"ოპოზიციას რომ ჰქონოდა არჩევანი ჯაფარიძეს და ნათელაშვილს შორის, ბადრი ჯაფარიძეს აირჩევდა, რადგან შალვა ნათელაშვილი რეიტინგს კარგავს"- ვახტანგ ძაბირაძის პოლიტიკური შეფასება და პროგნოზი

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2 აპრილს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა. " ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები უკვე წარადგინა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში ირაკლი შატაკიშვილი იქნება. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში რამაზ ჯინჭარაძე იქნება. რუსთავში სახელისუფლებო კანდიდატს მეტოქეობას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გაუწევს, რომელსაც სადეპუტატო მანდატი პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეუჩერა. ჯაფარიძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს და ჯერჯერობით, დანარჩენი ოპოზიციიდან სხვა კანდიდატი არ სახელდება. "ვერსია" დაინტერესდა, აქვს თუ არა გამარჯვების შანსი ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს; რამდენად მნიშვნელოვანია, ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ სრული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და რატომ არ მოხდა რუსთავში, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის კანდიდატურის დასახელება, რომელმაც ასევე დაკარგა სადეპუტატო მანდატი ჯაფარიძესთან ერთად? - ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე "ვერსია" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

_ შუალედური არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა ამომრჩევლის სიმცირით, ამიტომ გარკვეული პრიორიტეტები ხელისუფლებას აქვს ხოლმე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ოპოზიცია რომ ერთი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, თითქოს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არის მეორე მომენტიც - "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არჩევნები არ წააგოს. ეს არ იქნება უბრალო არჩევნები, არამედ იქნება ორიენტირი. "ოცნების" დამარცხების შემთხვევაში საკმაოდ შეირყევა მისი რეიტინგიც და იმიჯიც, მაგრამ ოპოზიციასაც აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. დაწყებული ნოემბრიდან დღემდე, გარდა იმისა, რომ ოპოზიციამ მცდარი სტრატეგია აირჩია, სულ დამარცხების რეჟიმშია. ბოლო არჩევნებში გარკვეული წარმატებები ჰქონდა ოპოზიციას, მაგრამ რუსთავსა და ბათუმში ახლა იქნება საკმაოდ მძიმე ბრძოლა. ბადრი ჯაფარიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ოპიზიციამ და ჯაფარიძემ ეს გადაწყვეტილება ემოციურ ტალღაზე მიიღო და სჯობდა, უფრო დეტალური ანალიზი გაეკეთებინათ, თუ რას წარმოადგენს რუსთავის ოლქი. რადგან გარდაბანში არაქართული მოსახლეობაცაა, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეთნიკური უმცირესობები, როგორც წესი, ხელისუფლების მხარდამჭერნი არიან. აი, ეს ვითარებაა შექმნილი და ალბათ, მძიმე დაპირისპირება იქნება ყველა იმ ნეგატივით, რაც ქართულ არჩევნებს ახასიათებს ხოლმე.

_რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს? აქ მნიშვნელოვანია შალვა ნათელაშვილის ფაქტორიც, მან რომ დააყენოს კანდიდატურა რუსთავში, ამ შემთხვევაში პროცესები როგორ განვითარდება?

_ შალვა ნათელაშვილს მძიმე მდგომარეობა აქვს რეიტინგის მხრივ. თუ ოპოზიციას ექნებოდა არჩევანი ჯაფარიძეს და ნათელაშვილს შორის, ამ ორ კანდიდატურას შორის უპირატესობა ექნებოდა ჯაფარიძეს.

_ რატომ, ბანკირს უფრო აირჩევდა რუსთავის მოსახლეობა თუ ნათელაშვილს, რომელიც მუდმივად სოციალურ პრობლემებზე საუბრობს და მისი პარტიის იდეოლოგიაც ხალხის პრობლემებს, შეიძლება ითქვას, მეტად ერგება?

_ შალვა ნათელაშვილი ქართულ პოლიტიკაში უკვე მეოთხედი საუკუნეა, არის და 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ყველაზე წარმატებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა. მას შემდეგ ნათელაშვილის და მისი პარტიის რეიტინგი მუდმივად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს, დღეს არაა რეიტინგული ფიგურა. ადგილობრივ არჩევნებში მათ 1% აიღეს, თუ არ ვცდები...

_თუ რეიტინგზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია "ლელოს" ფინანსური შესაძლებლობებიც და ამის კვალობაზე ამ პარტიამ არც ისე მაღალი შედეგი მიიღო არჩევნებში...

_ კი, "ლელომ" შეიძლება ბევრი დახარჯა, მაგრამ ახლა რა, ნაკლებს დახარჯავს? მოდი, ასე ვთქვათ - შეიძლება ნათელაშვილს მხარდამჭერი უფრო გულწრფელი იყოს, მაგრამ რაოდენობრივად გაცილებით ნაკლები იქნება, რაც დადასტურდა წინა არჩევნებზე. ამიტომ თუ არჩევანზე მიდგებოდა საკითხი, ჯაფარიძეზე გაკეთდებოდა აქცენტი. ამასთანავე, რამდენადაც ვიცი, ნათელაშვილმა მანდატი რომ დაკარგა, დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდა, დატოვონ ისევ პარლამენტი და გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში. აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნათელაშვილის კანდიდიატურის დასახელება რუსთავში არ მოიტანს შედეგს. ჯაფარიძე უფრო მომგებიანია ამ მხრივ, მესმის "ბანკირის" თემა საკმაოდ იწვნიეს, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა "ლელოს" რეიტინგის დაცემის მიზეზი, მიუხედავად ამისა, ჯაფარიძე უკეთესი კანდიდატურაა, ვიდრე ნათელაშვილი. ვიმეორებ, თუ "ქართულ ოცნებას" სჭირდება გამარჯვება, ასევეა ოპიზიციაც, რომ ეს მარცხიანი პროცესი როგორმე დაასრულოს. ამიტომაც, ალბათ, სჯობდა, სხვა კანდიდატი ეძებნა ოპოზიციას, ეს გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მათთვის.

