როგორ შოულობს ანტივაქსერების მაფია ფულს - სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ოპოზიციაცაა დამნაშავე და მთავრობაც ამ მკვლელობაში“ - გიორგი ფხაკაძე 

კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო პირველ სამეულშია. ურთულესი ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღები მოახლოვდა, რაც პანდემიის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში პანდემიური ვითარების შესამსუბუქებლად და რა ახალი ტენდენციები გამოიკვეთა მსოფლიოში პანდემიის მართვის კუთხით? - „ვერსია“ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, საქართველოში, პანდემიის მართვის თვალსაზრისით, რა კეთდება სწორად და რა - არასწორად?

- ყველა უშვებს შეცდომას, ყველა სამინისტრო, მაღალჩინოსანი, ბიზნესმენიც კი. მთელი საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ვიყოთ პირველები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მხოლოდ სახელმწიფოზე გადაბრალება არასწორია, მოსახლეობის ბრალიცაა. პირბადეს ვინც არ იკეთებს, დისტანციას ვინც არ იცავს, ხალხმრავალ ადგილებს ვინც არ ერიდება - ყველა დამნაშავეა. ვაქცინის არგაკეთება არის პროტესტი ქვეყნის, ეკონომიკის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. დავიღალეთ, ეს 30 წელი, ერთი და იგივე „კაგებეშნიკები“ ტრიალებენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. სოციალურ ქსელში კომენტარებზე დაკვირვებით შემიძლია, ვთქვა, რომ არის ბევრი საღი აზრის მქონე, პროგრესული ადამიანი, მაგრამ უმრავლესობა არაპროგრესულია და ამიტომ მივიღეთ არსებული შედეგი.

- ანტივაქსერულ მოძრაობაზე რა ინფორმაცია გაქვთ? ვინ დგას ყველაფერ ამის უკან და ვის აწყობს, რომ ადამიანებმა აირჩიონ გზა, რაც გადარჩენის ერთადერთ საშუალებაზე - ვაქცინაზე უარის თქმას ნიშნავს?

- არის ნაწილი, რომელიც ჩათრეულია ანტივაქსერულ სექტაში. ესენი არიან მსხვერპლი და სჭირდებათ დახმარება. ასევე, არიან ანტივაქსერების ე.წ. ლიდერები, რომლებიც ძალიან საშიში ხალხია. არაერთი სტატია დაიწერა და გამოძიება ჩატარდა, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი შარლატანი ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ, იშოვონ ფული. წინა კვარტალში, ანტივაქსერებმა მსოფლიოში მილიარდი იშოვეს სხვადასხვა გზით. ისინი თამაშობენ და მანიპულირებენ ადამიანების შიშით და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ხდება. რამდენიმე მიმართულება აქვთ - ერთნი თამაშობენ ადამიანების შიშზე, მათ შორის, რელიგიურზე და ამბობენ, რომ ვაქცინა ცუდია და მათ აქვთ „მაგიური გამოსავალი“. ზოგი ყიდის ბალახს, ტაბლეტს და სესიებსაც კი... ანუ ანტივაქსერულ მოწოდებებს იყენებენ, როგორც მარკეტინგულ გზას, რათა გამდიდრდნენ. მეორე კატეგორია სოციალური ქსელის პოპულარული „ინფლუენსერები“ არიან, ისინი აგროვებენ აუდიენციას და ამ გზით შოულობენ ფულს და არის მესამე კატეგორია, რომელიც აგროვებს აუდიენციას და შემდეგ ყიდის, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. ასეთი რამ მოხდა საქართველოშიც, როცა გამოიყენეს კოვიდის თემა, შექმნეს ჯგუფი და შემდეგ ის ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს ჯგუფი დაიბლოკა რამდენჯერმე.

- სოციალურ ქსელში „მედგიდის“ დაბლოკვას გულისხმობთ?

