ინტერვიუ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 კანონის უზენაესობა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი გარანტია და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე ხშირად დგანან ადამიანები, რომელთაც ზოგჯერ ურთულეს ვითარებაში უწევთ სამართლიანობის მიღწევა და ადამიანის უდანაშაულობის დამტკიცება. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში გახმაურებული საქმეების ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან, რომელსაც პროფესიულ პრაქტიკაში არაერთი გამამართლებელი განაჩენი უზეიმია. ტარიელ კაკაბაძე საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი, ასევე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აღნიშნულ პროფესიაზე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება.


_ ბატონო ტარიელ, რთულია, იყო ადვოკატი დღეს ჩვენს ქვეყანაში?

_ ადვოკატის პროფესია დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
კარგად მახსოვს, როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ერთ-ერთ სემინარზე ლექტორმა გვკითხა, ვინ რა პროფესიით ვაპირებდით მუშაობას. ერთადერთმა ვთქვი,რომ მსურდა გამოვსულიყავი ადვოკატი. დღეს კი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს როდესაც ვეკითხები, თუ რა პროფესიის არჩევა სურთ, ნახევარი მპასუხობს, რომ ადვოკატობა უნდათ. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ადვოკატის პროფესია წლებთან ერთლად უფროდაუფრო პოპულარული ხდება.

_ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენი პროფესიის პოპულარობის გაზრდა?

_ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ბევრ რამეს აკეთებს ამ პროფესიის გასაძლიერებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში არავინ კამათობს იმაზე, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის პროფესიას. ადვოკატის როლი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოსაყალიბებლად.
ძალიან ხშირად, არასწორი გამოძიების შედეგად, ბრალდებული ხდება სრულიად უდანაშაულო პირი. მის მიმართ სახელმწიფო იყენებს ძალა-უფლებას და ასეთი ადამიანის მძიმე სასჯელისგან ხსნა მხოლოდ კვალიფიციურ ადვოკატს შეუძლია.

_ რამდენად ხშირია უდანაშაულო ადამიანის დაკავების შემთხვევა?

_ხშირად დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირი სხვას ადებს ხელს, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და უდანაშაულო ადამიანს უყენებენ ბრალს.
გაეცნობი საქმის მასალებს და ჩანს, რომ დანაშაული, თითქოს, ბრალდებულს აქვს ჩადენილი, ბრალდებული კი ამბობს, რომ უდანაშაულოა. დაიწყებ მტკიცებულებათა მოპოვება-გამოკვლევას და მოსამართლე ხედავს, რომ ბრალდებულის ნათქვამი მართალი აღმოჩნდება. ამას ადასტურებს უამრავი გამამართლებელი განაჩენი.

_ საინტერესოა, რა მიზეზით შეიძლება აღმოჩნდეს უდანაშაულო ადამიანი ბრალდებულის სკამზე?

_ უდანაშაულო ადამიანების პასუხისგებაში მიცემის შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: არაეფექტური გამოძიება, კონკრეტული პირის მიმართ ინტერესი, მოწმეთა მხრიდან გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიცემა, ცრუ დასმენა და ა.შ.
ხშირად დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირი გამოკითხვისას სხვას ამხელს დანაშაულის ჩადენაში, შედეგად გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და უდანაშაულო ადამიანს უყენებენ ბრალს.

_ როგორ ფიქრობთ, ადვოკატი ნებისმიერ საქმეში უნდა ჩაერთოს? როგორ არჩევთ, ვინ დაიცვათ და ვინ - არა?

_ პირველ რიგში გეტყვით, რომ ადვოკატი არ არის ვალდებული, დაიცვას ნებისმიერი პირი. ადვოკატის პროფესიის ერთ-ერთი ღირსება არის არჩევანის თავისუფლება.
მიმაჩნია, რომ სწორედ მაშინ შეძლებ ბრალდებულის ეფექტურად დაცვას, თუ რეალურად განაღვლებს ბრალდებულის ბედი და მიგაჩნია, რომ ის იმსახურებს თავისუფლებას.
წარმოიდგინეთ ექიმი, რომელსაც არ ადარდებს თავისი პაციენტი გამოჯანმრთელდება თუ - არა. ასეთი ექიმი შეძლებს პატიცენტის განკურნებას? - რა თქმა უნდა, ვერა. იგივე შემიძლია, ვთქვა ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დამოკიდებულებაზეც. სულ სხვა ძალა გეძლევა, როცა იცავ ადამიანს, რომლის ტკივილიც გტკივა.