_ სხვათაშორის, ბოლო დროს ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი იმაზე საუბრობენ, რომ ოპოზიციის ნაბიჯები არათანმიმდევრულია. პარლამენტში შესვლა-არშესვლის, სიების გაუქმება - აღდგენის საკითხში. როგორ ფიქრობთ, რა არის ახლა ოპოზიციის მთავარი პრობლემა?

_ პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია თავიდანვე არასწორ სტრატეგიულ გზას დაადგა, როცა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და წავიდა რიგგარეშე არჩევნებზე. ნაციონალურ მოძრაობას რომ უყურებ, ყიველთვის 2003 წლის მოვლენების აჩრდილი ახლავს, ახალს კი არ ეძებენ, ძველის გამეორებას ცდილობენ და ეს ძველი განმეორებადი არის თუ არა, ამის ანალიზს არ აკეთებენ. ამიტომ თავიდანვე შეცდომა იყო ბოიკოტი და ქუჩის არჩევა. არასწორი იყო 43%-იან ბარიერზე თანხმობა, მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა და ა.შ. ამ შეცდომებმა მოიყვანა ოპოზიცია აქამდე. პარლამენტში რომ შევიდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ თუ იქ შედიხარ, უნდა იცოდე, თუ რას აკეთებ. სწორია, თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, თუ ქუჩის გადატანას არ შეეცდება საკანონმდებლო ორგანოში. თუ ტრიბუნასთან გამოსული ოპოზიციონერი იმავე სტილში ილაპარაკებს, რასაც ქუჩაში მიტინგზე, ასეთ შესვლას აზრი არ აქვს. ამასთანავე, არ ვამბობ, რომ უნდა გამოირიცხოს, მაგრამ რაღაც დროით ქუჩის აქციების დაპაუზება აუცილებელია. ახლა ძირითადად ენმ-ზე ვსაუბრობთ და თავად ამ პარტიაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი. სანამ ნაციონალური მოძრაობა არ ჩამოყალიბდება - ან პარტია უნდა გაიყოს, ან ჩამოყალიბდეს და შეჯერდეს, რას და როგორ აპირებს. დღეს მოსახლეობაში არაა ისეთი მძიმე განცდა და განწყობა, როცა ქუჩა აქტიური ხდება და აქციებით ბრძოლას მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს. დღეს ასე არაა... როცა ნახევარი მილიონი მხადამჭერი გყავს და 10 000 მხარდამჭერის ქუჩაში გამოყვანა პრობლემა გიხდება, უნდა მიხვდე, რომ შენს მხარდამჭერებშიც კი არაა საბრძოლო, რადიკალური განწყობა. ამ ქვეყანაში თითქმის ყველაფერს მოვესწარით და როდის ხდება ასეთი რადიკალიზმი?- ყველა ხელისუფლების ცვლილების წინ მოსახლეობის უმრავლესობაში გარდა იმისა, რომ ხელისუფლების წყევლა-კრულვა იყო, მორიგი მოდარაჯე ფრაზა არსებობდა- " ოღინდ ესენი არ იყვნენ და ვინც გინდა, მოვიდესო". როგორც კი ეს განწყობა გაჩნდება მოსახლეობაში, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ქუჩისთვის მზადაა. დღეს კი ეს განწყობა მოსალხოებაში არაა. ამასთან, ხელისუფლებები იცვლებოდა მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ოპიზიციურად იყო განწყობილი. ასეთი განწყობა დღესაცაა, ბოლო არჩევნებში პროპორციულად მიღებულ ხმებში ოპოზიციური მხარდამჭერი სჭარბობს, მაგრამ დღევანდელი ვითარება 2003 და 2012 წლებისგან ერთი რამით განსხვავდება - მაშინ ოპოზიცია აერთიანებდა ოპოზიციურ ამომრჩეველს, მათ ერთმანეთში თავსებადობის პრობლემა არ ჰქონდათ პარტიების იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად. დღეს კი ოპოზიციური ამომრჩევლი სხვაგვარია, დღეს ოპოზიციის არანაციონალური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას არ მისცემს იმ ბლოკს, სადაც ნაციონალური მოძრაობა იქნება. ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და პირველ რიგში ნაციონალურმა მოძრაობამ. ცოტა გაოცებული და დაბნეული ვარ, რადგან ვერაფრით ვხვდები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს.

მაინტერესებს ადამიანთა ის ნაწილი, რომელმაც მიიღო სიების აღდგენის შესახებ თემის დაყენების გადაწყვეტილება? დღევანდელ ვითარებაში როცა ამბობენ, რომ იციან, "ქართული ოცნება" რაზეა წამსვლელი, ნუთუ ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, ვინც იკითხავდა, რომ ამაზე მმართველი ძალა არ დათანხმდებოდა? - როცა ასეთ რამეს ვხედავ, ვიბნევი. 2 თუ 3 დღეა, მთელი მმართველი ძალა და არა მარტო ისინი, ამ მოთხოვნაზე ქილიკობენ და თუ ასე გააგრძელებს ოპოზიცია, რა წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს?- ოპოზიცია დაშლილი, დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელია და მარტო ნაციონალური მოძრაობის ლიდერჯგუფში გადანაწილება არაა საკმარისი. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ არადა "ქართული ოცნება" აკონტროლებს დღეს პოლიტიკურ პროცესებს, უნდა, გამოუშვებს სააკაშვილს, უნდა - არა და ყოველთვის მიგებული იქნება.