- დიახ, რად უნდა დამალვა, ეს ხომ ფაქტია? „მედგიდი“ არ არის ანტივაქსერული ჯგუფი, კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ამ ჯგუფმაც კი ხელი შეუწყო ანტივაქსერულ განწყობებს, რადგან ადამიანი როცა გენდობა და უცებ ეუბნები, რომ პოლიტიკოსი ხარ... ანუ როცა პოზიციონირებ, როგორც დამოუკიდებელი ექიმი და ადამიანი გენდობა, შემდეგ კი ხდები პოლიტიკოსი, ირიბად თუ პირდაპირ, პოლიტიკურ მესიჯს აკეთებ, რაც არასწორია. ანტივაქსერებს რაც შეეხება, ტიპური ქართული ვარიანტი შეიქმნა - სადაც მარგინალიზებული პოლიტიკური პარტია, იმპოტენტი პოლიტიკური ფიგურები, ნული პოლიტიკური რეიტინგის მქონე სუბიექტები მანიპულირებენ კოვიდით და ქმნიან ანტივაქსერულ განწყობას, ამით ცდილობენ, ხმები მიიღონ არჩევნებზე - ესაა მთელი სპექტრი ანტივაქსერებისა, კომპლექსი, რომელსაც ემატება რუსეთი და ჩინეთი, სადაც ცალკე პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს. რუსეთი ამბობს, რომ თავისი ვაქცინაა საუკეთესო, რომელმაც ვერც ერთი სტანდარტი და რეგულაცია ვერ დააკმაყოფილა და არავინ იცის, რისგანაა გაკეთებული ეს ვაქცინა. და უკვე ძალიან მაგარი ამბავი: „ფაიზერმა“ აშშ-ის წამლის სააგენტოს სრული ავტორიზაცია მიიღო. „ფაიზერმა“ 2 წელიწადში შეძლო ის, რასაც ადრე 5 წელი სჭირდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება სწრაფი პროგრესის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ე.წ. ტრადიციული მეთოდით გაკეთებული ვაქცინები, ჩვენს საუკუნეში უკვე ჩამორჩენილი მეთოდია. დღევანდელი სიახლე ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს პირველი უსაფრთხო, ეფექტური და ოფიციალურად დამტკიცებული კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინა. ამით „ექსპერიმენტის“ თაობაზე ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა. ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ აშშ-ის წამლის სააგენტომ ძირფესვიანად შეისწავლა ყველა კლინიკური კვლევის შედეგები და ეს ვაქცინა უსაფრთოდ და ეფექტირად აღიარა.

- სრული ავტორიზაცია რას ნიშნავს?

- ვინაიდან კოვიდპანდემია საომარი მდგომარეობაა და ვირუსი მილიონობით ადამიანს კლავს, წამლის სააგენტოებს აქვთ ორი საშუალება - უმკაცრესი პროცესია, როცა ამბობენ, რომ ეს წამალი კარგია, ეს კი - ცუდი. ასევე, არის დროებითი მოხმარება, როცა გეუბნებიან, რომ ეს წამალი არის უსაფრთხო, მაგრამ რამდენად ეფექტურია, ამაზე კვლევა კიდევ მიმდინარეობს. ყველა კოვიდვაქცინა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, არის გადაუდებელი მოხმარების, უსაფრთხო, მაგრამ რამდენად ეფექტურია, ბოლომდე შესწავლილი არაა. ახლა კი „ ფაიზერმა“ გაიარა ყველა ეს ეტაპი და მიიღო სრული ავტორიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ეს წამალი არის არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ, ეფექტურიც და ზღაპრები, რომელსაც ანტივაქსერები ჰყვებიან, რომ ექსპერიმენტის ნაწილი ვართ, არის დახურული თემა.

- ბატონო გიორგი, საზოგადოება ელოდება წამალს COVID-19-ის წინააღმდეგ. რა ინფორმაცია გაქვთ, ჩანს რაიმე იმედი ამ კუთხით?

