სასაცილოა ყველაფერი ეს იმ თვალსაზრისით, რომ პოზნერი ბევრჯერ არის თბილისში ნამყოფი და რაც ყველაზე საინტერესოა, ვანო მერაბიშვილმა ჩამოიყვანა ომის შემდეგ, ორ-სამ კვირაში, რათა გაეშუქებინა მოვლენები და შეეფასებინა შექმნილი ვითარება. მაშინ თუ შეიძლებოდა, ახლა არ შეიძლება?!. კარგად მახსოვს, ჩემი და ჩემი კახელი მეგობრების აღშფოთება, როცა მიხეილ მაჭავარიანი გამოჭიმული იყო მიხალკოვის სუფრაზე - მიხალკოვმა შენიშვნა მისცა, გააჩუმა სააკაშვილი, როცა თამადა საუბრობდა. თუ მიხალკოვისთვის, რომელიც იმპერიის კლასიკური ბურჯია, შეიძლება, პოზნერისთვის რატომ არ შეიძლება?

- პოლიტიკური ნარატივისგან რომ დავიცალოთ და ცალკე აღებულ ფაქტად შევაფასოთ, პოზნერმა განაცხადა, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც იქნებაო, ამის შემდეგ, ასე თავისუფლად რომ ჩამოდის და არღვევს კანონს ოკუპაციის შესახებ, ნორმალური გგონიათ?

- რასაკვირველია, პოზნერი არ უნდა ჩანმოსულიყო, ვინ ჩემი ფეხებია, საერთოდ, პოზნერი?! მას პირადად ვიცნობ და გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა 2006 წლის შემდეგ, როცა არასწორი შეფასებები დაიწყო ქართველებზე. ისევე, როგორც მაქსიმ შევჩენკოსთან გავწყვიტე ურთერთობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა პოზიცია და ახლა პირიქით საუბრობს. მაშინ კი იმპერიის მეხოტბე ჟურნალისტი იყო

მოკლედ, მისი ჩამოსვლა არ შეიძლება და ჩემთვის მიუღებელია, რა განცხადებაც აფხაზეთთან დაკავშირებით გააკეთა, მაგრამ ვინც დუმაში პირველი ადგა ფეხზე და რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობას ტაში დაუკრა, იმას აქვს უზარმაზარი  ბიზნესი ბათუმში და ჩახუტებულია, როგორც წინა, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის რუსეთის დუმის დეპუტატი, არშბა, წარმოშობით ბათუმელია, სამი სასტუმრო აქვს ბათუმში. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდების ბედი მაწუხებს, რადგან მათ ატყუებენ. რომ გააჩერო და ჰკითხო, ვინ არის არშბა, ვერავინ გეტყვის. პოზნერის ასე მიღება და კომენდანტის საათის დარღვევა არ შეიძლეობდა, მაგრამ რატომ ატყუებ ამ ახალგაზრდებს, რომ პოზნერშია, თურმე, მთავარი უბედურება?! ეს კლასიკური პოლიტიკური დაკვეთაა, იმის მაგივრად, რომ ყველას მიმართ ერთნაირად მოიქცე, იქცევი ერთი პირის მიმართ იმიტომ, რომ დღეს ასე გაწყობს.

- პოლიტიკური ინტერესები ახსენეთ და გკითხავთ, დანიელსონის ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. არ ფიქრობთ, რომ ამ გაურკვეველი ვითარებით, საზოგადოება დაბნეულია?