_ კი, მაგრამ რა უნდა ქნას ადვოკატმა, რომელიც იცავს მკვლელობაში ბრალდებულ პირს და არ არის დარწმუნებული, რომ ის უდანაშაულოა? ხომ შეიძლება, ასეთ დროს მკვლელი გამართლდეს?

_ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის უკეთ გასაცემად მინდა, მოვიყვანო ერთი მაგალითი - ახლახანს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ უდანაშაულო სცნო პირი, ვის მიმართაც 25 წლის წინ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და სიკვდილით დასაჯეს. იმ საქმეში პირს ბრალად ედებოდა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება და განზრახ მკვლელობა.
როგორც აღმოჩნდა, მას ჰყავდა ადვოკატი, მაგრამ ადვოკატსაც არ სჯეროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის. ადვოკატი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ეს საშინელი დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა და არ დაიცვა სათანადოდ, არ წარადგინა ბრალდებულის პოზიციის გამამყარებელი მტკიცებულებები. შედეგად, სიკვდილით დასაჯეს ბრალდებული. 25 წლის შემდეგ კი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ეს განაჩენი გადაისინა და დამტკიცდა მისი სრული უდანაშაულობა.
დადასტურდა, რომ სიკვდილით დაუსჯიათ ადამიანი, რომელსაც არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული.
უდანაშაულო ადამიანის დასჯა დამნაშავის დაუსჯელობაზე ბევრად უფრო დიდი ბოროტებაა.
ადვოკატმა თავისი დასაცვი პირის ინტერესების დაცვა უნდა განახორციელოს მაქსიმალურად ეფექტურად. ადვოკატი უნდა იყოს შეუპოვარი, რათა აიცილოს უდიდესი ტრაგედია - უდანაშაულო ადამიანის დასჯა.

_ საინტერესოა, საქმის გაცნობის შემდეგ პირველად რას აკეთებთ?

_ პირველად ხდება სტრატეგიის შემუშავება. ადვოკატის მუშაობა ძალიან წააგავს ჭადრაკის თამაშს. მოჭადრაკეები ხშირად ამბობენ, რომ სჯობს გქონდეს არასწორი სტრატეგია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. სტრატეგია არის ერთი დიდი გეგმა, ხოლო ტაქტიკა შედგება იმ მცირე ნაბიჯებისგან, რომლითაც ამ გეგმის განხორციელება შეგვიძლია.
გეგმის გარეშე მუშაობას ვადარებ უცხო ქალაქში დაკარგულ ადამიანს, რომელიც არასწორი რუკის გამოყენებით ცდილობს, კონკრეტულ ადგილზე მისვლას.
შეუძლებელია სწორად შემუშავებული გეგმის გარეშე, შემთხვევით საქმის მოგება.

_ ბატონო ტარიელ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, დაგასახელეს საუკეთესო ადვოკატად. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი შეფასება?

_პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არასდროს ჩაუტარებია მსგავსი კონკურსი და ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი. არ მინდა, ამ ორგანიზაციის მიმართ უმადურობა გამოვიჩინო, პირიქით, მადლობელი ვარ ჩემი დაფასებისთვის, თუმცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია ადვოკატების რეიტინგების მიხედვით შედარება.

შეიძლება ერთ ადვოკატს ჰქონდეს საუკეთესო უნარ-ჩვევები ერთ საკითხში (მაგალითად: ჯვარედინი დაკითხვა), სხვა ადვოკატი კი საუკეთესო იყოს სხვა საკითხში (მაგალითად: დასკვნითი სიტყვის მომზადება,საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ა.შ.). კარგი ადვოკატი ის არის, ვინც საკუთარ თავზე ყოველდღიურად მუშაობს და ცდილობს ყველა ამ უნარ-ჩვევის განვითარებას.

ჩემთვის სამაგალითო და თუნდაც საუკეთესოა ყველა ის წინა თაობის ადვოკატი, ვინც იბრძოდა ყველაზე რთულ დროს, როცა ადვოკატობა ურთულესი იყო და გამამართლებელი განაჩენები, თითქმის, არ დგებოდა. ბევრი მათგანი დიდი რისკის ფასად იდგა ადამიანთა უფლებების სადარაჯოზე. დღეს ადვოკატობა ბევრად უფრო მარტივია.