„ბევრჯერ სცადეს ჩემი გადაბირება, მოსყიდვა, გაჩუმება...“ - რატომ დატოვა საქართველო საპატრიარქოს მიმართ სკანდალური განცხადებებით ცნობილმა თეოლოგმა - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ტიგინაშვილთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა, რომელსაც საზოგადოება საკმაოდ სკანდალური შეფასებებითა და საპატრიარქოს მიმართ მწვავე, კრიტიკული განცხადებებით იცნობს, ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, კერძოდ, საფრანგეთში გაემგზავრა და საინტერესოა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა გახდა სამშობლოს დატოვების მიზეზი? „ვერსია“ ტიგინაშვილს პარიზში დაუკავშირდა და გთავაზობთ ინტერვიუს:  

_ გიორგი, ყოველთვის გამოირჩევით ღია, სკანდალური და მკვეთრი განცხადებებით ძირითადად საპატრიარქოს მიმართ, რაც საზოგადოების ნაწილისთვის ტაბუდადებული თემაა... საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან გამგზავრება?

_ არაერთი მიზეზი დაგროვდა იმისთვის, რომ აღნიშნული უმძიმესი გადაწყვეტილება მიმეღო გამომდინარე იქიდან, რომ არასდროს ჩემს ცხოვრებაში საკითხი ასე არ დამისვამს - დამეტოვებინა სამშობლო და სხვა ქვეყანაში წამეყვანა ჩემი ოჯახი, სადაც დავიწყებდი აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან ახალ ცხოვრებას. არ ვნანობ ჩემს შემოქმედებით საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა, ჩემივე პრინციპების, ღირებულებებისა და პატიოსნების, პროფესიული არჩევანის გამო შემიქმნა მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის, სოციალური, მატერიალური, სამსახურეობრივი. ამავე დროს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გავხდი თავდასხმის ობიექტი და გამომდინარე იქიდან, რომ მიწევდა საკმაოდ მკვეთრი და მწვავე განცხადებების გაკეთება, თავს მესხმოდნენ, მემუქრებოდნენ, მუდმივი დამცირებისა და შეურაცხყოფის სამიზნე ვიყავი, რაც აისახებოდა ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გვქონდა სტრესი, მუდმივი პრობლემა საარსებო მინიმუმისაც კი. მატერიალურად გაუსაძლის პირობებში მიწევდა ყოფნა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მეგობარი მეხმარებოდა, ნათესავი და ოჯახის წევრი მეხმარებოდა და ხელს მიწვდიდა, მაინც, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებდა ჩემს მორალურ პასუხისმგებობაზე, რადგან 2 შვილის მამა ვარ, მყავს მეუღლე და ეს დამთრგუნველი იყო და ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ. სულიერად მიმძიმდა ამ ტოტალური უსამართლობის ატანა.

 საბოლოოდ ე.წ. კრებსებმა, რომელიც ფაილების სახით გავრცელდა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი დევნა, შევიწროება და განადგურება სახელმწიფო უწყებებსაც სურდათ. იქ არაერთი ფაქტი იყო მოხმობილი, როგორ ახორციელებდნენ უკანონო მოსმენას, მიყურადებას და მათ შორის, გეგმავდნენ სხვადასხვა ადგილას ჩემს განეიტრალებას (ვციტირებ), ცემას და განადგურებას. ამიტომ ამან უფრო გამიმძაფრა სამშობლოს დატოვების სურვილი, რადგან ყველაზე პირველი მაინც ადამიანისთვის უსაფრთხოების საკითხია, მით უფრო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიყავი დამოკიდებული და ოჯახურ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებდი. ავუხსენი ეს ჩემს ოჯახის წევრებს, მათ იცოდნენ რა, ჩემი ბექგრაუნდი, ჩემი პრინციპები, იცოდნენ, რომ არ დავთმობდი იმ პრინციპებს, რასაც შევეჭიდე ადრეული ასაკიდან, ამიტომ ვალდებული ვიყავი, საბოლოოდ ეს ნაბიჯი გადამედგა, რასაც არ ვნანობ მიუხედავად იმისა, რომ მარტივი არ იყო, რადგან სამშობლოში დავტოვე დედა, და და არაერთი მეგობარი, ბევრი ტკბილი მოგონება, რომელიც ნოსტალგიის სახით ახლაც მაწუხებს და მოუსვენრობას მძენს. თუმცა სინდისთან სიმშვიდის საფუძველი მაქვს, ღვთის მადლით, გამომდინარე იქიდან, რომ რასაც კი ვემსახურებოდი, ეს იყო უანგარო. მე არ ვიყავი ანგაჟირებული, პოლიტიკურად მოტივირებული, არ მივეკუთვნებოდი არც ერთ პარტიას, ენჯეოს, ვიყავი თავისუფალი მოქალაქე და ყველაზე დიდი მონაპოვარი, თუ რაიმე მაბადია ცხოვრებაში, არის თავისუფლების ხარისხი ჩემივე ფშავური ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ ამას ვერაფერზე ვერ გავცვლიდი, ვერანაირ კომფორტზე, მატერიალურ დაინტერესებაზე და ეს ე.წ. კრებსებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ბევრჯერ სცადეს ჩემი გადაბირება, მოსყიდვა, გაჩუმება, მაგრამ ვერ მონახეს ვერც ზნეობრივი და ვერც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გავეჩუმებინე. დარჩენილი იყო მხოლოდ ძალადობრივი გზა, რომელსაც მე გავერიდე, რადგან სიცოცხლე ყველაზე დიდი საბოძვარია ღვთისა.

_ თქვენი ეს განცხადება შესაძლოა, შემაშფოთებელი იყოს სხვებისთვის... მატერიალური სიდუხჭირე იმან განაპირობა, რომ ვერ საქმდებოდით საქართველოში, რადგან თქვენი განცხადებები ამ ქვეყანაში ზოგისთვის უსიამოვნო იყო?

_ დიახ. როცა ვსაუბრობ იმაზე, თუ ვისთვის იყო არასასურველი, ვგულისხმობ კონიუნქტურას, რეჟიმს და სისტემას, რომელიც ჩამოაყალიბა ხელისუფლებამ და იყო უნისონში საქართველოს საპატრიარქოსთან. ამავე დროს დავინახე ამ ნიადაგზე რუსიფიკაციის და ქართული იდენტობის სრული ასიმილიაციის მაღალი მოლოდინი და ამ ფონზე ჩემი ხასიათის გათვალისწინებით, იქ არავითარი საარსებო პირობები აღარ მქონდა. სახელმწიფო უწყებებში კი არა, კერძო სექტორშიც კი ვერ ვახერხებდი დასაქმებას და მიწევდა პერიოდულად რეპეტიტორობა კერძო მასწავლებლად.

_ რა საინტერესოა... რას ასწავლიდით?

_ ისტორიას... ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ სასულიერო განათლება მიეღო, თეოლოგიის სხვადასხვა დარგებსა და დისციპლინებს ვასწავლიდი. მანამდეც მქონდა პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ზოგ კერძო სკოლაში, მათ შორის, საპატრიარქოსთან ასოცირებულ სასწავლებლებშიც იქამდე, სანამ მათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, რადგან არ ვიცოდი, რომ იქ ასეთი უზნეობა, ამორალურობა და განუკითხაობა იყო. ხოლო, როცა დავინახე, რომ ჩემს ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო იქ ყოფნა და ბავშვობიდან მეწადა სასულიერო პირობა, მღვდლობას ვაპირებდი მთელი ცხოვრება და მინდა, გითხრათ, რომ ეს სურვილი არც ახლა გამნელებია... მაგრამ ვერ დავინახე ვერავითარი მიმზიდველობა იმ სისტემაში, რომელიც ჩამოაყალიბა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც არის იმთავითვე კოლაბორაციონალისტური, მოღალატური, კაგებეშნიკური და საბოლოო ჯამში ანტიმართლმადიდებლური. ეს არის პროფანირებული ქრისტიანობა, რომელიც, უბრალოდ, ოფიციოზში ვლინდება, რომ ეს არის ეკლესია, ხოლო ყველა კრიტერიუმით, პარამეტრითა და სტანდარტით საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურ აცდენაშია მართლმადიდებლურ ტრადიციასთან, გამოცდილებასთან და ისტორიული სამართალმდემკვიდრეობის ღირსებასთან.

_ გასაგებია... რატომ გააკეთეთ არჩევანი საფრანგეთზე?