- მსოფლიოში 300-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა და 200-ზე მეტი კანდიდატი წამალი არსებობს. ძალიან დიდი პროგრესია, ასეთ მოკლე პერიოდში, მედიცინაში ამხელა პროგრესი არასდროს ყოფილა. იმდენი ფული და რესურსი ჩაიდო, რომ ვაქცინა და წამლები გვქონოდა, ამის შედეგს დავინახავთ რამდენიმე წელიწადში და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ახლაც არის 6 წამალი, რომელიც ევროკავშირმა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. წლის ბოლომდე გვექნება კარგი კოლექცია, 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი გამოჩნდება. მეტიც, წლის ბოლომდე, შეიძლება, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს. მოდით, ასე ვთქვათ - დღეს უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. წამალიც გვაქვს, ჩვენთან უკვე არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში და კითხვა მაქვს - რატომ უნდა დალიო წამალი ავად გახდომის შემდეგ, როცა შეგიძლია, გაიკეთო ვაქცინა, რომელიც დაგიცავს ავად გახდომისგან? წარმოიდგინეთ ჩვენი საზოგადოების აბსურდულობა, როცა ამბობს, არ მინდა ვაქცინის გაკეთება და ველოდები წამალსო. ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან წამალი უკვე გვაქვს, ვაქცინის სახე ექნება თუ აბის, რა მნიშვნელობა აქვს? - ესაა სამედიცინო საშუალება, რომელიც მუშაობს და რადგან ექიმი გეუბნება, უნდა მიიღო. ისე, დღეს ყველა ექიმი და პროფესორი გახდა.

- საქართველოში სულ ასე არ იყო?

- კი. ერთი კინოკრიტიკოსი მიყვარს ძალიან და მანაც კი კოვიდზე დაიწყო ლაპარაკი. მის გადაცემას ვუსმინე, არაადეკვატურად საუბრობდნენ და ტექნიკურად ბევრ შეცდომასაც უშვებდნენ. საერთოდ, როგორი განათლებული, ცნობილი და კარგიც უნდა იყო და თუნდაც კარგი განზრახვა გქონდეს, არ უნდა გააკეთო, რადგან არაა ეს შენი საქმე.

- ბატონო გიორგი, 12 წლის მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჯანმო-სგან რა გადაწყვეტილებას ელოდებით? შეიძლება, საქართველოშიც მალე ჩაერთონ მოზარდები ვაქცინაციაში?

- საქართველო არაა აფრიკა და აზია, საქართველო არის ევროპა და გამაგებინეთ, რატომ არ ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ევროპაშია? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უყურებს მთელ მსოფლიოს, როგორც მდიდარ, ასევე, ღარიბ ქვეყნებს და ჩემთვის არაა მისაღები ის, რაც მოზამბიკში ხდება. სამაგიეროდ, არის რეგიონალური ორგანიზაციებიც და რაც ევროკავშირშია მიღებული, გავაკეთოთ ისე. ევროპა კი 12 წლიდან უკვე ცრის მოზარდებს „ფაიზერით“.

- რა მოლოდინი გაქვთ, საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას?

- კი. ისინი ჯიუტი ბავშვებივით იქცევიან, რასაც ვამბობ, იმას აკეთებენ, ოღონდ 2-3 კვირის დაგვიანებით. ვაქცინაციის საბჭოში ბევრი სპეციალისტია, რომელიც თავის საქმეში გამოჩენილია, მაგრამ ვაქცინაციის საქმეში არც ერთი მათგანი არაა ექსპერტი. არიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც ამ სფეროში აქვთ გამოცდილება ჩემსავთ, მაგრამ ამ საბჭოში არ არიან და მიჩნდება კითხვა - რატომ?... პროფესიონალიზმის ნაკლებობა ღუპავს ჩვენს ქვეყანას, მეტი კი არაფერი. რატომ ვიგონებთ ახალ ბორბალს? თქვი, რომ რაც გააკეთა საფრანგეთმა, გავაკეთებ იმას და მორჩა! გვაქვს კომუნიკაციის საშუალებები, ბოლოს და ბოლოს, ფრანგი პრეზიდენტი გვყავს, გამოვიყენოთ ყველა გზა! ჩვენს ქვეყანაში ყველას უნდა, პრეზიდენტი იყოს, მაგრამ რომ შეეკითხო, არაფერი იციან და დებატებს გიწყებენ.

