„საქართველოში ანტივაქსერების მიტინგებს რუსეთის უშიშროება აწყობს!“ - რა ვიცით კორონას ახალ შტამზე - სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თათია გოჩაძე

 ბი ბი სი იუწყება, რომ კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, მრავალი მუტაცია აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონ-ს შემაშფოთებელი ვარიანტი უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეიძლება მაღალი იყოს, ამასთან, ახასიათებდეს მაღალი ვირულენტობა (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) და ასევე, შესაძლოა, ამ შტამის მიმართ არსებული ვაქცინები მაღალეფექტური არ იყოს. კორონავირუსის ახალ შტამსა და ზოგადად, ეპიდვითარებაზე „ვერსია“ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

 - ჯერჯერობით, ამ შტამის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი დასკვნა სამხრეთ აფრიკის ლაბორატორიის მიერ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ლაბორატორია ნამდვილად არაა. როცა მკვლევარებმა ინფორმაცია დადეს, აღმოჩნდა, რომ მუტაციის რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. მეცნიერებმა კი ძალიან კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს მუტაციას.

ზოგადად, ყველა ვაქცინა ითვალისწინებს, რომ შეიძლება, ვირუსმა განიცადოს მუტაცია და ეს უკვე ჩადებულია კვლევებში. სხვათა შორის, ამ მხრივ, „მოდერნა“ უფრო წინ წავიდა. როცა „ფაიზერმა“ მიიღო სრული აკრედიტაცია, „მოდერნამ“ გააგრძელა მუტანტების მიხედვით სვლა. საშიშროება იყო, რომ შტამმა, რომლის შესახებაც სამხრეთ აფრიკელებმა შეგვატყობინეს, 30 მუტაცია გაიარა და ამ შემთხვევაში, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად ეფექტური იქნება არსებული ვაქცინები. ამის დასადგენად, მინიმუმ, 10-14 დღეა საჭირო და შესაბამისად, ამ პერიოდში გვეცოდინება, რომელი ვაქცინა იქნება ამ შტამის მიმართ ეფექტური.

მაგალითად, უკვე ვიცით, რომ „ასტრაზენეკამ“ ვერა, მაგრამ „ფაიზერმა“ იმუშავა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. რამდენიმე ექსპერტი ვარაუდობს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც შედარებით დაბალეფექტურია, ვერ იქნება ეფექტური ამ შტამის მიმართ. მაღალეფექტური ვაქცინა კი მხოლოდ ორია: „ფაიზერ-ბიონტეკი“ და „მოდერნა“.

- ბატონო გიორგი, საქართველოში დეკემბრიდან, „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება, ასევე, პენსიონერებს, აცრის შემთხვევაში, 200 ლარი გადაეცემათ. ამ გადაწყვეტილებებს და ზოგადად, საქართველოს ეპიდვითარებას როგორ აფასებთ?

- ყველაზე დიდი შეცდომა არჩევნების ჩატარება იყო, რადგან ახლა, გაქანებული ეპიდემია გვაქვს. ისრაელმა და იაპონიამ ჩაკეტეს საზღვრები, ეშინიათ ამ ახალი შტამის. საქართველოში კი მიტინგი-მიტინგზე იმართება, ანტივაქსერები ქეიფობენ და აქციებს აწყობენ! სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ შემოღება კი არა, მთელი პროცესის მართვაა და ამას ვერ ვხედავ.

- არსებულ ვითარებაში, „ლოქდაუნი“ და საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი იქნება?

- „ლოქდაუნის“ კონცეფცია ისაა, რომ მძიმე მდგომარეობაში მოიგო დრო, რათა მოემზადო გრძელვადიანი გეგმისთვის. რომ გამოაცხადონ „ლოქდაუნი“, რა იქნება შემდეგ?! ვაქცინაციის გეგმა არ არსებობს და არაპროფესიონალები მართავენ პროცესს. ხომ უნდა არსებობდეს სტრატეგიული გეგმა?! ჩემი თვალსაზრისით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაადგეს „ჯოგური  იმუნიტეტის“ გზას!

- ისრაელსა და ევროპის ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, საზღვრების ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება საჭირო რატომღა ხდება?

- პასუხი მარტივია - ესენი პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები არიან, რომლებიც ფიქრობენ თითოეულ მოქალაქეზე და მათ სიცოცხლეზე. საქართველოში, დღეში 80 ადამიანი კვდება, მაგრამ საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს და მიტინგებს ატარებენ! მედიის პრიორიტეტული საკითხი კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეა. სულ არ მაინტერესებს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია თუ არა, რადგან დღეში 80 ადამიანი კვდება და ეს არის ჩემთვის მთავარი!!! ევროპაში ერთი ადამიანის გარდაცვალებას პანიკა მოჰყვება, ჩვენთან 80 ადამიანი მოკვდა და იმაზე საუბრობენ, რესტორანში ვერ შევდივარო, ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ვიცით!

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღემდე ვერ ჩამოიტანა საქართველოში ლაბორატორია, რომელიც პირბადის ხარისხს განსაზღვრავს. მილიარდობით ფული დახარჯეს, ღმერთმა იცის, რაში და 50 000 დოლარი ვერ გადაიხადეს, რომ ჩინური ლაბორატორია მაინც ჩამოიტანონ, რათა დაადგინონ, არის თუ არა საქართველოში არსებული  პირბადეები მაღალი ხარისხის. ვიცი, რომ არიან კომპანიები საქართველოში, რომლებიც უშვებენ „ტუალეტის ქაღალდს“ და ამბობენ, ეს სამედიცინო პირბადეაო.

