60 ახალი სტატია

„სექსუალური ორიენტაცია არ არის არჩევანი, ეს არის გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია“- ინტერვიუ ფსიქოლოგთან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძალადობრივი ჯგუფების აქციების და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ჩნდება კითხვა, საიდან ჩნდება ამხელა აგრესია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანებზე და როგორ ვმართოთ ის? ამ კითხვებით „ჰოთნიუსმა“ ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაიშვილს მიმართა:

 

 _ ქალბატონო ნანა, რა არის აგრესია და საიდან იღებს იგი სათავეს?

_ აგრესია, ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თავდასხმას, შეტევას, შესაბამისად, აგრესია არის მიზანმიმართული და მოტივირებული დესტრუქციული ქცევა, რომელიც ითვალისწინებს სხვა ადამიანისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგური ზიანის მიყენებას, რა დროსაც აგრესიის მიზეზად შეიძლება განვიხილოთ  ისეთი ზიანის მიყენება სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისთვის, რომელიც უკუაგდებს თავად აგრესორის ფრუსტრაციის წყაროს.  მსგავს შემთხვევაში, აგრესიის განმხორციელებლი სუბიექტი განიცდის სასიამოვნო ემოციურ განცდას და სავარაუდოდ, სწორედ ამ ემოციის მიღწევა არის აგრესიით მოტივირებული ადამიანის ქცევის მიზანი. რაც შეეხება აგრესიის გამომწვევ მიზეზებს, ისინი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა წინაპირობებით გამოწვეული და ისინი შესაძლებელია, განპირობებული იყოს ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით. ერძოდ, სხვადასხვა დაავადებებით, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობით, ნეგატიური ემოციების მოზღვავებით, ფრუსტრაციით ან მაღალი ხარისხის შფოთვით, კონფლიქტებით ან ზოგადად, კონფლიქტებისადმი მაღალი მგრძნობელობით, ძალადობრივ გარემოში ყოფნით, საზოგადოებისაგან გარიყულობით, აღზრდის სტილით, აგრეთვე სხვადასხვა სახის სუბიექტური მიზეზებით. მაგ. ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ხასიათობრივი და პიროვნული  თავისებურებები და სხვ.

რაც შეეხება აგრესიის მართვას, ბუნებრივია, ეს შესაძლებელია, თუმცა, ამას პირველ რიგში, სჭირდება ადამიანის თავისუფალი ნება და მის მიერ იმის გაცნობიერება, რომ აგრესიული ქცევა, ხშირ შემთხვევაში არსებითად უშლის ხელს ადამიანის ჯანსაღ სოციალიზაციას და ზოგად კეთილდღეობას, რადგან სიტუაციიდან გამომდინარე, აგრესიული ქცევა შეიძლება ვეღარ  დაექვემდებაროს კონტროლს და გახდეს აფექტის  წინაპირობა.

_როგორ აფასებთ იმ ყველაფერსრაც ამ დღეებში ვიხილეთიმ უმართავ პროცესებს, რაც გუშინ მოხდა? ანუ რა უნდა გაითვალისწინოს მ დროს მსგავსი აქციის ორგანიზატორმარომ სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს?

_შეფასება არის ცალსახად უარყოფითი და ვთვლი, რომ მსგავსი ქცევა არის მიუღებელი და დასაგმობი. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეიძლება უფლის, სიყვარულის და სიკეთის სახელით იძალადო სხვა ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ცალსახად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ აღმსარებლობის, ეროვნების, ორიენტაციის და ა.შ. მიუხედავად. მე, ჩემი ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, გუშინ შემეშინდა. შემეშინდა იმიტომ რომ ეს ჩემს ქალაქში, ჩემს თბილისში ხდება და იქ მყოფი თითოეული ადამიანი აღმოჩნდა სერიოზული რისკისა და განსაცდელის წინაშე, რადგან ერთ მხარეს იდგა ადამიანების ჯგუფი, რომელიც ნამდვილად იცავდა და იცავს როგორც ეროვნულ ტრადიციებს, ისე თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას, იცავდა და ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ  უფლებას, აღიარებდა კანონის უზენაესობას და მეორე მხარეს იდგა ადამიანების ჯგუფი, რომელიც არ ვიცი, რას იცავდა იმიტომ, რომ ეს არ იყო რაიმეს დაცვა. ეს იყო მკვეთრად გამოხატული აგრესია, თუმცა იმავე ადამიანებსაც ჰქონდათ ამის უფლება, თუმცა გამოხატვის ფორმა და ზომა ნამდვილად იყო არასწორი და მკვეთრად გადამეტებული. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი ფორმით, მეთოდებით და რაც მთავარია, უფლის სახელით, მსგავსი აგრესია, ნამდვილად მიუღებელია. მესმის, რომ ყველას ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო შეგნების და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს, მაგრამ მე ასე მჯერა – მე უნდა დავიცვა ჩემი უფლებები ისე, რომ არ დავარღვიო სხვისი უფლებები. ნებისმიერი სახის ძალადობა – ჩემთვის არის დანაშაული და ვთვლი, რომ მსგავსი ქცევა ნამდვილად უნდა იყოს დასჯადი, თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნულ ქმედებას, სამომავლოდ ჰქონდეს პრევენციული ხასიათი. რაც შეეხება ზღვარგადასულ სიძულვილს, ეს, პირველ რიგში, თავად ამ სიძულვილის მატარებელ ადამიანს აზარალებს და შემდეგ იმ სოციუმს, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს და საქმიანობს.  სიძულვილი კი, ვისაც და რასაც არ უნდა ეხებოდეს,  ნამდვილად სირცხვილია!