- რა რეკომენდაციები გაქვთ სწავლის დაწყებასა და არჩევნებთან დაკავშირებით, ამ მძიმე პანდემიურ ფონზე?

- საქართველოს მთავრობა არის მსხვერპლი, ვინაიდან ვერაფერს გააკეთებს. არჩევნებმა დაასამარა ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო. როცა მეორე ტალღა დაიწყო ივლისში, ქვეყანა უნდა ჩაეკეტათ 3 კვირით, შეეჩერებინათ ტალღა და შემდეგ გაეგრძელებინათ ღონისძიებები. ჩვენებმა კი ბოლო რეგულაციებიც კი მოხსნეს იმიტომ, რომ არჩევნები იყო. მთავრობა ქვეყანას ვერ დაკეტავს არჩევნებამდე, 100 ადამიანი რომ გარდაგეცვლება დღეში და ქვეყანას არ კეტავ, წარმოგიდგენიათ?! იმიტომ ვერ კეტავს, რომ ოპოზიცია იტყვის, წინასაარჩევნოდ სპეციალურად დაკეტესო. არჩევნებსაც რომ ჩაატარებენ ოქტომბერში, ეპიდემიის ფონზე, მაინც ვერ ჩაკეტავენ იმიტომ, რომ იტყვიან, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩაკეტვააო ანუ პრაქტიკულად, ოპოზიციაცაა დამნაშავე და მთავრობაც. ყველა პოლიტიკოსი, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, მონაწილეობს ამ მკვლელობაში, რადგან ერთი-მეორეს ჯინაზე იქცევიან და არც ერთი ფიქრობს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩემზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და იცის, რომ სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი ორჯერ უნდა გაამრავლო, რომ რეალური სურათი მიიღო. ჩემზე უკეთ იციან ეს, მაგრამ პოლიტიკის გამო ხმას ვერ იღებენ. მოქალაქეებს მივმართავ - სამედიცინო პირბადე ყველგან, დისტანცია ყველგან და ყოველთვის. სანამ არის საშუალება, გამოიყენეთ და აიცერით „ფაიზერის“ ვაქცინით. უნდა აიცრან ფეხმძიმე ქალები, მეძუძური დედები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, „ცე“-ჰეპატიტით დაავადებულები, მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები, წამალდამოკიდებული ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან. ფილტვების, გულის პრობლემა ვისაც აქვს, დიაბეტი, ალერგია, აუცილებლად უნდა აიცრან. ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს, უნდა აიცრას, რადგან ვირუსი დაეტაკება ზუსტად იმ დაავადებაზე. სკოლა უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო, რადგან ბავშვებისთვის ვაქცინაცია ჯერ არ გვაქვს. სწავლა უნდა გადაიწიოს პირველ ნოემბრამდე, არ ვართ მზად და კიდევ ერთი აფეთქება მოხდება. სკოლის პერსონალის 100% უნდა იყოს აცრილი, დაწყებული მანდატურით და დამთავრებული დამლაგებლით, რათა ბავშვები იყვნენ დაცულები. სკოლებში უნდა იყოს ადეკვატური ვენტილაცია და სანიტარული კვანძებიც უნდა მოწესრიგდეს. სკოლებში ბავშვების რაოდენობა უნდა შემცირდეს ანუ შერეულ სწავლებაზე უნდა გადავიდეთ. კი, ძვირია, მაგრამ ბავშვის სიცოცხლეზე ძვირი, დედამიწაზე, არაფერია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე.