„თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა, რუსეთის მხრიდან თავს დაგვტეხოდა, ყველაფერი ჩვენი სისხლით გადავიტანეთ!“ - ზვიად ძიძიგური რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ომების პოლიტიკურ პარალელებს აფასებს

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

40 დღეზე მეტია, უკრაინაში ომია. პუტინის რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის ფაქტებმა შეძრა მსოფლიო. არადა, ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, წლების წინ, საქართველომ გადაიტანა. 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის იმპერიალიზმი ალესილი ნიჩბებითა და ტანკებით გაუსწორდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ, გულანთებულ ახალგაზრდებს რუსთაველის გამზირზე. 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა კი საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა... შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება... ზვიად გამსახურდიას დევნილობა, მისი მოულოდნელი გარდაცვალება... აფხაზეთის ომი და სოხუმის დაკარგვის მოუშუშებელი ტკივილი... 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სასიტიკი ომი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, რასაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა. უკრაინაში დღეს მიმდინარე ომი საქართველოს ისტორიის ამ ეტაპის კოშმარული იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა... რა პარალელი შეგვიძლია, გავავლოთ 1989 წლის 9 აპრილს დაწყებული მოვლენებიდან რუსეთ-უკრაინის დღევანდელ ომამდე? – ამ და სხვა საკითხებზე „ვერსია“ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

-ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია - რუსეთის იმპერიული ამბიციები და სურვილი, ებატონა მსოფლიოს დიდ ნაწილზე, არსად გამქრალა. სანამ საქართველოში 9 აპრილის მოვლენები მოხდებოდა, იყო 1956 წელი ბუდაპეშტში, როცა უნგრელები ითხოვდნენ მეტ თავისუფლებას და რუსებმა ტანკებით ჩაახშეს პროტესტი. ასე მოხდა პრაღაშიც... 1989 წლის 9 აპრილი იყო საქართველოს სამაგალითოდ დასჯის სურვილი თავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ეს იყო პირდაპირი მესიჯი იმ მოძრაობის საწინააღმდეგოდ, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა და აქაც გამოიყენეს სამხედრო ძალა ყველაზე სასტიკი ფორმით - ნიჩბებით დაჩეხეს ჩვენი ახალგაზრდები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პროტესტი იყო საბჭოთა კავშირის მიმართ მოწინავე საზოგადოებასა და მთელი მსოფლიოს მხრიდან, ამას რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია, იგივე გაეკეთებინა რამდენიმე თვის შემდეგ ბაქოში, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. დღეს რაც ხდება უკრაინაში, ესეც არის სასჯელი სუვერენული სახელმწიფოსი, რადგან რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინა ვალდებულია, იტრიალოს მის ორბიტაზე; უპასუხოს მის ინტერესებსა და ამბიციებს - აქედან გამომდინარე კი ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის ის წყალგამყოფია, რომ შეუძლია ასეთი საზიზღარი, ნაცისტური მეთოდებით უპასუხოს თავისუფლების მოყვარე ქვეყნის სწრაფვას დამოუკიდებლობისა და სუვერენული უფლებების განხორციელებისკენ.

- ბატონო ზვიად, ვხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა უკრაინელი ერი გააერთიანა. როგორ გახსენდებათ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, ასეთივე სულისკვეთება იყო საქართველოში?

-8 აპრილისა და 10 აპრილის საქართველო ორი სხვადასხვა ქვეყანა იყო. თუკი 9 აპრილამდე ქვეყანაში დამოუკიდებლობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე საუბარი იყო მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილის თემა, 9 აპრილის შემდეგ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთთან გაჩერება არ შეიძლებოდა,  იგივე განწყობა ჰქონდა გლეხსაც, რომელიც ყანაში მუშაობდა... სრულიად საქართველოს ერთადერთი დღისწესრიგი გახდა ის, რომ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი და თავი დაეღწია საბჭოთა მარწუხებისგან. საქართველო მაშინ ახალგაზრდების სისხლმა გააერთიანა ისე, როგორც არასდროს. არ დამავიწყდება ის საქართველო - ერთობა, სიყვარული, რაც მთელმა საზოგადოებამ მოახერხა მაშინ 9 აპრილს დაღვრილი სისხლის შემდეგ, რაც სამაგალითო და ამაღელვებელია დღესაც, ამდენი წლის შემდეგ.

მსხვერპლი, რომელიც გაიღო მაშინ ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის, იყო მთავარი გამაერთიანებელი საქართველოსი და შემთხვევითი არ იყო, რომ ორი წლის შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და „მრგვალმა მაგიდამ“ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამით ცალსახად გაესვა ხაზი იმას, რომ კავშირი 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილს შორის იყო პირდაპირი და სწორხაზოვანი. დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა 9 აპრილს უდანაშაულო გოგო-ბიჭების დაღვრილმა სისხლმა.

- დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები, დაკარგული ტერიტორიები - უახლეს ისტორიაში ყოველთვის ჩანდა რუსეთის „ხელი“ ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ კი - ღიად... თქვენი აზრით, დღესაც დგას საფრთხე, რომ რუსეთი ეცდება საქართველოში შექმნას დესტაბილიზაციის კერა?

- 1991-92 წლების მიჯნაზე მომხდარი სამხედრო გადატრიალება რუსების იარაღით განხორციელდა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალის, ბიპაევისგან იღებდნენ კიტოვანი, სიგუა და იოსელიანი სამხედრო ტექნიკას იმისათვის, რომ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ჩამოეგდოთ. შემდეგ იყო 1992-93 წლების აფხაზეთის ომი, რომელიც არ იყო კონფლიქტი აფხაზ სეპარატისტებსა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას შორის. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც რუსული რეგულარული ნაწილები მონაწილეობდნენ ტამიშში დესანტის გადმოსხმისას, საავიაციო-საარტილერიო დაბომბვების დროს და ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო. ფაქტობრივად, რუსეთი ყოველთვის ერეოდა ამ წლების განმავლობაში საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში და მიაჩნდა, რომ ეს მისი გავლენის სფეროა. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, როდესაც საქართველომ დასავლური კურსი აირჩია, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება გამოაცხადა საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ამის შედეგი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, სადაც ამის გამო საქართველოს დასჯა სცადა რუსეთმა. აღმოჩნდა, რომ რაც 2008 წელს საქართველოში რუსეთმა გააკეთა, ყოფილა საპილოტე პროგრამა, რადგან 2014 წელს იგივე გაიმეორა უკრაინაში და დღესაც მისი შეჭრა უკრაინაში, ის საშინელება, რასაც თვალს ვადევნებთ, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა. რუსეთი ცდილობს, საბჭოთა კავშირის ამბიციები დაიკმაყოფილოს -დაიბრუნოს გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც ყველაზე ბინძური და საშინელი მეთოდით ახორციელებს. 21-ე საუკუნეში, ცივილიზებული სამყაროს არც ერთი წარმომადგენელი არ იფიქრებდა, რომ ისევ ვნახავდით იმ ომის საშინელებას, მე-2 მსოფლიო ომსა და ჰიტლერის ფაშისტურ გერმანიას გვაგონებს, პუტინმა დღეს იმ რეალობაში დაგვაბრუნა.

-ბატონო ზვიად, როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ირჩევს ფრთხილ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რასაც ზოგი აკრიტიკებს, ზოგი კი ემხრობა. თქვენი ხედვით, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ რთულ ვითარებაში მმართველმა ძალამ?

-საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს სწორი მხარე, სადაც დგას მთელი ცივილიზებული მსოფლიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩება რუსეთის პირისპირ. მიუხედავად იმისა, როგორი ენის მოჩლექვით გააკეთებ განცხადებებს რუსეთის მიმართ, ის მაინც გაატარებს თავის პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, არ გააღიზიანოს რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციამ ბიბილოვის პირით გამოუცხადა საქართველოს, თუ რა გეგმა აქვს და ეს არის ცხინვალის ყირიმიზაციის გეგმა.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაა თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა რუსეთი „პარტნიორებს“. მიუხედავად იმისა, რომ სომხები ათეული წლების განმავლობაში ყველგან უჭერდნენ რუსეთის პოლიტიკას მხარს, როცა რუსეთს დასჭირდა თავისი იმპერიული ამოცანებისთვის ყარაბაღის თემა გადაეწყვიტა, მაშინვე „მიაყარა ნაცარი“ სომხების ინტერესებს - სომხეთი რუსეთმა „გადააგდო“.  ზუსტად იგივეს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაშიც... არ ვამბობ, რომ საქართველო თავით უნდა გადაეშვას ომში, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაციები სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით. ამაზე დიდი უგუნურება წარმოუდგენელია და ამას არავინ ემხრობა საქართველოში. არავის მოუბრუნდება ენა იმაზე, რომ ცხინვალისა და სოხუმის პრობლემები შეიარაღებული გზით გადავჭრათ - არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ისე არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დარჩეს რუსული იმპერიალიზმის მხარეს, სადაც ყოფნა მორალური თუ პრაგმატული თვალსაზრისით, წამგებიანია.

წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთის მოწინავე ქვეყნებმა ჩათვალონ, საქართველო არაა ერთგული ევროატლანტიკური ან ევროკავშირის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, უარი თქვან არაღიარების პოლიტიკაზე, რომლითაც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სოხუმისა და ცხინვალის გარდა, კიდევ რა უბედურების მოტანა შეუძლია რუსეთს, თუკი საქართველო პარტნიორებსა და მოკავშირეებს გაანაწყენებს იმის გამო, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არასწორი პოზიცია დაიკავა.

-ამ  ფონზე, როცა მკაცრი სანქციების გამო, პუტინის რეჟიმს განადგურება ემუქრება, რამდენად რეალურია სოხუმისა და ცხინვალის მშვიდობიანი ინტეგრაციის პროცესის დაწყების იმედი?

- პუტინის რუსეთის დამარცხება არის პირველი თემა, რომლის შემდეგაც შესაძლებელია, სოხუმისა და ცხინვალის პრობლემა საქართველოში გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. დაიწყოს ინტეგრაციის პროცესი, აქ ტერიტორიების დაბრუნებაზე კი არა, საუბარი საზოგადოებების გაერთიანებასა და კომუნიკაციის აღდგენაზეა. არც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანებულა იოლად, მაგრამ გაერთიანება მოხდა მშვიდობიანად, რადგან დასავლეთ გერმანიის ეკონომიკა, განვითარების დონე იმდენად იყო აღმატებული, რომ დაუოკებელი სურვილი ჰქონდა აღმოსავლეთ გერმანიას, ეს ინტეგრაცია მომხდარიყო. სწორედ ასე - საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი მისი იურისდიქციიდან გასული რეგიონებისთვის ეკონომიკით, კულტურით, ცხოვრების დონით, რომ მოსახლეობაში იყოს კარდინალურად შეცვლილი განწყობა ინტეგრაციის მიმართულებით. ეს სავსებით რეალურია და მეტსაც გეტყვით, ასეთი შანსი არ გვქონია, რომ აქედან საქართველო დარჩეს მოგებული არამარტო გაერთიანების, არამედ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.

რომ ამბობენ უკრაინელების სისხლით გვინდა ამას მივაღწიოთო? - ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინელებს აქვთ 100%-ით და ჩვენც საკმაოდ დიდი ფასი გადავიხადეთ, სისხლი დავღვარეთ იმისთვის, რომ ვიყოთ ნატო-ს, ევროკავშირის წევრი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული სულ სისხლითა და ცრემლით, დიდი ნებისყოფით ვცდილობდით, გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრი. ამას დასჭირდა 1992-93 წლების ომი, სადაც რუსები გვებრძოდნენ და ათასობით ქართველის სისხლი დაიღვარა; 2008 წლის ომი, სადაც ასევე რუსული ავიაცია გვბომბავდა და სამხედრო ტექნიკით ისე შემოგვესია, როგორც ახლა შეესია უკრაინას - ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ და თუ ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ საქართველოს არ უბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ბოდიში მოიხადოს. თუ რაიმე უბედურება და საშინელება შეიძლებოდა რუსეთის მხრიდან თავს დაგვტეხვოდა, ყველაფერი ეს ჩვენი სისხლით გადავიტანეთ და მოვედით დღემდე! ასე რომ, სავსებით რეალურია, პუტინის რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველომ გადადგას ნაბიჯები როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.

- როგორი მოლოდინი გაქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?