რაც შეეხება მსგავსი აქციების ორგანიზების პროცესს, რა თქმა უნდა, იქ არ უნდა დაშავდეს არც ერთი ადამიანი, რომელ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს იგი. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ადამიანების არგუმენტირებული პროტესტის მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი ინციდენტების გარეშე, ვიდრე ის, რომ ისინი ექვემდებარებოდნენ იმ ადამიანებს, ვინც მათ ძალადობისკენ მოუწოდებს.

 _ რატომ უჩნდებათ აგრესია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ?

_„ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის“ მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია გამოხატავს „პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდას, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და იმ ჯგუფის მიკუთვნებულობაზე, რომლის წევრებიც ამ ემოციებს იზიარებენ“. აქვე მოგახსენებთ, რომ სექსუალური ორიენტაცია არა არის არჩევანი. არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი ერთი მიზეზი, არამედ კვლევების თანახმად, ეს არის გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია და ისინი ითვალისწინებენ  ბიოლოგიაზე დაფუძნებულ თეორიებს, რომლებიც გენეტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე მიუთითებენ. სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა.

ტერმინი „ჰომოფობია“ პირველად  გამოჩნდა 1972 წელს, ამერიკელი ფსიქიატრის ჯონ ვეინბერგის წიგნში „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“, რომლითაც ავტორმა აღნიშნა ის შიში, რომელსაც განიცდიან ადამიანები  ჰომოსექსუალებთან კონტაქტისას. მოგვიანებით ტერმინი დაიხვეწა 2006 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ევროპაში ჰომოფობიის შესახებ“, სადაც ნათქვამია, რომ ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს LGBTQI თემის მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.  მაგ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ „არანაირი ჰომოფობია არ მაქვს, მე მათი არ მეშინია, უბრალოდ მაღიზიანებენ“, –  ეს შეიძლება ჩაითვალოს ჰომოფობიის გამოვლინებად. ამავე დროს, ჰომოფობია უნდა განვასხვავოთ ჰომონეგატივიზმისგან, როდესაც ადამიანი უბრალოდ შორდება და ემიჯნება  ერთსქესიანი ურთიერთობების თემას, თუმცა,  პირადად მას  არაფერი აქვს მათთან საწინააღმდეგო.

რაც შეეხება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი აგრესიას, ხშირ შემთხვევაში, მისი წინაპირობა ხდება  ზოგიერთი ადამიანის ქცევა, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს თავის ცხოვრების წესის აფიშირებასა და პროპაგანდას, ირონიითა და სარკაზმით საუბრობს ტრადიციულ ურთიერთობებზე და ეროვნულ ღირებულებებზე, ცინიზმით საუბრობს რელიგიურ ფასეულობებზე, ახდენს სხვა ადამიანების დაინტერესებას და ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ ორინტაციისათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ. მე, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ვმუშაობ ამ ადამიანებთან(ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, თუმცა ვმუშაობ) და მათ უმეტესობას, ხშირ შემთხვევაში აქვს იდენტობისა და იმ ორიენტაციის აღიარების შიში, რომელსაც საკუთარ თავთანაც კი დიდი სიფრთხილით აღიარებენ, რომ დიახ, ეს ასეა, ისინი ნამდვილად განსხვავებულები არიან. აქვე გეტყვით, რომ ჩემი ღრმა რწმენით და პრაქტიკიდან გამომდინარე, მგონია რომ სწორედ ბიოლოგიური თვალსაზრისით განპირობებული განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ნაკლებად გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მიტინგებსა თუ პრაიდებზე სიარულს, რადგან ვიცი რომ მათ ჰყავთ თავიანთი პარტნიორები, აქვთ პროფესია და აქვთ საკუთარი ცხოვრების წესი და შესაბამისად, არც სჭირდებათ თავის დაცვა. ისინი არასოდეს დასცინიან სხვებს და არ ცდილობენ ტრადიციული ღირებულებებისა თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

და ბოლოს, მინდა მჯეროდეს და ღრმად მწამს, რომ ადამიანებს გვეყოფა კეთილგონიერება და განსხვავებული ორიენტაციის გამო, არ ჩავქოლავთ, არ გავწირავთ და არ გავრიყავთ ამ ადამიანებს, ვინაიდან ორიენტაცია არ არის არც არჩევანი და არც ცხოვრების წესი. ეს არის თანდაყოლილი თავისებურება, რომელიც განპირობებულია ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით. აქვე ვიტყვი, რომ მწამს და მჯერა, რომ ვიპოვით და ვივლით სწორედ იმ გზით, რომელსაც ჰქვია ჭეშმარიტი ქრისტესმიერი სიყვარულის გზა! სიყვარულის, სიკეთის და არა სიძულვილის გზა!  დავესესხები ცნობილ ამერიკელ  ასტრონავტ  ნილ არმსტრონგს, რომელიც  წერდა: „როდესაც მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას, დავინახე პატარა ცისფერი ბუშტი, ყოველგვარი ნაციონალობის და მოქალაქეობის გარეშე. მე ავტირდი, რადგან ვიგრძენი ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი, სადაც ჩვენ,  სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები    ერთმანეთის  აუტანლობით ვიძირებით გამუდმებულ  ომებში“.  

 ავტორი - სალომე ნოზაძე