სხვათა შორის, აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის საბუთი, რომ ეს პირბადეა, წარმოგიდგენიათ?! ისინი ამაში ხელფასს იღებენ, ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანები არიან და რას აკეთებენ? საინფორმაციო კამპანია სად არის ქვეყანაში? - არ არსებობს!

ვაქცინაციის საბჭოს წევრებზე გამოაქვეყნონ ბიოგრაფიები, რის საფუძველზე არიან ეს ადამიანები იქ არჩეულნი?! სულ არ მაინტერესებს, ცნობადია თუ არა, მაინტერესებს, რა აქვთ დაწერილი და გაკეთებული მეცნიერული კუთხით. საქართველოში ბევრ ცნობად ექიმს წიგნი არ წაუკითხავს ბოლო 20 წელია და ჩემთვის აბსოლუტურად ნულია.

თუ პრეტენზია აქვთ, რომ ცნობილი ექიმები არიან, სტატია მაინც უნდა ჰქონდეთ დაწერილი ბოლო 5 წლის განმავლობაში!

საქართველოში აბსოლუტურად განულებულია მეცნიერება! უდიდესი პრეტენზია მაქვს და პირდაპირ ვადანაშაულებ ჩვენს მეცნიერებათა აკადემიას, რომელიც უნდა დაიხუროს!

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უნდა ყოფილიყო ზეპარტიული და დაეკავებინა ის თამასა, რომ ეთქვა, ეს არის თეთრი და ეს შავიო, მაგრამ ეს არ ხდება. როცა  ქვეყანაში მეცნიერება არ გაქვს, ეს უნდა აღიარო და თქვა, რომ რაც გააკეთა, მაგალითად, საფრანგეთმა, ჩვენც გავაკეთებთ იმას და მორჩა!

რა პროტოკოლებს ადგენენ, ვის აქვს საქართველოში ამის გამოცდილება?! რატომ ვიტყუებთ თავს? ამ ტყუილების შედეგად კვდება ხალხი, დღეში 80 ადამიანი იღუპება!

ანტივაქსერების მიტინგები რომ იმართება საქართველოში, გადახედეთ, მათ უკან ვინ დგას - ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა! თუ ორი უჯრედი მაინც აქვს ადამიანს, მიხვდება, რომ ანტივაქსერები არიან დაფინანსებულები რუსეთის მიერ. რუსეთის უშიშროება აწყობს ანტივაქსერების მიტინგებს - ეს ხომ ორჯერ ორი, ოთხია!

- კი, მაგრამ ანტივაქსერები მიტინგებს ევროპაშიც ხომ აწყობენ?

- რადგანაც რუსეთმა ვერ მოიკიდა ფეხი ვერსად, ძირითადად, ცდილობს, ყველგან შეჰყოს თავი, სადაც ეს რადიკალური პარტიებია. მაგალითია ქალბატონი ლეპენი, რომელიც ყველაზე რადიკალური პარტიაა საფრანგეთში და ვისგან აქვს მას აღებული კრედიტი? - რუსეთის ბანკიდან ანუ საფრანგეთშიც კი რადიკალური პარტიები არიან ფინანსურად მხარდაჭერილნი რუსეთის მიერ.

დასავლეთის დესტაბილიზაცია ვის აწყობს? - რუსეთს! საქართველოში, გგონიათ, ბევრი ფულია საჭირო? ერთ მილიონად მთელ პარტიას იყიდი... მოუსმინეთ ამ ანტივაქსერი რადიკალების მესიჯებს და გადახედეთ რუსეთის მთავრობის მესიჯებს - არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან და თუ ეს ხალხი ჩემს წინააღმდეგაა, ე.ი. მე მართალი ვარ.

ამ დროს ჩნდება კითხვა, სად არის სახელმწიფო?  ჩვენ ორი ქვეყანა გვაქვს ქვეყანაში - კოვიდი და რუსეთი, სხვა ყველა პრობლემა მოგვარებადია. სახელმწიფო კი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. „მწვანე პასპორტიც“ კი დაგვიანებულია, ეს „მწვანე პასპორტიც“ კი არაა, თავის მოტყუებაა.

უნდა ვაღიაროთ, საქართველოში კოვიდპანდემია არ იმართება. საქართველოში დეკემბერი იქნება უმძიმესი, ეს ადრე თქვენთან ინტერვიუშიც ვთქვი და ასე იქნება.

- ბოლოს, მკითხველს რას ურჩევთ ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში?

- თქვენ მიხედეთ საკუთარ თავს, ნურავის უსმენთ, დაუჯერეთ საკუთარ მოსაზრებას და ჩემზე უკეთ იცით, როგორ დაიცვათ თავი. პირველ რიგში, სამედიცინო, ე.წ. ფხაკაძის პირბადეზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს, მოიმარაგეთ პირბადეები. ვისაც გაქვთ საშუალება და სურვილი, გირჩევთ, რომ აიცრათ „ფაიზერის“ ვაქცინით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია. დაიცავით დისტანცია, ნუ დადიხართ მიტინგებზე, თავშეყრის ადგილებში და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გაანიავოთ ოთახები, სამუშაო ადგილები და  იყავით პოზიტიურად განწყობილნი, რადგან ამდენი ნეგატივი ქვეყანაში, ამძაფრებს არსებულ ვითარებას.

მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, თუმცა სანამ ამ საღ აზრამდე მივალთ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება. გჯეროდეთ, რომ გიორგი ფხაკაძე ყოველთვის იტყვის სიმართლეს, ჩემგან მიიღებთ უახლეს ინფორმაციებს და როცა ვიტყვი, „ხაჭაპური გამომცხვარია“, შეგიძლიათ, მიირთვათ ეს „ხაჭაპური“.