_ იმიტომ, რომ საფრანგეთში პროცედურულად ჩაბარების საკითხი ბევრად მარტივია, უკეთესი ბენეფიტებია. ამავე დროს მოვითხოვე ბინადრობისა და სწავლის გაგრძელების უფლება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა, რომ მომეცეს ამ თავლსაზრისით განვითარების შესაძლებლობა, რადგან საქართველოში ამ კუთხითაც პრობლემებს მიქმნიდნენ. ამიტომ თანდათან გავდივარ ყველა იურიდიულ საფეხურს, რომელიც აქ პროცედურულად აუცილებელია და ეს დროში საკმაოდ ხანგრძლივი და ბიუროკრატიული პროცესია, მაგრამ გვაქვს საფუძველი დამაიმედებელი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა. 3 სისხლის სამართლებრივი საქმე იყო აღძრული და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი დარჩა გამოუძიებელი. არ გამოვლინდნეს დამნაშავეები, ჩემზე თავდამსხმელები, მომადგა უზარმაზარი ზიანი ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მორალური ზიანი, მქონდა დაუცველობის განცდა, მითუფრო ჩემს ოჯახს... ამიტომ მაქვს ყველა იურიდიული საბუთი იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. დაზარალებულად მცნო საქართველოს პროკურატურამ, რადგან ისინი ვერ აუვიდოდნენ იმ ფაქტებს, რომელიც მოცემული იყო საქმეში და შესაბამისად, ყოველგვარი გამჭვირვალობითა და ღიაობით ჩამოვედი, გავიარე საიმიგრაციო სამსახურში პროცედურები, მოვითხოვე თავშესაფარი რელიგიურ ნიადაგზე.

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი იძულებით, რადგან ვიმეორებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი ენერგია, ცოდნა და სამოქალაქო მსოფლშეგნება თუ წესიერება მომეხმარებინა ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი საზოგადოების რელიგიური ცნობიერების ამაღლებისთვის და საქართველოში თუნდაც პოპულაციის გამრავლებისთვის, ამის პირობები რომ მქონოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ამის შესაძლებლობა ამ ეტაპისთვის არ მომეცა.

_ სამუდამოდ აპირებთ მანდ დარჩენას? რა უნდა მოხდეს, რომ თქვათ - ღირს საქართველოში ცხოვრების გაგრძელება?

_  არ მაქვს პროვინციული აღტკინება, რომ აი, ჩამოვედი საფრანგეთში და... რა თქმა უნდა, დამხვდა ბევრად უკეთესი სერვისები, პლურალიზმი, მულტიკულტურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების, სიტყვის, სიცოცხლის უფლება დაცული. დამხვდა უფრო მაღალი ცხოვრების დონე, არაჩვეულებრივი ინსფრასტრუქტურა, არქიტექტურა, ფერწერა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველია. ამავე დროს, საუნივერსიტეტო გარემო, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის წარმავალი და დროებითი იმ თვალსაზრისით, რომ მე მაინც აქ ყოველთვის სტუმრად ვიგრძნობ თავს და ყოველთვის მექნება იმის განცდა, რომ იქნებ ჩემს სამშობლოში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს, რომ მე დამედგომებოდეს და ღირდეს სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ რეალურად, თუ აქ დავრჩი 5-10 წლის მანძილზე და ჩემი შვილები აქ სასწავლებელში შევლენ და რა თქმა უნდა, შვილების მომავლის პერსპექტივაზე ზრუნვითაც ჩამოვედი აქ, შესაძლოა, შემდგომში ეს გაჭირდეს. უბრალოდ, მე აქ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ღირებული ტრადიციები და ქართული იდენტობა შევუნარჩუნო ჩემს შვილებს ჩემივე მაგალითით. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ფრანგულ ყაიდაზე გადასვლა, საფრანგეთის კონსტიტუციის, კულტურის გაცნობა და მასთან ინტეგრაცია და ამაში ვერაფერს ვხედავ მოღალატეობრივს ან საძრახისს.

_ წარმატებას გისურვებთ და იმედია, დარჩებით მედიისთვის საინტერესო რესპონდენტად მიუხედავად იმისა, რომ აქ არ იცოვრებთ...

_ რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩემი აქ წამოსვლა ვინმემ მიიჩნიოს უკანდახევად, კომფორმიზმად ან გაჩუმებად, არც ერთ შემთხვევაში. უბრალოდ, ადამიანისთვის როცა პირველადი ამოცანაა ფიზიკური გადარჩენა, გვიწევს ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს არ უნდა გაიგოს ისე ჩემმა ძვირფასმა საზოგადოებამ და გულშემატკივრებმა, რომ დავთმე ჩემი პრინციპები ან შევიცვალე კურსი და აღარ ვაპირებ იმ გამოწვევებთან, დაბრკოლებებთან და არაჯანსაღ ვითარებასთან შეგუებას, რომელიც დაამკვიდრეს საქართველოს საპატრიარქოს მავნებელმა წარმომადგენლებმა. პირიქით, აქ უფრო მეტ ინტელექტუალურ კაპიტალს დავაგროვებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად კვალიფიციურად წარმოვაჩინო საქართველოს ეკლესიაში სამომავლოდ აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმები და დარღვევები, რომელიც ამ თვალსაზრისით ეკლესიაში არსებობს. ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვაპირებ, გავუკეთო კომენტარი ყველაფერს პირუთვნელად, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე, ღვთის შეწევნით.