- ვერ გეტყვით, ეს რამდენად სწრაფად მოხდება, მაგრამ შეუძლებელია, მთელ მსოფლიოზე გაიმარჯვოს პუტინმა. დარწმუნებული ვარ, დამარცხდება პუტინის ეს გულისამრევი ძალა, რომელიც ასეთი მეთოდებით ცდილობს, გაბატონდეს სუვერენულ სახელმწიფოებზე. ამისათვის კი ყველაფერი უნდა გააკეთოს ცივილიზებულმა სამყარომ - უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო ტიპის მხარდაჭერა, რომელიც მას გაამარჯვებინებს, ამ დასკვნამდე კი რაც უფრო სწრაფად მივლენ ნატო-სა და ევროკავშირის სახელმწიფოები, მითუფრო მალე დამთავრდება პუტინის რეჟიმი.

-ბატონო ზვიად, მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა დასავლურ ქვეყნებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში? აქვე გაგახსენებთ თქვენზე სარკასტულ მითქმა-მოთქმას, ძიძიგურმა რკინიგზა გადაუკეტა რუსეთს და ამით „ბლოკადაში მოაქციაო“... მაშინ რა იყო თქვენთვის პოლიტიკური მესიჯი, როცა პროტესტის ამ ფორმას მიმართეთ?

- სამტრედიის ცნობილი აქცია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, არასწორ კონტექსტშია განხილული. მაშინ ოპოზიციურმა „მრგვალმა მაგიდამ“, რომლის ხელმძღვანელი იყო ზვიად გამსახურდია, რკინიგზის პიკეტირება გააკეთა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. მაშინ ჩვენ, ოპოზიცია, ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს და ამ აქტის მიზანი არ იყო რუსეთის ბლოკირება. ვითხოვდით, გუმბარიძის ხელისუფლებას მიეღო ისეთი საარჩევნო კანონი, რომლითაც მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდებოდა და ამიტომ იყო სამტრედიაში გადაკეტილი რკინიგზა. აღნიშნულის შედეგად მივაღწიეთ ისეთი კანონის მიღებას, რომლითაც შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ჩატარდა რეფერენდუმი და ყველა ეს ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებას, ეს მოხდა, როცა ცხინვალში სეპარატისტებმა დაიწყეს გამოსვლა, რკინიგზელები გაიფიცნენ პროტესტის ნიშნად და ეს სამტრედიის აქციასთან საერთოდ არაფერ შუაში არაა. რომ ამბობენ ზვიად ძიძიგურმა გამოუცხადა ბლოკირება რუსეთსო, ვერც მე და ვერც ზვიად გამსახურდია, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, ბუნებრივია, ბლოკირებას ვერ მოვახდენდით, ამიტომ ეს არის უცოდინრობა იმ უახლესი პოლიტიკური ისტორიისა, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა.

რაც შეეხება იმას სანქციებს უნდა შევერთებოდით თუ არა -  ღარიბაშვილის განცხადების ტონალობამ, ემოციამ და როყიოდ წამოსროლილმა ფრაზამ გამოიწვია ასეთი ემოცია, თორემ იმაში ვთანხმდებით, რომ რა სანქციაც არ უნდა დააწესოს საქართველომ, ამხელა სახელმწიფოს, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, ვერ დააქცევს...ამასთან გვაქვს  მორალური ვალდებულებებიც, რადგან 2008 წელს რა მდგომარებაშიც ვიყავით, იმ მდგომარეიბაშია ახლა უკრაინა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში, დახმარება მივიღეთ, მათ გვერდით დგომას ვგრძნობდით. სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც სწორი განცხადებები გააკეთა, პრეტენზია არ მომისმენია არც საქართველოში და არც მის გარეთ. ელემენტარულად შეიძლებოდა განცხადების იმ ფორმით გაკეთება, რომ ასეთი ტიპის გაღიზიანება არ გამოეწვია. ცალსახად, პოლიტიკურ დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე, სწორ აქცენტებსა და პოლიტიკურ დასკვნებს ვერ აკეთებენ.

- ბატონო ზვიად, ინტერვიუს ბოლოს გამიმხილეთ, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

-არსად წავსულვარ, უბრალოდ, ერთი წელია, რაც გადავწყვიტე, ტაიმ-აუტი ამეღო. 30 წლეზე მეტია, ქართულ პოლიტიკაში ვარ, კარგად ვიცი პოლიტიკური კულუარები და ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია, რაღაცაში გამოავდგე ჩემს ქვეყანას.