- ქართლის ერთ დიდ სოფელში ვიყავი, პირობითი საზღვრისგან მოშორებითაა. იქ ასაკოვანმა ხალხმა მითხრა, რატომ უნდა ვცეთ პატივი ევროპას, ჩვენი პოლიტიკოსები არ სცემენ, ისევ რუსებთან გვინდა ურთიერთობაო. შიში აქვთ და ამას იმიტომ ამბობენ, მაგრამ ევროპასთან დაკავშირებული ნათქვამი კატასტროფაა. ის ხალხი ვართ, ვინც თავის დროზე, ნატო-ში გაწევრიანებას მივეცით ხმა, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება უწევს ანგარიშს და ჩვენ რატომ უნდა გავუწოთო? ამაშია საქმე, დისკრედიტაცია ხდება ჩვენი ევროპული გეზის და ამაში დამნაშავეა, როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც პოზიციონირებს, რომ განსაკუთრებით პროევროპულია, ხელისუფლება კი - პრორუსული. თუ ასეა, ევროპული გეზის დისკრედიტაციას რატომ ახდენენ?

- ხელისუფლებას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთი...

- რასაკვირველია, ხელისუფლებაზე ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობაა და ამას ბოლო გზავნილიც მოწმობს, მაგრამ ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევით, ბევრად უფრო ძლიერადაა მომზადებული პიარის თვალსაზრისით, ისე გადაფარავენ გუშინდელ ნათქვამს, ვითომ ასეც უნდა იყოს. ესენი რომ ამბობდნენ, არჩევნები ტოტალურად გაგვიყალბესო, ევროპა ეუბნებოდა, არ გაყალბებულაო. დღეს კი ამაზე აღარაა ლაპარაკი და საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს. ხელისუფლებას აქვს თავისი წილი სერიოზული პასუხისმგებლობა, მაგრამ მთელ პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ევროპული იდეის დისკრედიტაცია განახორციელეს.

- გამოსავალს ხედავთ ამ ჩიხიდან?

- ვეღარ ვხედავ, ისე მაღლა ასწია ორივე მხარემ თამასა, რომ უკან ვეღარ ჩამოდიან. მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა დაინგრევა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფინანსური დახმარება შეწყდება ევროპიდან, გზა ჩაგვეკეტება და ორიენტირები დაიკარგება. ახლა რომ არჩევნები დაინიშნოს, თუ ჰგონია ოპოზიციას, რამე შედეგს დადებს, ძალიან ცდება, ნაციონალური მოძრაობის გარდა, რომელსაც თავის ამომრჩეველი ჰყავს.

- ანუ ხალხმა დაკარგა ნდობა ოპოზიციის მიმართ?

- ოპოზიციის კი არა, საერთოდ, პოლიტიკის მიმართ დაკარგა. ნიჰილისტური გახდა განწყობა და ასეთი მაღალი დონის მოთხოვნა მესამე ძალაზე, საქართველოში არ მახსოვს. მოკლედ, სიტუაციიდან კარგი გამოსავლის გზას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ კომპრომისის უნარი არც ერთ მხარეს აქვს . ოპოზიციამ ხელისუფლებას კომპრომისის შანსი არ დაუტოვა, იქ არის ცალსახა პირობა - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ჯერ ერთი, არც ერთი მიმაჩნია პოლიტპატიმრად. ხელისუფლებას ვაკრიტიკებ იმ ნაწილში, რომ ნიკა მელია მაშინ არ დააკავა, როცა დასაკავებელი იყო. რევერანსები საჭირო არ იყო, ჩვენ ასე გვაკავებდნენ წლების განმავლობაში. დანაშაულის ჩადენის მომენტში უნდა დაეკავებინათ, თუმცა პოლიტპატიმრების თემა მოგვარებადია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან იმ დონის გაყალბება არ მომხდარა, რომ ეს თემა დათმო, თან ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, დამატებითი არჩევნებისთვის სერიოზული თანხის გამოყოფა სწორად არ მიმაჩნია.

- კი, მაგრამ თუ არსებულ პოლიტიკურ კრიზისის განმუხტავდა და იმ საფრთხეს მოხსნიდა, რაზეც საუბრობთ, ვადამდელის წინააღმდეგი მაინც ხართ?

