122 ახალი სტატია

ჟურნალისტური გამოძიება - ძმებ ბეჟუაშვილებს თაღლითობაში ამხელენ

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თაღლითური სქემა, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს!
საქმის მასალები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თავისუფლად შეიძლება გახდეს ბეჟუაშვილების წინააღმდეგ წინასწარი გამოძიების დაწყებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. კონკრეტული კვალიფიკაცია პროკურატურის პრეროგატივა გახლავთ, მაგრამ დასაწყისშივე შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ელიტარულ კორუფციასთან, რომელიც წარმოდგენილი მასალებით, პრაქტიკულად, დასტურდება.

სჯობს მივყვეთ თანმიმდევრულად: საქმე ეხება ბეჟუაშვილების საკუთრებაში მყოფ ფირმას - შპს "ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს". იურიდიულად ამ ჰოლდინგის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმა, შპს "ჩემექსიმ ინტერნეიშენალი" გახლავთ, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მას, რეალურად, ძმები, დავით და გელა ბეჟუაშვილები აკონტროლებენ.

სხვათა შორის, ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაშია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 30%, "პირველი სტერეოს" 29% და "მზის" 45%. ეს ისე, ინფორმაციისთვის...

ტელევიზიების გარდა, ბეჟუაშვილების ფირმა არაერთ კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს და, შესაბამისად, არაერთ ბიზნესს აკონტროლებს. ერთ-ერთი ასეთი ფირმა შპს "აჭარინვესტია", რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ზღვის სანაპირო ზოლიდან 150 მეტრში ფლობდა 18 800 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მშენებარე შენობა-ნაგებობებს...(ე.წ. ლუჟკოვის სასახლე).

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2007 წლის 12 თებერვალს შპს "აჭარინვესტსა" და მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენს გიორგი ვადაჭკორიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების დეტალებითა და მასში განხორციელებული ცვლილებების განხილვით თავი რომ არ შეგაწყინოთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ "აჭარინვესტი" ვადაჭკორიასგან 14%-იანი წლიური სარგებლით იღებდა სესხს, 2 მლნ 750 ათას აშშ დოლარს, რომელიც შემდეგი გრაფიკით უნდა გადაეხადა - 2007 წლის 31 ოქტომბრამდე 900 ათასი დოლარი, 30 ნოემბრამდე ასევე 900 ათასი დოლარი და 15 დეკემბრამდე 950 ათასი დოლარი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შპს "აჭარინვესტის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბეჟუაშვილების მფლობელობაში მყოფი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" გახლავთ.

მართალია, "აჭარინვესტსა" და ვადაჭკორიას შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, რეალურად, ვადაჭკორიამ მის საკუთრებაში არსებული შპს "აჭარინვესტის" წილი ძმებ ბეჟუაშვილებს მიჰყიდა. უბრალოდ, თანხის გადახდის ფორმად სესხის გაფორმება და გრაფიკის გაწერა შეირჩა.

გიორგი ვადაჭკორია, ბიზნესმენი:

-მე ვიყავი შპს "აჭარინვესტის" ერთ-ერთი თანამფლობელი. არ გადაგღლით იმაზე საუბრით, თუ თავიდან ერთობლივად როგორ შევისყიდეთ ეს ობიექტი რუსი ბიზნესმენებისგან. ეს გრძელი ისტორიაა, მაგრამ საბოლოოდ, მე და დავით ბეჟუაშვილი გავხდით პარტნიორები. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ იურიდიულად ამ ფირმის მფლობელი ბეჟუაშვილები იყვნენ-მეთქი, ჩემთვის ასეთი დოკუმენტი ცნობილი არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი სერიოზული მოლაპარაკება ამ ბიზნესთან დაკავშირებით, მქონდა ბატონ დავით ბეჟუაშვილთან. ბატონი დავითი იღებდა გადაწყვეტილებებს, გასცემდა განკარგულებებს და "აჭარინვესტის" ხელმძღვანელობა მის განკარგულებებს ასრულებდა. შემდეგ, ჩემთვის მიუღებელი ფორმებით დაიწყო ბიზნესის განვითარება და გადავწყვიტე, რომ ბიზნესიდან წამოვსულიყავი.

- თქვენთვის მიუღებელ ფორმებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
-რამდენიმე ფაქტორი იყო. ჯერ ერთი, ამ პროექტის დასრულება წელიწადნახევარში შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი პარტნიორები ამას, რატომღაც აჭიანურებდნენ. მე მინდოდა, ქართველი მუშახელის დასაქმება, მათ კი თურქული კომპანიის შემოყვანა, რომლისთვისაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად დიდი თანხის გადახდას აპირებდნენ. მოკლედ, რადგანაც ასეთი წინააღმდეგობები არსებობდა, მივიღე გადაწყვეტილება, კონფლიქტის გარეშე დამეტოვებინა ჩემი წილი. ამაზე ძალიან მარტივად მივიღე თანხმობა.

- კონკრეტულად ვისგან?
- რა თქმა უნდა, დავით ბეჟუაშვილისგან, რადგან "აჭარინვესტის" დირექტორი იქ, რეალურად, არაფერს წყვეტდა. მოკლედ, მივიღე ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ, ვინაიდან, იმ პერიოდისთვის მას არ გააჩნდა ფინანსური სახსრები, გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება. გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და თანხა არ გადამიხადეს. "აჭარინვესის" ხელმძღვანელობა და იურიდიული კომპანია, რომელიც ბატონ დავით ბეჟუაშვილს ჰყავდა დაქირავებული, საერთოდ ინფორმაციასაც არ მაწვდიდა და როცა ვითხოვდი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ისინი თავს არიდებდნენ ჩემთან კონტაქტს. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. არაერთხელ მივმართე კომპანიას, და, საბოლოოდ, გადავწყვიტე მიმემართა სასამართლოსთვის.

საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ვადაჭკორიას სარჩელი და შპს "აჭარინვესტს" მის სასარგებლოდ 5 მლნ 481 ათას 772 ლარის გადახდა დააკისრა, საიდანაც 4 მლნ 712 ათას 125 ლარი ძირითადი თანხა გახლდათ, ხოლო 759 ათას 647 ლარი მასზე, 2008 წლის 15 აპრილამდე დარიცხული წლიური 14%.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სარჩელის უზრუნველყოფისათვის სასამართლომ, თავდაპირველად, შპს "აჭარინვესტის" მთლიანი ქონება დააყადაღა, მაგრამ "აჭარინვესტის" ხელმძღვანელობამ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რომ მათი ფირმის საკუთრებაში რიცხული მთლიანი ქონება 63 მლნ 832 ათას 500 აშშ დოლარის ღირებულების იყო, სასამართლომაც მთლიან ქონებაზე ყადაღა მოხსნა და სარჩელის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ამ ქონების ერთი, მცირე ნაწილი, 2000 კვადრატული მეტრი დააყადაღა.

მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, შპს "აჭარინვესტის" ხელმძღვანელობას, რეალურად კი, ძმებ ბეჟუაშვილებს ვადაჭკორიასთვის ვალის გადახდა არც უფიქრიათ. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თუმცა, სააპელაციო პალატამაც, 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა...
ბეჟუაშვილებმა საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც მათთვის კვლავ უშედეგოდ დასრულდა და 2011 წლის 13 იანვარს უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა...

სავარაუდოდ, ბეჟუაშვილებს საქმის მოგების იმედი ვერც ექნებოდათ, რადგან არსებობს სესხის ხელშეკრულება და, ფაქტია, რომ "აჭარინვესტს" ვადაჭკორიასთვის ფული არ გადაუხდია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ ეს გასაჩივრებები და სასამართლოებში საქმის განხილვა სულ სხვა მიზნისთვის სჭირდებოდათ:

2010 წლის 30 დეკემბერს, ანუ მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობდა და საქმე უზენაესში იყო გასაჩივრებული, შპს "აჭარინვესტმა" ხელშეკრულება გააფორმა შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან", რომლის მიხედვითაც, 108 ნაწილად დანაწევრებული "აჭარინვესტის" ქონება ვალის, 8 მილიონ 924 ათას 171 აშშ დოლარის სანაცვლოდ, გადაცემა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას".

საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ საიდან ქონდა "აჭარინვესტს" კორპორაციის ვალი, მანამდე რატომ დაყო მთლიანი ქონება 108 ნაწილად და რატომ გადასცა 9 მილიონამდე ვალში მთელი ქონება, რომლის ღირებულებაც, თავისივე აუდიტორული დასკვნის თანახმად, 64 მილიონ აშშ დოლარამდე იყო, მაგრამ იკვეთება ძალიან საინტერესო დეტალი: როგორც უკვე გითხარით, "აჭარინვესტის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია", ხოლო მისი დირექტორი ვასილ ძოწენიძე. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელიც, იგივე შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" გახლავთ, ხოლო მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია (ნათელა) თურნავა.

ანუ, ბეჟუაშვილების ფირმამ ქონება ვალში ჩაუთვალა ასევე ბეჟუაშვილების ფირმას... პრაქტიკულად, ესაა ინვესტორის დაჩაგვრა, ამ ხელისუფლებისთვის ჩვეული არაკანონიერი გზებით...

თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა...

მას შემდეგ, რაც შპს "აჭარინვესტმა" წააგო ყველა სასამართლო პროცესი, დავების შუალედში ფიქტიურად, ასევე ბეჟუაშვილების ფირმაზე გადააფორმა მთლიანი ქონება, გარდა ვადაჭკორიას მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონებისა, 2011 წლის 26 იანვარს, დირექტორმა ვასილ ძოწენიძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და "აჭარინვესტის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა. დანიშნა გაკოტრების მმართველი და დაიწყო საქმის წარმოება. უკვე გაკოტრებაში მყოფი "აჭარინვესტის" მეურვის, სასამართლოს მიმართ წარდგენილი მოხსენებიდან ვიგებთ, რომ ფირმას გიორგი ვადაჭკორიას გარდა, სხვა ვალებიც "აღმოაჩნდა". კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის - 2 მილიონ ლარზე მეტი, "ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელ შპს "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის"- 845 ათასი ლარი, ჩვენთვის უკვე ცნობილი შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის"- 34 ათასი ლარი, შპს ბიზნესცენტრ "საბურთალოს"- 82 ათასი ლარი, შპს აუდიტი "გურამის"-21 ათასი ლარი, შპს "ტიფლის სითის"-49 ათასი ლარი და რაც მთავარია - თავისივე დამფუძნებლის, "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის"-13 მილიონ ლარზე მეტი...

ანუ , პირდაპირ რომ ვთქვათ, ძმებმა ბეჟუაშვილებმა "აჭარინვესტს" ვალები თავისივე ფირმებზე, "ჩემექსიმ ინტერნეიშენალზე", "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა" და "ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფზე" გაუფორმეს და ამით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვადაჭკორიას ვალი არ გადაიხადონ.

უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, კანონის თანახმად, როცა ფირმა გაკოტრების პროცესშია, პირველი კმაყოფილდება სახელმწიფო, ანუ შემოსავლების სამსახური, ხოლო შემდეგ სხვა კრედიტორები. რაც მთავარია, გაკოტრების საქმეს ყველაზე მსხვილი კრედიტორი წარმართავს. ამ შემთხვევაში, ბეჟუაშვილების მაქინაციით, ეს უფლება "აჭარინვესტისვე" დამფუძნებელმა, ისევ ბეჟუაშვილების კომპანიამ მიიღო...

გამოძიების პროცესში ვერაფრით ვერ დავიკავშირდით მთავარ გმირს, დავით ბეჟუაშვილს, თუმცა, რამდენჯერმე ვესაუბრეთ და შეხვედრა ვთხოვეთ "აჭარინვესტის" დირექტორს ვასილ ძოწენიძეს. მან თავიდან კითხვების გადაგზავნა მოგვთხოვა, შემდეგ რამდენიმე დღე კავშირზე არ გამოდიოდა, ხოლო ბოლოს, პრაქტიკულად, არც ერთ ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა და ყველაფერზე, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი და იგივე წინადადებას იმეორებდა - ეს კომერციული ინფორმაციაა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებო.

სამაგიეროდ, ბეჟუაშვილების ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავენ იურისტები. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური ასეთ კომენტარს აკეთებს:

- ამ საქმიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი ჩნდება ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, კრედიტორისთვის ზიანის მომტანად ითვლება ისეთი ქმედება, თუ გადახდისუუნარობის განცხადების შეტანამდე 6 თვის განმავლობაში მოვალე ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომლითაც კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას ეშლება ხელი. ამ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ქმედება იქნა ჩადენილი...

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობისას უკანონო ქმედების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისთვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე. უფრო მეტიც - პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ქმედებებში არის თაღლითობის ნიშნებიც. კერძოდ - თაღლითობა, ეს არის სხვისი ქონების დაუფლება, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ შემთხვევაში, იკვეთება ისეთი შეთანხმების ნიშნები, რომლითაც, შესაძლოა, ორგანიზებულად ცდილობდნენ გიორგი ვადაჭკორიას ქონებას დაუფლებოდნენ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და შემდგომ სასამართლომ, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების თანახმად, პროკურატურა ვალდებულია, ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყოს წინასწარი გამოძიება ამ კონკრეტულ საქმეზე, ვინაიდან ის აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

ნათია ორველაშვილი
გაზეთი "ვერსია"

პროექტი განხორციელდა დანიური საგამოძიებო ორგანიზაციის მხარდაჭერით