104 ახალი სტატია

ახალი სკანდალური დარღვევები C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა დასკვნა დადო სახელმწიფო აუდიტმა და რას ედავებიან საუნივერსიტეტო კლინიკას 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სფეროს ჩაუჯდა. უწყებამ ამ მიმართულებით საკმაოდ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო აუდიტორები ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკით (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) დაინტერესდნენ. ესაა 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგად გაირკვა, რომ კლინიკა სახელმწიფო შესყიდვებს საკმაოდ სერიოული დარღვევებით ატარებდა. გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამასა და დებიტორულ დავალიანებებშიც.  

 დარღვევები შესყიდვებში

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. 2015 წლამდე, მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „საწარმოთა მართვის სააგენტო“ მართავდა, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან, პარტნიორის უფლებამოსილება გადაეცა ს/ს „საპარტნიორო ფონდს“. 2017 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ მართავს, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიაა.  

ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, ხოლო ხელმძღვანელობა ხორციელდება დირექტორის მიერ ერთპიროვნულად, კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად. კომპანია სამედიცინო პროფილის ლიცენზირებული საწარმოა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სტაციონარული, ამბულატორიული, პოლიკლინიკური, გადაუდებელი, დიაგნოსტიკური, პროფილაქტიკური, საექსპერტიზო და სარეაბილიტაციო მომსახურებები.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015-2017 წლებში, ამ კლინიკამ 37 222 108 ლარის ღირებულების 1 272 ერთეული შესყიდვა განახორციელა. აქედან ტენდერით შესყიდვების მოცულობა 96.5%, ხოლო დანარჩენი _ გამარტივებული შესყიდვები იყო. აუდიტის ჯგუფმა 21 732 807 ლარის ღირებულების 131 ელექტრონული ტენდერი შერჩევით შეისწავლა და ისეთი ხარვეზები გამოავლინა, როგორებიცაა: შესყიდვების დაგეგმვა; ბაზრის კვლევა (მათ შორის, წარუმატებელი ტენდერები); კონკურენცია; ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება; შემსყიდველის პირობების გაუარესება და ტენდერების ორგანიზება; ინტერესთა კონფლიქტი.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შესყიდვების გეგმებით განსაზღვრული მოცულობები კლინიკის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამებიდა, რის გამოც ტენდერები ცხადდებოდა საქონლისა და მომსახურების საჭიროზე მეტი რაოდენობების მოთხოვნით. შესაბამისად, ფაქტობრივი ათვისებები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელშეკრულებო ღირებულებებს. კერძოდ, აუდიტორების შესწავლილ 131 ტენდერში, სახელშეკრულებო ღირებულებების საშუალო ფაქტობრივი ათვისება მხოლოდ 48% იყო. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს კლინიკაში შესყიდვების დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებებსა და კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე.

მეტიც, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შესყიდვების ინდივიდუალური დაგეგმვისას, კლინიკა სათანადოდ არ ახორციელებდა ბაზრის კვლევას, რაც დაბალ კონკურენციას და ტენდერების უშედეგოდ დასრულებას იწვევდა. მეტიც, სწორედ ეს ხარვეზები ქმნიდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასად შესყიდვის რისკს.

„კლინიკამ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, დაზუსტების ეტაპზე, არსებითად შეცვლილი სატენდერო წინადადებების გამო, პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია არ განახორციელა და ჯამში, 469 538 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. მეტიც, სატენდერო პირობების დარღვევით, კლინიკამ ხუთ შემთხვევაში, კონტრაქტორებს ჯამურად 50 833 ლარით გაუზარდა ხელშეკრულების ღირებულება.

სატენდერო დოკუმენტაციაში მიწოდების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის არარსებობამ კი კონკურენცია შეზღუდა. ამასთან, კლინიკამ ორ შემთხვევაში ისე გამოაცხადა გამარჯვებულად ერთი პრეტენდენტი, რომ წარდგენილი წინადადების შესაბამისობა სატენდერო პირობებთან დადგენილი არ ჰქონია. ყოველივე ეს, სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს ზრდის“, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, საუნივერსიტეტო კლინიკამ ექოსკოპიის ერთი აპარატის შესაძენად, 10 ტენდერი ჩაატარა, რის გამოც შესყიდვის პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ტენდერების პარალელურად, ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში კლინიკამ 75 908 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, ექოსკოპიის აპარატით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, კლინიკამ პირდაპირ გააფორმა იჯარის ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან, რომლის დირექტორსა და კლინიკის დირექტორს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიკვეთა. ეს კი საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევა და უკანონობაა.

„კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვა-შერჩევა-შეფასებაში. მათ შორის, ოთხ ტენდერში, გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რამაც არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი წარმოქმნა. ამასთან, აღნიშნული შემთხვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და კლინიკის იმჟამინდელი დირექტორის დაჯარიმებას ითვალისწინებდა, თითოეულ შემთხვევაზე _ 1 500 ლარის ოდენობით“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, საუნივერსიტეტო კლინიკა, სსიპ „სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს“ რეგულარულად არ აწვდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ. არადა, ეს უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რის გამოც კლინიკის ხელმძღვანელი 1 500 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო.

 C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. 2016-2017 წლებში, ამ პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩაერთო 354 პაციენტი, რომლებიც უფასოდ იღებდნენ ახალი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტებს _ „ჰარვონს“, „სოვალდის“, „პეგილირებულ ინტერფერონსა“ და „რიბავირინს“. პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს ნაწილობრივ უფინანსდებოდა მკურნალობის წინა სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევები.

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მედიკამენტებს კლინიკას აწოდებს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“.  C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისა და სააგენტოს ბრძანების თანახმად, კლინიკამ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით, დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და სააგენტოს ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები კლინიკის ფინანსურ ანგარიშგებაში „აქტივების“ მუხლზე არ აისახება. ამ პრეპარატების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი არ იყო დამოწმებული სააგენტოს ბეჭდით. ჟურნალი, რომლის ფორმაც შემუშავებულია სააგენტოს მიერ, მოიცავს მხოლოდ მედიკამენტების პაციენტებზე გაცემის მაჩვენებლებს. პრეპარატის კლინიკაში მიღების მაჩვენებლები ჟურნალში არ ფიქსირდება“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, იმის გამო, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ბეჭდით არ იყო დამოწმებული, შესაძლოა, ამას ჟურნალებში დაფიქსირებული ინფორმაციის არასანქცირებული შეცვლა მოჰყოლოდა.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ანტივირუსული მედიკამენტები ერთი ბოთლის (28 აბი) ოდენობით გაიცეს, რომელიც ადგილზე უნდა გაიხსნას და პირველი აბი პაციენტმა სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, კამერის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღოს. პროგრამის თანახმად, მკურნალობის პროცესში, ყოველი მეორე კვირის ბოლოს, სავალდებულოა მედიკამენტის ბოთლის წარდგენა და კამერის წინ ბოთლის, ბარკოდისა და ბოთლში მედიკამენტის დარჩენილი რაოდენობის დაფიქსირება. მკურნალობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, მედიკამენტის გაცემის აღნიშნული წესი იცვლება და მომდევნო ბოთლის მიღებამდე, მედიკამენტები უნდა გაიცეს ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალისა და ვიდეოკამერის მეთვალყურეობით (DOT პრინციპი). ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სახელმწიფო პროგრამის ამ ნაწილში:

„შერჩეულ 37 პაციენტზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ 36 შემთხვევაში, 14-მა პაციენტმა მკურნალობის რეჟიმი დაარღვია. მათ მიმართ უნდა ამოქმედებულიყო მედიკამენტების DOT პრინციპით გაცემის წესი, რაც კლინიკის C ჰეპატიტის ელიმინაციის ცენტრს არ განუხორციელებია. ამ პრინციპის დარღვევით, სულ 1008 აბი მედიკამენტი „ჰარვონი“ გაიცა. აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში, მედიკამენტების გაცემის DOT პრინციპი სხვადასხვა დარღვევისათვის გამოყენებულ იქნა სამი პაციენტის მიმართ და ისიც პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაუცველად. კერძოდ, ყოველდღიურად თითო აბის ნაცვლად, რამდენიმე დღის კუთვნილ აბს ერთდროულად გასცემდნენ. პროგრამის მიხედვით, აუცილებელია, რომ DOT პრინციპით მედიკამენტების გაცემა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ბოთლის წაღებისას, პაციენტი ცარიელ ბოთლს არ წარადგენს. კლინიკაში ცარიელი ბოთლების ჩაბარება დოკუმენტურად არ  დასტურდებოდა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 36 შემთხვევაში, 14-მა პაციენტმა კლინიკიდან მედიკამენტების მიღების პროგრამით დადგენილი წესები დაარღვია, რის გამოც ამ პაციენტებისთვის მედიკამენტები განსხვავებული მეთოდით უნდა გაეცათ, რაც კლინიკას არ განუხორციელებია. აუდიტორების მტკიცებით, მსგავს შემთხვევებში, პაციენტის მხრიდან მედიკამენტების არამიზნობრივად გახარჯვის რისკი იზრდება.

