განათლების საერთაშორისო ცენტრის „გრეხები“

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტორების სკანდალური ვერდიქტი - რატომ ვერ მოახერხა დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-მა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება

შავ-ბნელი 90-იანების ბოლოს, როცა ქვეყანა გრაფიკით განათდა, თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი ინვესტორებიც ალაგ-ალაგ გამოჩნდნენ და ნაომარი ქვეყნის ეკონომიკაც მძიმედ, მაგრამ მაინც დაიძრა, დასაქმებისთვის კი ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა უმთავრეს კრიტერიუმად ითვლებოდა. თითზე ჩამოსათვლელი ინვესტორებისა და თითო-ოროლა კერძო კომპანიის ფონზე, მართლაც, ერთეულები ახერხებდნენ, რომ განათლება უცხოეთში მიეღოთ. კარგია, რომ დღეს, უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრება არათუ შესაძლებელი, არამედ, ხელმისაწვდომიცაა და ამას კორონავირუსმაც კი ვერ შეუშალა ხელი - ონლაინ-კურსები „ზუმში“ ჩვეულებრივ ამბად იქცა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობით დაინტერესდა.

ანგარიში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, 2016-2019 წლებს მოიცავს. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ადამიანური რესურსების განვითარებისთვის აუცილებელია კარგი განათლება და უნარების განვითარება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, წარმატების მისაღწევად, განათლების სისტემას სჭირდება ძალისხმევის გაგრძელება ცოდნის გაღრმავების გასაძლიერებლად, აკადემიური პერსონალისა და კადრების, ასევე, სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის. ამ მიზნით, 2014 წელს, „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ შეიქმნა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფს სისტემაში არსებული მექანიზმები საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობასა და მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზებას. იმის მიუხედავად, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღება სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტია და ამ მიზნით, სპეციალური სსიპ-იც კი შეიქმნა, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთან, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში. მეტიც, განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

 

ძირითადი დარღვევები

სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აქედან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.

„2014-2019 წლებში, ცენტრმა 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პერიოდშ, პროგრამის ბიუჯეტი 33 456 451 ლარი იყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ცენტრის მიერ სათანადოდ არ განხორციელებულა მიღწეული შედეგების კვლევა და ანალიზი. კერძოდ, არ არის სრულად შეფასებული დასახული მიზნების მიღწევის პროგრესი – არის თუ არა საზღვარგარეთ მიღებული განათლება ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ „განათლების საერთაშორისო ცენტრს“ არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისია თითოეული ქვეყნისთვის ამტკიცებს ზღვრულ ოდენობას, თუმცა არ არსებობს კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მეტიც, განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და ერიოდში, სხვადასხვა სტუდენტზე ამ მიზნით გაცემული დაფინანსება. მაგალითად, ესპანეთში, კანადაში, ინგლისში, სტუდენტები 8 000 აშშ დოლარით დააფინანსეს.

„ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები. კერძოდ, ცენტრს ეფექტიანობის შეფასების მიზნით არ ჩაუტარებია სათანადო კვლევა და ანალიზი. ამასთანავე, სამინისტროს არ შეუსწავლია ცენტრის საქმიანობა გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი ხარჯვისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების დასადგენად, ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით“.

ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-მა, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება ვერ მოახერხა, რაც სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, პროგრამის ძირითად მიზანს ეწინააღმდეგება.

 

ხარვეზები პროგრამების დაგეგმვაში

ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სტუდენტთა დაფინანსება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც მომავალში, ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათი ცოდნის რეალიზებას, ასევე, აღნიშნული დარგების განვითარებას ქვეყანაში. ცენტრის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამები ითვალისწინებს გრანტის გაცემას პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. 2014-2015 წლებში, ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით იყო დამტკიცებული, ხოლო მომდევნო წლებში, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებებით, დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამებში გაითვალისწინეს.

„ცენტრის დირექტორის ბრძანებით, 2019-2020 სასწავლო წლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებისთვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები, დარგთაშორისი მიმართულებები და სპეციალობები: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. 2016 წლამდე, პრიორიტეტულ მიმართულებებად არ იყო განსაზღვრული არქიტექტურა და საჯარო მმართველობა, ხოლო მენეჯმენტის ნაცვლად, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა ფინანსდებოდა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2019-2020 წლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, სულ 39 სტიპენდიანტი დაფინანსდა, რაც ასე გადანაწილდა: 2018 წელს, ცენტრმა საჭირო კადრების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, წერილი გაუგზავნა 12 სხვადასხვა სამინისტროს. აქედან 7 სამინისტროს პასუხების მიხედვით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ადამიანური რესურსის საჭიროებაზე დგას ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო და აგრარული მიმართულებებით. ამ სპეციალობებს უკვე ფარავდა ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები, თუმცა მიუხედავად გამოკითხვის შედეგებისა, დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობის განსაზღვრის დროს, ამ პროფესიის კონკურსანტებისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებიათ.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ მიმართულებებზე, ბენეფიციართა მიმართვიანობა დაბალია. სამინისტროებისთვის საჭირო მიმართულებებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობაც საკმაოდ დაბალია. სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ინჟინერიის მიმართულებით დაფინანსებულია სტუდენტთა მხოლოდ 5%, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე - 7%, ხოლო აგრარულ მეცნიერებებზე - 4%. სადოქტორო პროგრამებზე კი ამ სამი მიმართულებიდან დაფინანსებულია მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 14%“.

 

ხარვეზები საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრაში

სწავლის ღირებულების დაფინანსების გარდა, „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ საკუთარ ბენეფიციარებს, საზღვარგარეთ საცხოვრებლად საჭირო შესაბამისი თანხებითაც უზრუნველყოფს.

„2014-2015 წლებში, ქვეყნების მიხედვით, საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობები არ დაუდგენიათ. მათი განსაზღვრა ხდებოდა ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით და განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. 2016 წლიდან, კომისიის სხდომის ოქმებში აღნიშნულია, რომ კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი, სწავლის პერიოდში, საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად გაცილებით დიდი ოდენობის თანხას ითხოვდა, ვიდრე რეალურად სჭირდებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო, რომ საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა, თითოეული ქვეყნისთვის, ცალკე დაედგინათ“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ კომისიას არ დაუსაბუთებია, როგორია თითოეულ ქვეყანაში სტუდენტური ცხოვრებისთვის საჭირო მინიმალური ხარჯები და რა სახის კალკულაციებს ეფუძნება მათ მიერ განსაზღვრული ოდენობები, სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. ამასთან, 2016 წლიდან, მოცემული ზღვრული ოდენობები უცვლელია და არ არის გათვალისწინებული მიმდინარე პერიოდში, სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის ცვლილება. მაგალითად, 2014 წელს აშშ-ში საცხოვრებელი თანხა კონკრეტულ ბენეფიციარებზე განისაზღვრა 14 000 აშშ დოლარით, ხოლო 2016 წლიდან, ზღვრული ოდენობა შეადგენს 12 000 დოლარს. გარდა ამისა, ზღვრული ნორმების ოდენობა ერთი და იგივეა ათი, სხვადასხვა ქვეყნისთვის.