„ზვიად გამსახურდია ჩემთვის ამოუცნობ, სევდიან, ტრაგიკულ და კეთილ პრეზიდენტად დარჩება“ - ბლოგი 28 ოქტომბერზე

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მაშინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ 31 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრობლემა იქნებოდა. დღემდე გრძელდება ბრძოლა დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფორმალურად დემოკრატიულ ქვეყნად ვითვლებით. რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა, ვფიქრობ, ამის შემდეგაც კვლავ ძველ წრეზე ვიტრიალებთ. 1990 წელს ჩატარებული არჩევნები ნამდვილად იყო ქვეყნის მომავლის შეცვლის საწინდარი, რასაც დღევანდელზე ვერ ვიტყვით. მოდით, გავიხსენოთ როგორ დაიწყო ყველაფერი. პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან, დღევანდელ გაუგებრობამდე.

საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ზვიად გამსახურდიას უკავშირდება. სწორედ მისი, ინიციატივით, 1989 წელს შექმნილმა გაერთიანებამ - პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების "მრგვალმა მაგიდამ" შეძლო საქართველოს კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ეს იყო პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა.

ვინ იყო ზვიად გამსახურდია? ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელსაც ვერავინ გაუფრთხილდა. გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომის დაწყების წინ, შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. დღის წესრიგის მთავარ საკითხზე მოხსენების გასაკეთებლად ტრიბუნასთან მივიდა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. მან საათზე მეტი ილაპარაკა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიულ და იურიდიულ ასპექტებზე და განაცხადა, რომ  ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე სურს გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში...

1991 წლის 26 მაისს საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით გაიმარჯვა. მაშინ ალბათ ხალხს ეგონა, რომ აქედან დაიწყებოდა ყველაფერი კარგი, თუმცა, ასე არ მოხდა. ბედნიერი წუთები, მალე პრობლემებით სავსე დღეებმა შეცვალა. „9 აპრილმა“ უკიდურესად გააღიზიანა მოსკოვი, რომელსაც მანამდე არაერთი მცდელობა ჰქონდა საქართველოსთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისა. პრეზიდენტის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. სწრაფად მიმდინარეობდა ეკონომიკის ვარდნა, პოლარიზებული იყო საზოგადოება.

1991 წლიდან, დაიწყო დიდი დაპირისპირება ზვიადის მიმართ ოპოზიციის და ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან. იყო სამხედრო გადატრიალებაც, რაოდენ სასაცილო და სატირალიც უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული გმირი მაშინდელმა საზოგადოებამ იძულებული გახადა, ჯერ სომხეთში გაქცეულიყო, შემდეგ უკან დაბრუნებულიყო უშედეგოდ ებრძოლა და ბოლო  კვლავ გაქცევას დასჯერებოდა. ეს გაქცევა კი საბედისწერო აღმოჩნდა, ვინ იცის, რას გრძნობდა და ფიქრობდა მაშინ ზვიად გამსახურდია, ის ხომ სრულიად ერმა მიატოვა და გაწირა... 1993 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ახალი წელი უნდა დამდგარიყო, საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. რომც მოხერხდეს, ამით აღარაფერი შეიცვლება. ახალი წელი დადგა ზვიადის გარეშე და მას შემდეგ საქართველოში ბევრი მძიმე წუთიც დადგა. იყო ე.წ შევარდნაძის დრო, სიბნელე, გაჭირვება...

2003 წლიდან კი საქართველოში ახალი რევოლუციის დრო დადგა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ყველას ახალ იმედად ესახებოდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტადაც ავირჩიეთ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ახლადენლი გადმოსახედიდან, ვფიქრობ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. მიუხედავად, მისი დაშვებული შეცდომებისა, იმ დროს სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ ქვეყნის განვითარების დასაწყისი გახდა. მან შეძლო უამრავი ამომრჩევლის გულის მოგება და მიუხედავად მისი სკანდალური „წასვლისა“, დღემდე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ბევრი რამე გააკეთა, თუმცა დაუშვა ისეთი შეცდომები, რაც ხალხმა ვერ აპატია.  დღეს ზოგი ცდილობს, სააკაშვილსა და გამსახურდიას შორის პარალელი გაავლოს. ჩემი აზრით, ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია, შეიძლება რაღაც მცირე კავშირი ჰქონდეთ ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში, თუმცა, მათი შედარება აბსურდული იქნებოდა.

მე ზვიადის დროს დაბადებულიც არ ვიყავი, თუმცა ვფიქრობ, ის სულ სხვა პიროვნება იყო, გულჩათხრობილი, ალალი, ქვეყნისთვის ბევრი კარგი სურვილით, მაგრამ არა იმ სიძლიერის, რომ ბოროტი ძალებისთვის ეჯობნა. მიხეილ სააკაშვილი კი რაღაც დოზით და გაგებით ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და დღემდე არ ნებდება.

შემდეგ მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც მართლა ოცნებად დარჩა და მოვედით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. 31 წლის წინ ყველა ფიქრობდა, რომ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვლებოდა, ქვეყანა განვითარდებოდა, წინ წავიდოდა, აღარ იქნებოდა გაჭირვება და ადამიანების შევიწროება. ხალხს გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა სიახლის, ახალი ძალის და თაობისა. მათი იმედი ნაწილობრივ გამართლდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბევრი რამ, რომელთა უმეტესობა 21-ე საუკუნეში წესით, აღარ უნდა არსებობდეს.

ახლა, თითქოს დიდ გაურკვევლობაში ვართ, უფრო არჩევნის არარსებობაში. დღეს არ არსებობს ძალა, რომელსაც ხალხი ენდობა. მუდმივად ველოდებით ახალ თაობას, თუმცა, სახელისუფლებო სისტემაში კვლავ „ძველ სახეებს“ ვხედავთ. არიან ახლებიც, თუმცა, არც  ისეთები, რომ ადამიანებში შემართება გააღვიძონ. დღეს არ ვიცით, ვინ იქნება ზვიად გამსახურდიას მსგავსი ეროვნული ან მასზე უკეთესი ადამიანი საქართველოსთვის ან როდის ჩავატარებთ არჩევნებს, ყოველგვარი გაყალბების გარეშე. თითქოს, ყველას უნდა რაღაცის და ვიღაცების შეცვლა, მაგრამ ჩემი აზრით, ხალხი იმდენად დაიღალა, რომ ცოტა დანებდა, ცოტა იმიტომ, რომ ქართველის ბოლომდე დანებებისა არ მჯერა. უბრალოდ ახალ ძალას ველოდებით და იმედია ,ამ ლოდინში ბევრ შეცდომას არ დავუშვებთ. ყველაფერს დრო გვაჩვენებს, მანამდე კი საჭიროა ჩვენი ისტორია და სამშობლოს შეწირული ადამიანები არ დაგვავიწყდეს, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია. ჩემთვის, როგორც 1997 წელს დაბადებული ადამიანისთვის, რომელსაც ზვიადის შესახებ მხოლოდ სკოლაში, მედიით ან ოჯახში სმენია, ის ჩემს თვალში ყოველთვის საინტერესო, ამოუცნობ, სევდიან, ტრაგიკულ და კეთილ პრეზიდენტად დარჩება.

 ავტორი : ია გრიგალაშვილი