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის თანახმად, პაციენტის გარდაცვალების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, მედიკამენტები ექვემდებარება მიმწოდებელ დაწესებულებაში დაბრუნებას. ჩვენთვის წარდგენილი ინფორმაციით, მკურნალობის პერიოდში, სამი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტების გაუხარჯავი აბების დასაბრუნებლად კლინიკას ქმედებები არ განუხორციელებია. ამასთან, მკურნალობა შეწყვიტა ხუთმა პაციენტმა, რომელთაგანაც ორმა გაუხარჯავი აბები არ დააბრუნა, ხოლო მიღებული განმარტების მიხედვით, დანარჩენმა სამმა პაციენტმა კლინიკას 49 აბი „ჰარვონი“ დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური დოკუმენტებით, მკურნალობის შეწყვეტის თარიღი ვერ დასტურდება, მეტიც, აბების დაბრუნების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტებიც არ გაფორმებულა. დაბრუნებული მედიკამენტების არსებობაზე შედგენილია მხოლოდ პროგრამის მენეჯერის, მკურნალი ექიმისა და მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი აქტები“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ პაციენტის გარდაცვალების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მედიკამენტების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაბრუნების მოთხოვნის შეუსრულებლობა, ან თუნდაც არასათანადოდ შესრულება, რაც ხუთ შემთხვევაში დაფიქსირდა, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენების რისკს ქმნის.

 ხარვეზები დებიტორულ დავალიანებებში

სახელმწიფო აუდიტორებმა ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბუღალტერიაში დაშვებული უხეში შეცდომებიც გამოავლინეს. ზოგადად, ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია, რომ ორგანიზაციამ საკუთარი აქტივები, ინფორმაცია და სხვა რესურსები დაკარგვისგან დაიცვას. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შემთხვევაში, ამგვარი დაცვა გულისხმობს სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ კლინიკის მოთხოვნების ინვენტარიზაციას, სრულყოფილი, დროული და განახლებადი ინფორმაციის ფლობას და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტია კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი. ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია სახელით, გვარითა და პირადი ნომრით, ხოლო იურიდიული პირის _ სახელწოდებითა და საიდენტიფიკაციო ნომრით. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმო, ორგანიზაცია სამეურნეო წლის ბოლოს უნდა ატარებდეს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ ნაწილში:

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკის მოთხოვნები სხვა სუბიექტების მიმართ, 24 020 027 ლარი იყო. აუდიტის ჯგუფმა დებიტორული დავალიანებების სრული რეესტრი მოითხოვა, თუმცა წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2015-2017 წლებში, დებიტორული დავალიანების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და არც სათანადო რეესტრი მუშავდება. შესაბამისად, დეტალურად ჩაშლილი ინფორმაცია კონკრეტული დებიტორების ჭრილში, კლინიკას არ წარუდგენია“.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა ისიც, რომ კლინიკამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში მიმართა სასამართლოს დებიტორების წინააღმდეგ დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. დარჩენილი მოთხოვნების უმეტესობასთან დაკავშირებით, ორგანიზაციიდან მიღებული განმარტების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ვადები უკვე გასული იყო. არასრული ინფორმაციის გამო, აუდიტის პროცედურებითაც კი ვერ დადგინდა, 24 020 027 ლარიდან, რა თანხას შეადგენდა ვადაგასული დებიტორული დავალიანებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის 3 აპრილს, /ს „სადაზღვეო კომპანია ალდაგსა“ და შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას“ შორის გაფორმებული შედარების აქტის შესაბამისად, კლინიკის მიერ სადაზღვევო კომპანიიდან მისაღები თანხები დაკორექტირდა და შემცირდა ჯამურად − 972 465 ლარის ოდენობით. კლინიკის ხელმძღვანელობამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა აღიარების და კორექტირების ინდივიდუალური აქტები, რაც დებიტორული დავალიანების ჩამოწერის საფუძველი უნდა ყოფილიყო“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კლინიკას აუდიტის პერიოდში არ ჩაუტარებია მოთხოვნების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა დებიტორული დავალიანებების არსებობაში, სისრულესა და სიზუსტეში.

კლინიკას არ აქვს 24 020 027 ლარის ღირებულების დებიტორების სრულყოფილი რეესტრი და მისაღებ თანხებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის დებიტორების ეფექტიან მართვას. ეს მიუთითებს ორგანიზაციაში არსებულ ფინანსური მართვის მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე და დიდი ოდენობი თანხების დაკარგვის რისკებსაც ზრდის“.