- ვერ განმუხტავს. გარანტია არსებობს, რომ თუ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია ისევ არ იტყვის, გაყალბდაო? მიხეილ სააკაშვილს აქვს მიცემული მკაცრი და მკაფიო დავალება - „ნებისმიერ შემთხვევაში, დაიბრუნეთ ხელისუფლება“. ახლა არის ამისთვის ყველაზე კარგი დრო. რადიკალურ ოპოზიციას არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს და არც - პოლიტპატიმრები, მისი ფორმულაა - „მოგვეცით ხელისუფლება“.

- ბოიკოტს, ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც აცხადებენ...

- ოპოზიციური პარტიები, „გირჩის“ გარდა, ნაციონალური მოძრაობის ნარატივითაა და სხვა გამოსავალი არც დაიტოვეს. ე.წ. ფანჩატურში, ყველა „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს.

- ბატონო მამუკა, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვადამდელ არჩევნებზე წავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი. როგორი ვითარებაა ახლა სომხეთში?

- ვადამდელ არჩევნებზე წავიდა და დარჩა პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად. ადმინისტრაციული ბერკეტი დაიტოვა, ასე მიშამაც დანიშნა და დაგვახია თავზე ის არჩევნები. თუ გადადექი, წადი და მიეცი დამოუკიდებელ ცესკო-ს საშუალება, რომ კანონის მიხედვით ჩაატაროს არჩევნები. როცა ადმინისტრაციული რესურსი გაქვს, გადადგომაზე ლაპარაკი თვალთმაქცობაა. სომხეთში 15-ვე პარტიის ხელმძღვანელობას ვიცნობ, იქ ოპოზიცია მიუღებელია საზოგადოებისთვის და რესურსი აღარ ჰქონდათ, გაეგრძელებინათ პროტესტი, არგუმენტიც გამოაცალათ ფაშინიანმა და ვნახავთ, ივლისში რაც მოხდება.

გარდა ამისა, ახალი სიურპრიზი მომზადდა ოფიციალური ბაქოს მხრიდან - ეს არის ისკანდერის თემა, რომელიც სომხეთის შეიარაღებაში არ იყო და რომლის ნარჩენებიც აღმოაჩინეს. ე.ი. რუსები ესროდნენ აზერბაიჯანელებს და ამას რა ამბავიც მოჰყვება, ნახავთ. პრაქტიკულად, ახლა მიდის თურქიზაციის თემა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ამ ნაწილში. თურქები ნელ-ნელა ინიციატივას ხელში იღებენ და ბაქო საყვედურობს რუსეთს. ისკანდერის თემასთან ერთად, მეორე საკითხი  ისაა, რომ 1 960 ჯარისკაცის მაგივრად, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთს უნდა ჰქოლოდა ყარაბაღში, დღეს ჰყავს 5 000. პრაქტიკულად, ახალი პოლიტიკური ესკალაცია იწყება. საერთოდ, ჩვენი რეგიონი ბომბზე ზის. დონბასში, ყარაბაღსა და სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთის ფეხის ამოკვეთა ხდება... დასავლეთი იმიტომ გვთხოვს სტაბილურობას, რომ საქართველო ბაზად სჭირდება სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და არა - იმიტომ, რომ აინტერესებს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა.

- ბატონო მამუკა, ისიც მითხარით, რატომ გამწვავდა ვითარება უკრაინაში?

- ყარაბაღმა ჩვენ არა, მაგრამ სხვებს მისცა მაგალითი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს... კრემლმა წინასწარ განსაზღვრა, რომ სავარაუდოდ, უკრაინელები მოინდომებდნენ იმავეს გაკეთებას, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა. უკრაინელები ამას აპირებდნენ თუ არა, უცნობია, ესკალაცია რუსეთმა წამოიწყო, მაგრამ უკრაინელებმა მოაყარეს მაშინვე არმია. ასე რომ, ორივე მხრის გარკვეულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ვითარების დაძაბვა. საკმაოდ რთული ვითარებაა და ჩვენ რითიც ვართ დაკავებულნი, უკვე ვთქვი...

თათია გოჩაძე