რატომ შიმშილობს პატიმარი ირაკლი კვარაცხელია დღემდე, რომელმაც ერთი თვის წინ სასამართლოში ყელი გამოიჭრა - ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ, ყველას ახსოვს შემზარავი ფაქტი, როცა ერთი თვის წინ პატიმარმა, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა. ეს უკიდურესი პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კვარაცხელია 7 წლით ციხეში გაუშვა. 
მაშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ყელი საპარსი პირით გამოიჭრა. როგორ მოხვდა დანაშაულის იარაღი სასამართლოს დარბაზში, უცნობია.

„ვერსიამ“ გადაწყვიტა, გაერკვია, რა მდგომარეობაშია ახლა პატიმარი ირაკლი კვარაცხელია და შიმშილობს თუ არა ის დღემდე? - დავუკავშირდით პატიმრის ადვოკატს, ჯაბა კოჭლამაზაშვილს, რომელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ:

_ბატონო ჯაბა, საიდან ჰქონდა პატიმარს ისეთი ნივთი, რომლითაც მან თვითდაზიანება მიიყენა?

_ საიდან ჰქონდა, ამას მე ვერ გეტყვით,  მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დეტალებსაც ჩვენ არ გვაცნობენ. მისი მდგომარეობა ახლა არის ძალიან ცუდი, პატიმარი ამ დრომდე შიმშილობს. თვითდაზიანებას რაც შეეხება, მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონია, ვერ მოასწრო, თუმცა აქვს ნაწიბური.

_რას აპროტესტებს ირაკლი კვარაცხელია და რატომ შიმშილობს?

_ აპროტესტებს იმ გამამტყუნებელ განაჩენს, შვიდ წელს, რომელიც მას მიუსაჯეს. ეს განაჩენი მოკლებულია ყოველგვარ სამართლიანობას. პატიმარი ითხოვს, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც „შეუკერეს“ ეს საქმე.

_რას ედავებიან პატიმარს და რატომ მიუსაჯეს შვიდი წელი?

_შვიდი წელი მას მიუსაჯეს ოქროს ბეჭედის ქურდობისთვის. პატიმარი ადრე არის ნასამართლევი, ორი წელი პრობაციონერი იყო, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენია. ამიტომ, მაკვალიფიცირებული გარემოება აქვს და ამიტომ განისაზღვრა შვიდი წელი. პირველი ნაწილი არ არის ქურდობის, არის დამამძიმებელი გარემოება, ამიტომ მიუსაჯეს შვიდი წელი, თუმცა პატიმარი თავის ჩვენებაშიც ამბობს, რომ მას უთვალთვალებდნენ, როგორც ნასამართლევ ადამიანს და ამბობს, რომ უნდოდათ მისი დროებით უკან შებრუნება.

ჩვენ გვაქვს კამერის ჩანაწერები, რომელიც ამოვიღეთ და არა გამოძიებამ, რომელიც ადასტურებს ამ გამომძიებლების ჩვენების სიცრუეს. პირდაპირ ადასტურებდა, რომ ისინი ცრუობდნენ. პატიმარი ირაკლი კვარაცხელია გაჩხრიკეს, მაგრამ კანონ საწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მას ბორკილები არ გაუკეთეს და გაჰყვა პოლიციელს სადღაც შორს. იმ პოლიციელს, რომელიც არ ფიგურირებს არსად ჩხრეკის ოქმში და არც დაკავების ოქმში, არც რომელიმე სხვა პოლიციელი ახსენებდა მანამ, სანამ ჩვენ კამერის ჩანაწერებს მოვიპოვებდით. მერე სასამართლოში შეცვალეს ჩვენება და შემოგვთავაზეს ვერსია, რომ სხვაგან გაჩხრიკეს და რაღაც ზღაპრები. ეს ზღაპრები მოგვიყვა გამომძიებელმა და სასამართლომ ეს დაიჯერა.

_რა არის თქვენი, როგორც კვარაცხელიას ადვოკატის, სამოქმედო გეგმა, რას აპირებთ მის გასამართლებლად?

_ჩვენ ველოდებით პროკურატურისგან, რა ნაბიჯებს გადადგამენ და ამის შემდეგ მთელი ძალებით შევუდგებით საქმეს. გასაჩივრებული გვაქვს ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს გადაწყვეტილება შევცვალოთ. ეს საქმე სხვა საქმეებმა გადაფარეს, ერთ-ერთი სიუჟეტის მერე პატიმრის მდგომარეობა გაუარესდა და ასევე გამკაცრდა მისდამი დამოკიდებულებაც. შემდეგ, როდესაც გამტყუნდა და თვითდაზიანება მიიყენა, ესეც მედიისთვის იყო ცნობილი და ახლაც ყველა გაიგებს, რომ ის ცუდად არის და ამ დრომდე შიმშილობს.

ავტორი:სალომე ნოზაძე